შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ჩანასახის ეპოპეა: 7 მაისის შეხვედრა

ავტორი: ესმა გუმბერიძე

2018 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შედგენასთან დაკავშირებულ შეხვედრას შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტები და არასამთავრობოების წარმომადგენლებიც ვესწრებოდით. ეს მართლაც რომ „დასწრება“ იყო და არა – „მონაწილეობა“. ამ შეხვედრის შესახებ სფეროში მომუშავე აქტივისტებისგან შევიტყვე და არა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წყაროდან. ჩვენი პლატფორმის სახელით რეკომენდაციებიც დროულად გავუგზავნეთ სამინისტროს.

შეხვედრის პირველ ნაწილს იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი უძღვებოდა. თავიდანვე გამოგვიცხადეს, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უკანასკნელი შეხვედრაა ამ კანონის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. მინისტრის ოთახში ყოფნისას კანონთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ჰქონდათ მხოლოდ საჯარო სტრუქტურების (სამინისტროები, იურიდიული დახმარების სამსახური, ცესკო, სახალხო დამცველის აპარატი) წარმომადგენლებს. შეხვედრიდან გასვლამ მინისტრს იმის შესაძლებლობაც მისცა, რომ მასთან კითხვის დასმის საშუალება არავის ჰქონოდა. აბა მიმდინარე შეხვედრიდან ხომ ვერ გამოყვებოდა მას ვინმე დერეფანში, როცა მან სასწრაფოდ დატოვა შეხვედრა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისვლის აუცილებლობის გამო.

შეხვედრის დაწყებისთანავე გვაცნობეს, რომ ამ კანონის ტექსტის შემუშავებაში ჩართული იყო  შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე 150 არასამთავრობო ორგანიზაცია. ერთ-ერთი ექსპერტ, რომლის ლექციასაც ვესწრებოდი, მოყვა, რომ ჩაატარა საქართველოში მოქმედ არასამთავრობოთა სწრაფი კვლევა. იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრში დაფიქსირებულ ააიპთაგან მხოლოდ 150–ს აღმოაჩნდა მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია: ანუ, მაგალითად, ტელეფონი, რომელსაც რეალურად პასუხობდნენ, ელ-ფოსტა, სოციალური ქსელი. მხოლოდ 40 ააიპს არ აქვს წყვეტა ფინანსურ ბრუნვაში. გამოდის, რომ საქართველოში თუკი რამე არასამთავრობოა, რომელიც კონტაქტზე გამოდის, სულერთია, რა მიმართულებით მუშაობს, ჩართული იყო ამ კანონის სამუშაო ვერსიის შემუშავებაში? არც ერთი არ გამოკლებია? ან 150-ვე მეტნაკლებად აქტიური ორგანიზაცია როგორ მუშაობს შშმ პირთა უფლებებზე? და თუ ასეთი ფართო ჩართულობა მართლა იყო, ამდენ ხალხთან ცალ-ცალკე დაკავშირებას, წერას, არ ერჩივნათ გამოეცხადებინათ საჯარო კონსულტაცია?

რა აკლია შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს

ამ კანონის ტექსტი საკმაოდ ზოგადია, არ არის გაწერილი შშმ პირთა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის თანაბარი და დაბალანსებული ჩართულობის პრინციპი. არც ჩართულობის დღეს არსებული მექანიზმები (მაგალითად, მუნიციპალიტეტებთან, სახალხო დამცველთან და საქართველოს მთავრობასთან არსებული შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო საბჭოები) მათი დაკომპლექტების ძირითადი პრინციპები (მაგ. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, გამჭვირვალობა, წევრთა მონაცვლეობა; ის, რომ საბჭოში უნდა შედიოდნენ როგორც შშმ პირთათვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო დაფინანსებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები და აქტივისტები; როგორც თბილისის, ისე საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები; სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირები: უსინათლოები, სმენის არმქონე პირები, ინტელექტუალური და ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე პირები ან მათი წარმომადგენლები, მობილობის შეზღუდვის მქონე პირები, შშმ ბავშვთა მშობლები; შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო) თუ ამ საბჭოების ძირითადი მოვალეობებია მითითებული. საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით ნათქვამია მხოლოდ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს შშმ პირთათვის მათი საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე დახმარებით, თუმცა არაფერია ნათქვამი კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ზოგადად პოლიტიკის დაგეგმვისას შშმ პირთა ჩართულობის აუცილებლობის შესახებ.

არც სხვა კანონებში შესატან ცვლილებათა პაკეტი ჩაგვვარდნია აქტივისტებს ხელში. არადა აუცილებელია, რომ ახლდეს ამ  კანონის მიღებას სხვა სამართლებრივ აქტებში ცვლილებები, მაგალითად, ტექსტის გაცნობისა და ხელის მოწერის ალტერნატიული საშუალებების აღიარება (კომპიუტერით მოსმენა, პირადობით ხელმოწერის დაფიქსირება ან თითის ანაბეჭდით). ეს, სხვათა შორის, მნიშვნელოვანია არამხოლოდ უსინათლოებისთვის, არამედ ზოგიერთი სხვა კატეგორიის შშმ პირთათვისაც.

დროა, კანონმდებლობა ტექნოლოგიებს დაეწიოს და დაინახოს ტექსტის გაცნობის სხვა  გზებიც – არამხოლოდ თვალით წაკითხვა. ძირითადად ჭარბობს ფრაზები „შესაძლოა, განიხილოს შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად დროებითი ზომის სახით დასაქმების კვოტების დადგენის მიზანშეწონილობა… სახელმწიფო ხელს შეუწყობს უცხოური საუკეთესო პრაქტიკებისა და სტანდარტების გადმოტანას… ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დაგეგმვისას მხედველობაში მიიღებს შშმ პირთა საჭიროებებს… განიხილავს.. შესაძლებლობას…“.

ამგვარი ფორმულირებები სინამდვილეში არავითარ ვალდებულებას  არ ნიშნავს. მაგალითად ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დაგეგმვისას მხედველობაში უნდა მიიღოს შშმ პირები, არ ნიშნავს, რომ სამინისტრო მართლა ვალდებულია მათ საჭიროებებზე ფული გამოყოს. მან მხოლოდ მხედველობაში უნდა მიიღოს, დაფიქრდეს, თუმცა ამ ჩანაწერის წინააღმდეგაც გამოვიდნენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. იგივე ეხება შშმ პირთა დასაქმების კვოტებს. ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ უნდა შეაფასოს კვოტების შემოღების შესაძლებლობის მიზანშეწონილობა, ნიშნავს, რომ ან შეაფასებს ან არა და რომც შეაფასოს, ან ჩათვლის მიზანშეწონილად ან – არა. ეკონომიკის სამინისტროს მაინც ჰქონდა ამის საწინააღმდეგო პოზიცია. იუსტიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წაქაძემ ეს ღია ტექსტით განუმარტა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მიერ დასმული კითხვის პასუხად თეა წულუკიანი შეტევაზე გადავიდა, სახალხო დამცველმა ვინ უნდა აკრიტიკოს შშმ პირთა უფლებების არდაცვაზე, როცა მისი ოფისის შენობა მიუწვდომელიაო. ხო მაგრამ შენობებს ფლობს აღმასრულებელი ხელისუფლება, ფინანსების განაწილების კომპეტენცია კი პარლამენტს აქვს. სახალხო დამცველმა დამოუკიდებლად როგორ უნდა მოაგვაროს შენობის საკითხი, თუ მთავრობისგან ხელშეწყობა არ ექნა. სახალხო დამცველისთვის ოფისის მიუწვდომლობისა და საშიშ მდგომარეობაში ყოფნის დაბრალება ძალიან უსამართლო მომეჩვენა.

სახელმწიფო სტრუქტურებმა სთხოვეს გაეროს განვითარების პროგრამას, დაეთვალათ ამ კანონის მიღების ფინანსური ეფექტები – რამხელა იქნება კანონის მიღების შედეგად სახელმწიფო დანახარჯები შშმ პირებზე, რამდენით გაიზრდება ეს დანახარჯები? რამდენად დაიტვირთება კერძო სექტორი? რამდენად გაუმჯობესდება შშმ პირთა ფინანსური მდგომარეობა… ძნელია დათვალო, რამდენი ჯდება „დაფიქრება“, „მხედველობაში მიღება“.

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ბიზნესის ყველა დაინტერესებული წარმომადგენლისთვის ამ საკანონმდებლო წინადადების გაცნობა ვერ შეძლეს. მე ვთხოვე მინისტრს გაასაჯაროვოს კანონის სამუშაო ვერსია და ყველა დაინტერესებული მხარე მარტივად შეძლებს მის გაცნობას. ამაზეც უარი მივიღე.


ავტორის შესახებ

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.