4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლეს: სამუდამო პატიმრობას მომისჯით?

4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ საირახონ მირბობოიევას მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობაში დარჩენა თავად ბრალდებულმაც ითხოვა.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული მიმდინარე წლის 11 მაისიდან ცხოვრობს ბათუმში. ის უზბეკეთიდანაა და აეროპორტის დასახლებაში უზბეკ ნათესავთან ერთად ცხოვრობდა. მოკლული ბავშვი სწორედ ამ ნათესავის შვილია.

ბავშვის დედა თურქეთში აპირებდა გადასვლას და რამდენიმე დღეში უკან დაბრუნებას. 4 წლის გოგოსთვის კი ბრალდებულს უნდა მოევლო.

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ბავშვის დედას დეპორტი გაუკეთეს – ის უზბეკეთში იძულებით დააბრუნეს. საკითხის გარკვევამდე ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება ბრალდებულმა აიღო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბავშვი 13 ივნისს, საღამოს 10 საათიდან 12 საათამდე მოკლა ბრალდებულმა “სხეულზე მრავლობითი დაზიანების მიყენებით”.

იმავე ღამით ბრალდებულმა მოკლული ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში დატოვა.

“ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელით თავისუფლების აღკვეთა 13-დან 17 წლამდე ან უვადოდ,” – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა, რომელმაც დღეს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა.

ბრალდებულმა მხოლოდ ერთი შეკითხვით მიმართა მოსამართლეს:

“მაინტერესებს, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მომისაჯოთ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ვიცი, დამნაშავე ვარ,”- თქვა მან.

მოსამართლემ განმარტა, რომ დღეს ბრალეულობის საკითხი არ განიხილებოდა.

ბრალდებულს სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი, ლაშა რომანაძე იცავს. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებული პატიმრობაში დარჩენას ითხოვს.

“გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობს ბავშვის დედის მხრიდან ბრალდებულთან დაპირისპირების საფრთხე,” – აღნიშნა ადვოკატმა.

ბრალდებულს აღიარებითი ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია. ადვოკატის თქმით, იგი ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი