კულტურა,სიახლეები

მასკარონები და ატლანტები ბათუმის შენობებზე [ფოტო]

18.06.2018 • 7034
მასკარონები და ატლანტები ბათუმის შენობებზე [ფოტო]

ბათუმის ქუჩების თვალიერებისას  შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი ძველი შენობის ფასადიდან ადამიანების სახეებისა და ზოგჯერ ცხოველების თავის მქონე დეკორატიული ელემენტები გიცქერთ, ეს მასკარონები და ატლანტებია.

“სულ თავიდან მასკარონების ფუნქცია ავი სულების შეშინება იყო და მიიჩნეოდა, რომ შენობებზე გამოსახული ეს სახეები შენობებს დაიცავდა ავი სულების შესვლისგან. ტერმინი მასკარონი მე-17 საუკუნეში გამოიყენეს… მასკარონები გროტესკული გამოსახულებებია, რომელიც რაიმე ან ვინმე არარეალურის რეპრეზენტაციაა, და გამოიყენებოდა კარებზე, გროტებსა და შადრევნებზე”.   წერს ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმი ლონდონში – Victoria and Albert Museum

მასკარონებს შესაძლოა ნეიტრალური, რომანტიკული ან საშიში გამომეტყველება ჰქონდეთ.

ადამიანის სახეებს ან ცხოველის თავებს, რომლებიც უკან სიბრტყივ არის ნიღაბივით ჩაჭრილი, ბათუმში ისეთ შენობებზე შეხვდებით, როგორიცაა:  ყოფილი ფოსტა, სამშობიარო სახლი, ძველი პირველი აფთიაქი და სხვა.

პირველი აფთიაქის შენობა/ აბაშიძის 36

პირველი აფთიაქი – დღემდე ასე უწოდებენ მემედ აბაშიძის გამზირზე #34-ში მდებარე შენობას, რომელიც ბათუმში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შენობაში თავიდანვე ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“. ამ აფთიაქს მოიხსენიებს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“. ჰამსუნი ბათუმში 1899 წელს ჩამოსულა, მწერალი ავად გამხდარა, ამიტომაც დასჭირვებია აფთიაქი. აბაშიძის ქუჩას XX საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირი ერქვა.

ყოფილი ფოსტის შენობა

ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ნაგებობა ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის კუთხეში მდებარეობს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული, იტალიური რენესანსის და ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი ძველი ფოსტის შენობა (თავდაპირველად – ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა).

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში. მ. აბაშიძის 25

 

სახლი მემედ აბაშიძის ქუჩის 42 ნომერში

სამშობიარო სახლი/ რუსთაველის 39

 

საცხოვრებელი სახლი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე

ქვის ორსართულიანი შენობა. აგებულია XIX-XX საუკუნის მიჯნაზე. შენობა გამოირჩევა დეკორის სიუხვით. რენესანსულ-ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი მთავარი ფასადი ქუჩის პირზე გამოდის.

სახლი ატლანტებით, ახლანდელი მთავრობის სახლი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N9

ქვის სამსართულიანი შენობა კუთხის ნაგებობას წარმოადგენს. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს. აგებულია  მე-19  საუკუნის   ბოლოს. გამოკვეთილი ტიტანები სახლს მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დაამატეს.

შენობის არქიტექტურა ეკუთვნის ცნობილ ქართველ სკულპტორს სერაფიმე პოლოლიკაშვილს.  იგი მონაწილეობდა ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ფასადის გაფორმებაში.

ოდესღაც ამ შენობის ერთ ნაწილში  განთავსებული იყო რუსეთ-ჩინეთის ბანკის ბათუმის განყოფილება, აგრეთვე აჭარის ფინანსთა სამინისტრო, მოგვიანებით – პროკურატურა.

ბონუსფოტო:

შენობა რუსთაველისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე. 21-ე საუკუნის მასკარონის მოდიფიცირებული ვერსია.

ამავე თემაზე:

ძველი ბათუმის იატაკები [ფოტო]

ძველი ბათუმის სადარბაზოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: