ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს. რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენცია წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძის თქმით, კონფერენციაზე იმსჯელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატსა და პერსპექტივებზე, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე.

“აღსანიშნავია ბოლო წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული განსაკუთრებული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ასევე ჩვენ დავიწყეთ ახალი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ევროკავშირთან პირველად შევქმენით უმაღლესი ფორმატი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. ეს არის სექტორალური თანამშრომლობის ფორმატი ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ და ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის კონფერენცია 14-15 ივნისს გაგრძელდება. ღონისძიების თემატური სამუშაო სესიების მონაწილეები იმსჯელებენ ევროპული  დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების,  ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის კონფერენცია უკვე დატოვეს საქართველოს პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს, 14 ივნისს, თბილისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერობის კანდიდატს დაასახელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან