მთავარი,სიახლეები

სააგენტომ ვაჟა-ფშაველას 13-ს შესაძლოა ძეგლის სტატუსი მოუხსნას

14.06.2018 • 2291
სააგენტომ ვაჟა-ფშაველას 13-ს შესაძლოა ძეგლის სტატუსი მოუხსნას

ვაჟა-ფშაველას 13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განიხილავს. სხდომა სააგენტოში გუშინ, 13 ივნისს, გაიმართა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.

მე-19 საუკუნეში აგებული სახლი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, 2015 წლის ნოემბერში უკანონოდ დაანგრიეს. კომპანია „სლავა 2015“ აქ ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავდა. ისტორიული მემკვიდრეობის უკანონო დემონტაჟის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენა მოითხოვა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ბოლო სხდომა ვაჟა-ფშაველას 13-ზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასული წლის 5 ივნისს გაიმართა. მაშინ „სლავა 2015“-ის წარმომადგენელმა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს უთხრა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერების საკითხს. სასამართლომ დავის განხილვა შეაჩერა, რადგან თუკი თბილისის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას 13-ს სტატუსს მოუხსნის, ბათუმის სასამართლოში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სადავო არაფერი ექნება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სლავა 2015“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. სასამართლოს უარის შემდეგ კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. ეს სააგენტო წყვეტს კონკრეტული შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, ასევე მისი მოხსნის საკითხს.

„თუ მოეხსნება სტატუსი, აღდგენაზე შემდეგ დავილაპარაკოთ,“ – ეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის უფროსმა, გიორგი გაგოშიძემ გვითხრა. მისი თქმით, სააგენტო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა ვაჟა-ფშაველას 13-ზე დეტალურ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მიიღებს. „მივიღებთ ამ დოკუმენტაციას და შემდეგ ვიმსჯელებთ. კომპანია ძეგლის სტატუსის მოხსნას ითხოვს, რა მოხდება სამართლებრივად შემდეგ, ამას იურისტი გეტყვით,“ – გვითხრა მან.

ვაჟა-ფშაველას #13, ოქტომბერი. შენობას არ აქვს სახურავი, მოხსნილია აივნის მოაჯირი, მონგრეულია შიდა კედლები.

ალექსანდრე ჩიხრაძე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტი: „თუ ძეგლის სტატუსი მოიხსნება,  პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოთხოვნაც გაუქმდება, სამართლებრივად ასეა“.

რა არგუმენტით შეიძლება იყოს ძეგლის სტატუსის მოხსნა გამართლებული, როცა სასამართლომ ამ საკითხზე უკვე იმსჯელა და ვაჟა-ფშაველას 13-ზე ძეგლის სტატუსის მოხსნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა?

„ჩვენ უნდა განვიხილოთ საკითხი, რადგან კონკრეტულმა პირმა მოგვმართა. დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ, რომ გვქონდეს სრული წარმოდგენა… ძეგლის სტატუსის გაუქმება ასე მარტივი არ არის, ეს რთული საკითხია. მე როგორც ვიცი, მანდ არის დანაშაული ჩადენილი, აღარ არის არაფერი დარჩენილი,“ – უთხრა გიორგი გაგოშიძემ „ბათუმელებს“.

ვაჟა-ფშაველას 13-ში ძეგლის დანგრევის გამო არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში. ძეგლის უკანონო დანგრევაზე დაწყებულია გამოძიებაც, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: