რკინის კონსტრუქცია ტროტუარზე

ბათუმში, გამსახურდიას #36 -ში, რესტორან „ვაინ თაუნის“ მეპატრონემ ტროტუარის ხარჯზე ღია ტერასა მოაწყო და ის რკინისმოაჯირიანი კონსტრუქციით შემოსაზღვრა. ამ შემთხვევაში ტროტუარის ათვისებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რადგან აქ მდებარე ორსართულიანი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა განთავსებული კონსტრუქციის პარამეტრები პროექტს, რომლის მიხედვითაც ნებართვა გაიცა, რადგან კონსტრუქციის მიღმა  მანძილი ვიწროა ფეხით მოსიარულეთათვის.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არქიტექტორის, ლია გელოვანის განმარტებით, რესტორანს სანებართვო პირობები არ დაურღვევია:

„ ტროტუარი არის ამხანაგობის საკუთრებაში, ხოლო მსუბუქი კონსტრუქციის გაბარიტი, რაც მოაწყო რესტორნის მეპატრონემ,  პროექტის შესაბამისია. გარდა ამისა, ფარნავაზ მეფის მხრიდან, სადაც ხეა, დამატებითი დისკომფორტი რომ არ შექმნოდათ ფეხით მოსიარულეებს, [მესაკუთრემ] თავისი ნებით შესწია კონსტრუქცია, დახრა გააკეთა ისე, რომ მეტი ადგილი დატოვა ფეხით მოსიარულეთათვის. “

როგორ შეიძლება იყოს ტროტუარზე განთავსებული გარევაჭრობა, ამას ბათუმის საკრებულოს 2011 წლის დადგენილება ადგენს, რომლის მიხედვითაც, გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის განვითარების ინტერესები: მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. საკრებულომ დაადგინა ასევე, კონკრეტულად რა საზღვრები უნდა დაიცვას მერიამ ტროტუარზე ობიექტის განთავსების ნებართვის გაცემისას.

დადგენილების მიხედვით დაუშვებელია გარევაჭრობისათვის განისაზღვროს ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან [ნაწიბურიდან] 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი [ობიექტი] განთავსდეს ბორდიურიდან [ნაწიბურიდან] 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე. გარდა ამისა, მერია უფლებამოსილია გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ნებართვის გამცემმა გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს, რომ გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის [ობიექტის] განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა.

კითხვაზე, გამსახურდიას #36 -ში ტროტუარის ათვისებასთან დაკავშირებით მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებასთან დაკავშირებულ პროექტზე გათვალისწინებულია თუ არა დადგენილი პარამეტრები, სააგენტოს არქიტექტორმა უპასუხა, რომ გათვალისწინებულია. მისივე განმარტებით, ნებართვა გაცემულია ისე, რომ ამ ქუჩაზე ხელი არ შეეშლება ორმხრივი ნაკადის მოძრაობას:

„წარმოდგენილ პროექტში ორი მეტრი და 40 სანტიმეტრი რჩება ფეხით მოსიარულეთათვის, რაც საკმაოდ კომფორტული იქნება მოძრაობისთვის,“ – განმარტა ლია გელოვანმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი