მთავარი,სიახლეები

სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13.06.2018 • 1937
სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმე და დაზარალებულის შვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი, დაპირისპირებული პირების დაკავების საშუალება დაზარალებულის ახლობლებმა არ მისცეს.

საუბარია ანზორ კონცელიძის მკვლელობის საქმეზე. იგი გასული წლის 4 ნოემბერს ჩაქვში მოკლეს. მკვლელობის საქმეზე სიმონ ავალიანია ბრალდებული. იგი ბრალს არ აღიარებს. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.

მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაქვში ზაზა ზოიძემ სავარაუდოდ თავი მოიკლა. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც მკვლელობაში ბრალდებულის – სიმონ ავალიანის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. დაღუპულის ახლობლების თქმით, ზაზა ზოიძეს ბრალდებული და მისი ახლობლები ჩვენების შეცვლას აიძულებდნენ.

დღეს, 13 ივნისს, სასამართლოს ჩვენება გოჩა ჯაფარიძემ მისცა. „მან თქვა, რომ მკვლელობის მომსწრე ის არ ყოფილა. არადა, ჩვენ ვიცით, რომ ისიც მონაწილეობდა ამ კონფლიქტში. დაპირისპირება ჩემს ძმისშვილსა და ჯაფარიძეს შორის მოხდა ჩვენების მიცემის შემდეგ,“ – გვითხრა დაზარალებულის დამ, მზია კონცელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ამ შემთხვევაზე დაკავებული არავინაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: