სიახლეები

ბათუმის აკვარიუმში თევზის ჯიში – გარრა რუფა გაამრავლეს

13.06.2018 • 3218
ბათუმის აკვარიუმში თევზის ჯიში – გარრა რუფა გაამრავლეს

ბათუმის აკვარიუმში ახალი ჯიშის თევზი – გარრა რუფა გაამრავლეს. ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით, ხელოვნურ პირობებში გარრა რუფას გამრავლება საკმაოდ რთულია, საამისოდ „მზადდება“ წყალი სპეციალური შემადგენლობით – მასში უნდა ხარობდეს 15-მდე სახეობის მცენარე.

ბათუმის აკვარიუმის თანამშრომლებმა, არსებობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, სპეციალურად გამოყოფილ აკვარიუმში რთული საფილტრაციო სისტემა დაამონტაჟეს, შეარჩიეს რამდენიმე წყვილი და ისინი ახალ საინკუბაციო სივრცეში მოათავსეს. გარრა რუფას გამრავლებას ბათუმელი აკვარიუმისტები თვეებია ელოდნენ.

გარრა რუფა (იგივე წითელი გარრა), ბუნებაში ბინადრობს თურქეთის, სირიის, ირანისა და ერაყის მდინარეებში, ტბებსა და ნაკადულებში.

“გარრა რუფას ხშირად „თევზ ქირურგს“ უწოდებენ, რადგან მათ კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ (ფსორიაზი, ეგზემა). ეს თევზი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა და აკუპუნქტურულ წერტილებს, აცილებს ბაქტერიებსა და სოკოს. მსგავსი თერაპია აქტიურად გამოიყენება სპა ცენტრებსა და კლინიკებში, სილამაზის სალონებსა და წყლის სპეციალურ აბაზანებში. ეს თევზი აცილებს ადამიანის სხეულს მკვდარ ქსოვილებს და აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს,” – წერს ბათუმის დელფინარიუმი.

ბათუმის აკვარიუმში გარრა რუფას გარდა ბინადრობენ შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100-მდე სახეობა: ზღვის კატა , ზღვის მელა, ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა უნიკალური ჯიშის თევზები. ეგზოტიკური სახეობებიდან ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და დისკუსები. ასევე, სელექციურად აკვარიუმში გამოყვანილია იაპონური კობრი (კოი).

ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. ბათუმის აკვარიუმი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ყოველწლიურად მისი სტუმარია ათეულობით ათასი ტურისტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: