განათლება,მთავარი,სიახლეები

ყიდულობენ თუ არა მასწავლებლები „პრაქტიკის კვლევას“?

13.06.2018 • 11079
ყიდულობენ თუ არა მასწავლებლები „პრაქტიკის კვლევას“?

„ერთი კითხვა მაქვს, შესაძლოა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ შეგიძლიათ დამიწეროთ კვლევა და თანხა რამდენი იქნება გადასახადი?“- ეს კითხვა ერთ-ერთმა მასწავლებელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში კოლეგებს დაუსვა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

სტატუსის ქვემოთ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები წერდნენ, რომ მსგავსი შეთავაზებები, პრაქტიკის კვლევის დაწერასთან დაკავშირებით, მათაც არაერთხელ ჰქონიათ.

ტრენერი და განათლების სპეციალისტი ანა კვიჟინაძე წერდა, რომ პრაქტიკის კვლევაზე დაკვეთა გახშირდა. „უკვე მერამდენედ… ვერავის ვერანაირი თანხის სანაცვლოდ „დათვურ სამსახურს“ ვერ გავუწევ“, -წერდა ის ფეისბუქში.

„ბათუმელები“ ანა კვიჟინაძეს დაუკავშირდა და მის პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებზე ესაუბრა. ანა გვეუბნება, რომ პედაგოგები ხშირად უკავშირდებიან და კვლევის დაწერას სთხოვენ.

„გაოგნებული ვიყავი, როდესაც სხვა პედაგოგების კომენტარებსაც ვკითხულობდი, რომ მათაც ჰქონდათ მსგავსი შემთხვევა… ჩემი ერთ-ერთი კოლეგაც მეუბნებოდა ქუთაისიდან, რომ მისმა თანამშრომლებმა იყიდეს კვლევა. როგორც ჩანს, ამის პრაქტიკა არსებობს და ამიტომაც შემომთავაზეს. ბათუმთან დაკავშირებითაც გავიგე, რომ იქედანაც იყო შემოთავაზებები პრაქტიკის კვლევის დაწერაზე,“ – გვეუბნება ანა.

ის ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა სკოლის დირექტორები და შეფასების ჯგუფის პედაგოგებიც სთხოვენ დახმარებას. „სრული ქაოსია. კარგი იქნება, თუ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ. ვფიქრობ, არ უნდა დავმალოთ“, – გვეუბნება ანა კვიჟინაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამ მიიყვანა პედაგოგები ამ მდგომარეობამდე, როცა მზად არიან იყიდონ სხვის მიერ მომზადებული ნაშრომი, ანა ამბობს, რომ ეს სისტემის ბრალია – ის საათები, რაც თუნდაც პრაქტიკის კვლევის ჩატარებისთვის არის გათვალისწინებული, არასაკმარისია.

„არაჯანსაღი კონკურენცია, არა თვითგანვითარებაზე ფიქრი, მხოლოდ კრედიტები და სტატუსი, ეს არც სახელმწიფოს არგებს“, – გვეუბნება ანა.

„ბათუმელები“ კერძო სკოლა „კანდიდის“ ხარისხის მართვის მენეჯერს, შორენა ალაგარდაშვილსაც ესაუბრა, რომელიც ასევე გამოეხმაურა ფეისბუქში გავრცელებულ სტატუსს.

„ორი შემოთავაზება მქონდა კვლევის დაწერაზე თბილისიდან, ორი რეგიონიდან. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მათთვის არ გამიწევია, რადგან მონახაზიც რომ დავწერო, ეს უკვე ჩემი ინტელექტუალური საკუთრებაა“, – გვეუბნება შორენა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ტრენინგები ბევრმა გაიარა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ ისინი დავალების შესრულებას.

„კვლევის მონახაზის გაკეთება მაინც მე მთხოვეს. მიუხედავად იმისა, რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი წამყვან მასწავლებლად დაასახელეს“.

მისი თქმით, სხვა პედაგოგის მიერ ჩატარებული პრაქტიკის კვლევა მაინც ვერ იქნება ობიექტური, რადგან მასწავლებელმა თავისივე კლასში უნდა იკვლიოს პრობლემა. „მე როგორ უნდა დავინახო  რა პრობლემა აქვს მას კლასში“, – ამბობს ალაგარდაშვილი.

მისი თქმით, ის, რომ მასწავლებლებს არ აქვთ გარკვეული აქტივობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ეს არ არის მხოლოდ მათი ბრალი, „რადგან ეს არ უსწავლიათ უნივერსიტეტებში. არც ის უსწავლიათ, როგორ დაგეგმონ თანამედროვე, ინოვაციური გაკვეთილი, ტექნოლოგიები როგორ გამოიყენოს ან თუნდაც ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება“.

შორენა ალაგარდაშვილის აზრით, კვლევის ინსტრუმენტი შექმნას რვასაათიანი ტრენინგით ვერ ასწავლი. „ამას მე უნივერსიტეტში ორი წელი ვსწავლობდი. იმის თქმა მინდა, რომ მასწავლებელს სჭირდება ინტენსიური ტრენინგი, პრაქტიკა და დრო, რომ სიახლეები აითვისოს“.

ალაგარდაშვილი სხვა ტიპის პრობლემაზეც საუბრობს. მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა დირექცია თანაბრად არ უწყობს ხელს პედაგოგებს განვითარებაში.

„გვყავდა მასწავლებელი, რომლის ყოფილმა დირექტორმა არ მოისურვა, რომ ოქმი დაეწერა და ამ ადამიანისთვის ეღიარებინა გარკვეული კრედიტები. მსგავსი და სხვა ტიპის პრობლემების გამოა, რომ სქემას არ აქვს ის შედეგი, რაც უნდა მოეტანა.

ტრენინგების უკუკავშირი და გადამოწმება ხდება ძალიან ქაოტურად, მასწავლებლები ვეღარ ეტევიან დედლაინებში და იძულებული ხდებიან, მიმართონ სხვა გზებს – პლაგიატს ან იყიდონ ნაშრომი“.

მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: