ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-მა გასასვლელი ჩაკეტა

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ი მომხმარებელს უკვე იღებს, მუშაობს ეზოში განთავსებული ღია კაფეც, სადაც მაგიდები ისეა განლაგებული, რომ მოქალაქეები შენობის მარჯვენა მხარეს არსებული გადასასვლელით ვეღარ ისარგებლებენ. მაგიდების ორ მწკრივს შორის ვიწრო ადგილზე უნდა ჩაიარო, რაც კაფეს დატვირთვის შემთხვევაში უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლაა შესაძლებელი. ეტლით მოსარგებლე კი ამ გასასვლელით სარგებლობას, სავარაუდოდ, საერთოდ ვერ შეძლებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია კომპანიას იჯარით აქვს აღებული და ნებართვა გაცემულია ღია ტერასის მოწყობაზეც.

კომპანიამ ევროპის მოედანთან 142 კვ/მ ტერიტორიის იჯარით აღებაზე ბათუმის მერიას მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. მერიამ აღნიშნული ტერიტორია კომპანიას 20 წლით იჯარით უკვე გადასცა.

იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთსა და შენობას [სადაც რესტორანი განთავსდება] შორის არსებული ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია.

რესტორნის მენეჯერის ინფორმაციით, დაწესებულება ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნიათ და ეს უახლოეს მომავალში იგეგმება. ადგილზე ვერ აკონკრეტებენ, როდის იგეგმება დაწესებულების ოფიციალური გახსნა, სათავო ოფისის ტელეფონზე კი ამ დროისთვის არავინ პასუხობს.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი