მთავარი,სიახლეები

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსიაში შეხვედრებს მართავს უსაფრთხოების საკითხებზე

13.06.2018 • 2451
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე  ბელორუსიაში შეხვედრებს მართავს უსაფრთხოების საკითხებზე

სახანძრო და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსში შეხვედრებს მართავს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლადო მგალობლიშვილი ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს გენადი ლასუტას და მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის რექტორს, ივან პოლევოდას შეხვდა.

რატომ მართავს ბელორუსში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე? – დეპუტატს „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განმარტებას თავად ლადო მგალობლიშვილი გააკეთებს ბათუმში დაბრუნების შემდეგ.

პრესსამსახურის უფროსის, ფერიდე უსტიაშვილის თქმით, „პროექტი თავად ლადო მგალობლიშვილის ინიციატივა იყო… დავით გაბაიძე ამ საკითხზე კომენტარს როგორ გააკეთებს, ლადო მგალობლიშვილის ვიზიტია“.

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლადო მგალობლიშვილის ბელორუსში ხუთდღიანი მივლინებისთვის ჯამში 1801 ლარი დაიხარჯა. დეპუტატს მგზავრობის ხარჯი თავად დაუფარავს.

უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოდან ბელორუსში წასულ ხუთკაციან დელეგაციას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის განმარტებით, დელეგაციაში სხვა დეპუტატი არ არის.

„მხარეები, შემდგომი ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან პროფესიული კოლეჯების – „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ დირექტორები. დელეგაცია მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა.

აჭარის დელეგაცია მინსკში. ფოტოები უმაღლესი საბჭოს ინტერნეტგვერდიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: