ზაფხულის სეზონზე ორი ორსართულიანი მატარებელი შეწყვილებული იმოძრავებს

„საქართველოს რკინიგზა“, ზაფხულის სეზონზე, 15 ივლისიდან, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ ორსართულიან მატარებელს შეაწყვილებს. შეწყვილებული შემადგენლობა 75 დღის განმავლობაში იმოძრავებს და ყოველდღიურად ერთ რეისს შეასრულებს.

„საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად, მკვეთრად იზრდება მოთხოვნა სარკინიგზო ტრანსპორტზე თბილისი-ბათუმი-თბილისის
მიმართულებით, განსაკუთრებით ახალ ორსართულიან GRS ტიპის ელექტრომატარებლებზე. არსებული რესურსის გათვალისწინებით, გასული წლის ზაფხულში, დღის განმავლობაში სრული დატვირთვით კურსირებდა 4 ერთეული GRS ტიპის ელექტრომატარებელი, ხოლო დღეგამოშვებით – 1 ერთეული GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მიუხედავად ამისა, არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, სრულად ვერ ხდებოდა. მგზავრთნაკადის სეზონური ზრდის ფაქტორებისა და არსებული მოძრავი შემადგენლობის პარკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია GRS ტიპის ელექტრომატარებლების შეწყვილება, რომელიც დღის განმავლობაში შეასრულებს 1 რეისს, ხოლო GRT ტიპის შემადგენლობა ნაცვლად დღეგამოშვებისა, იმოძრავებს ყოველ დღე [დღეში ერთი
რეისი]. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ყოველდღიურად დამატებით შეიქმნება 1106 ადგილი, ხოლო შემოსავალი მგზავრთა გადაყვანიდან, 75%-იანი დატვირთვის შემთხვევაში, სეზონის 75 დღეზე, გაიზრდება დაახლოებით 1,4 მლნ. ლარით“ – აცხადებს „საქართველოს რკინიგზა“.

რკინიგზაში აცხადებენ ასევე, რომ ყველაზე რთულ რელიეფზე – რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე მაისის თვის მეორე ნახევარში ტესტირება წარმატებით გაიარა შეწყვილებულმა ორსართულიანმა მოძრავმა შემადგენლობამ: „ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ GRS ტიპის ელექტრომატარებლების შეწყვილების შემთხვევაში, მისი სიგრძის გაორმაგების გამო, დღის წესრიგში დგება, დაბა ურეკში, ურეკის ვაგზლის N1 სამგზავრო ბაქნის, უკვე არსებული, რკინის კონსტრუქციებით ამაღლებული ნაწილის, ორივე დაბოლოების 50-50 მ-ით [ჯამში სიგრძე -100 მ.] დაგრძელების აუცილებლობა, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი ბაქანზე. ასევე, მასზე გასათვალისწინებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანდუსები“.

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით მათ განიხილეს გამოკითხვის შედეგად წარმოდგენილი შემოთავაზებები და სამუშაოების შესრულებისათვის ყველაზე ოპტიმალური დრო და ფასი წარმოადგინა შპს „კანო“-მ, რომელმაც აღნიშნული სამუშოების განხორციელებისათვის მოითხოვა ჯამში 160 300 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

„ურეკში ბაქნის დაგრძელების სამუშაოები აუცილებელია განხორციელდეს და დასრულდეს 2018 წლის ზაფხულის სეზონის დაწყებისათვის [15 ივლისამდე]“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა და გამარტივებულ შესყიდვას შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com