რატომ არ წავიდა თურქეთში გაზსადენის გახსნაზე პრეზიდენტი – ადმინისტრაციის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად იყო მიწვეული თურქეთში ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის ცერემონიაზე, თუმცა როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, „მისი (ანუ პრეზიდენტის) განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა წასვლა“.

პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ როცა პრეზიდენტი მიიწვიეს, „ეს საბოლოოდ დადასტურებული არ იყო“.

„ჩვენ არც გაგვივრცელებია პრესრელიზი, რომ პრეზიდენტი დაესწრებოდა ცერემონიას“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ცერემონიაზე მიწვეული რომ იყო, ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა სერენიაზგანმა გააკეთა განმარტება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  

„ეს იყო ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ არ ვიცი რატომ. საქართველო წარმოდგენილია ღონისძიებაზე ელჩის დონეზე. ეს პროექტია, რომელიც აერთიანებს თურქეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს გვსურს, ვიხილოთ ჩვენი ქართველი მეგობრები თურქეთში, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი იქ არ არიან, ჩვენ მათ სიახლოვეს ვგრძნობთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიპლომატმა.

TANAP-ის გახსნას არც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) საქართველო-თურქეთის საზღვრიდან იწყება და დასავლეთისკენ თურქეთის მთელ ტერიტორიას კვეთს. კასპიის ზღვიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სწორედ ტრანსანატოლიურ მილსადენში მოხვდება. ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივი აირის მიღების საშუალება ევროკავშირის ქვეყნებსაც ექნებათ. TANAP-ი პირველ ეტაპზე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.

ტრანსანატოლიური მილსადენის რუკა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com