მთავარი,სიახლეები

რატომ ზრდის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო თანხას ყოველწლიურად

12.06.2018 • 2132
რატომ ზრდის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო თანხას ყოველწლიურად

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს სხვადასხვა ქვეყანაში აჭარის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 5 165 000 ლარი დახარჯა, წელს ამისთვის 6 მილიონ 720 ათასი ლარია გათვალისწინებული, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, რეგიონის რეკლამირებისთვის 7 270 000 ლარი დაიხარჯება.

სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალი წელსაც თითქმის უცვლელია. სიახლე მხოლოდ ერთია –  ტურიზმის დეპარტამენტი დიდი ბრიტანეთში იწყებს სარეკლამო კამპანიას.

სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალში ისევ ლიდერობენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, – ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია, ასევე, პოლონეთი; პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსია, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი; საუდის არაბეთი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ისრაელი.

გასულ წელსაც თითქმის ანალოგიური იყო სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალი, დაემატა მხოლოდ გერმანია, სადაც ინტენსიური სარეკლამო კამპანიის წარმოება იგეგმება წელსაც.

„დასავლეთ ევროპაში ძალიან ჭირს ფეხის მოკიდება, რადგან ევროპელები ადრე გეგმავენ ხოლმე მოგზაურობას. გარდა ამისა, ნაკლებად გვიცნობენ და სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ ქვეყნებში ინტენსიური რეკლამის წარმოება.

როცა დაინახავენ, რომ მათ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში ვპოზიციონირებთ, დაინტერესდებიან და გაუჩნებათ სურვილი ჩვენი ქვეყნის გაცნობის და მოგზაურობის,“ – გვითხრა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ახალი სარეკლამო ბაზრების ათვისებას უკავშირდება სარეკლამო ხარჯების ზრდა.

„ვცდილობთ, რომ სამიზნე ბაზრები იყოს მრავალფეროვანი, არ ვიყოთ ერთ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე ორიენტირებული, ჩვენ გვინდა უფრო მეტი ევროპელი ტურისტი აჭარაში.

ამას ხელს უწყობს ისიც, რომ პირდაპირი ფრენები დაინიშნა ლონდონის მიმართულებით. გვინდა მეტი აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი რეგიონია. გოდერძის და გომარდულის თემა არის აქტიური და, შესაბამისად, თუკი მეზობელი ქვეყნების ტურისტები ბათუმს იცნობდნენ როგორც საზღვაო კურორტს, ახლა ჩვენ მათ ვთავაზობთ ახალ პროდუქტს – სამთო-სათხილამურო მიმართულებას და იმედი გვაქვს, რომ ამ თემის გაშლა იქნება მნიშვნელოვანი,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

თამარ კაიკაციშვილის ინფორმაციით, სწორედ ინტენსიური რეკლამის დამსახურებაა, ტურისტების რაოდენობის ზრდა აჭარაში. მის თქმით, თუკი 2017 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებს შევადარებთ მიმდინარე წლის ამავე პერიოდს, ბათუმის აეროპორტის დატვირთვა 61 პროცენტით არის გაზრდილი, რაც უპრეცენდენტოა აეროპორტის ისტორიაში.

„თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წელს ტურისტების ნაკადები მარტიდან დაიწყო, ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ დატვირთული ტურისტული სეზონი გვექნება.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტით არის უკვე ტურისტების რაოდენობის ზრდა რეგიონში,“ – ამბობს კაიკაციშვილი.

სამი საზღვრის – ბათუმის პორტის, აეროპორტისა და სარფის გამშვები პუნქტის მონაცემებით, 2017 წელს აჭარაში ერთი მილიონ 573 ათასი მოგზაური შემოვიდა წლის განმავლობაში. მიმდინარე წელს კი, ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტების ბევრად მეტ რაოდენობას პროგნოზირებს. „ველოდებით 10-15 პროცენტით მეტ ტურისტს შარშანდელთან შედარებით,“- ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ტურისტი აჭარაში თურქეთიდან  შემოვიდა, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ კი – ისრაელი, საიდანაც 70-პროცენტიანი ზრდაა დაფიქსირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თამარ კაიკაციშვილის თქმით, ისრაელის ბაზარი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან „მათთვის არ აქვს მაინც და მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა სეზონურობას და ისინი ადრეული გაზაფხულიდან იწყებენ შემოსვლას აჭარაში“.

პროცენტული მაჩვენებლით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა ესტონეთიდან, პოლონეთიდან და, ზოგადად, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

როგორც თამარ კაიკაციშვილი გვეუბნება, ტურიზმის დეპარტამენტის ძირითადი სტრატეგია სატელევიზიო რეკლამის წარმოებაა. „სწორედ ამიტომ ვათავსებთ რეკლამას წამყვან მედიასაშუალებებში, – დოიჩე ველეში, SNN-ში, BBC-ში და სხვა წამყვან ტელევიზიებში, რადგან ეს მედიასაშუალებები ბევრ ქვეყანას ფარავს და ამ სატელევიზიო სივრცეში აუცილებელია რეკლამის გაზრდა,“ – ამბობს კაიკაციშვილი.

გარდა სატელევიზიო რეკლამისა, ტურიზმის დეპარტამენტი საინფორმაციო ტურების გაზრდას გეგმავს.

„გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ ჩამოვიყვანოთ ტურსააგენტოები და ადგილზე მომზადდეს მასალები აჭარის შესახებ.“

მომავალი წლიდან, როგორც კაიკაციშვილი გვეუბნება, იგეგმება ევროპულ უნივერსიტეტებში ვიზიტი და სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისთვის აჭარის რეგიონის გაცნობა.

„ჩვენ პარალელურად ვეცნობით კვლევებს, თუ რა აინტერესებთ ახალგაზრდა მოგზაურებს. ისინი უფრო მეტად დაინტერესებული არიან დაცული ტერიტორიებით, სოფლად ტურიზმით, ეკოტურიზმით, სათავგადასავლო ტურიზმით და გვინდა, რომ სწორედ ამ სეგმენტს გავაცნოთ აჭარა, უფრო მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამა შევთავაზოთ და მიზანმიმართულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“.

წელს ბათუმი ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადას მასპინძლობს და ტურიზმის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ ამ და სხვა დაგეგმილი ღონისძიებების მეშვეობით აჭარაში ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი ოქტომბრის ბოლომდე მზარდი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: