მთავარი,სიახლეები

ტრეფიკინგში ბრალდებული: ალკოჰოლის დალევას ვუშლიდი და ამიტომ მიჩივლა

12.06.2018 • 1835
ტრეფიკინგში ბრალდებული: ალკოჰოლის დალევას ვუშლიდი და ამიტომ მიჩივლა

ტრეფიკინგში ბრალდებული გ.ს. დღეს, 12 ივნისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქეა. მას შემდეგ, რაც პოლიცია მისი საქმით დაინტერესდა, ის ბათუმიდან გაუჩინარდა. გ.ს. დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალციხეში დააკავეს.

ამ საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა ახალგაზრდა გოგო, რომელსაც რესტორანში მიმტანად უნდა ემუშავა. დაზარალებული გოგოს თქმით, ის გონიოში, გ.ს.-ს ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს, სადაც მას პასპორტი წაართვეს და სცემეს, შემდეგ კი სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ.

„საქმეში ძალიან ბევრი მოწმეა, ვინც ადასტურებს, რომ დაზარალებულს აიძულებდნენ სექსუალურ მომსახურებას, ხოლო სექსის სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებდა ბრალდებული. მნიშვნელოვანია, რას იტყვიან იგივე მოწმეები სასამართლოში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ თვითონ არის მსხვერპლი, რადგან დაზარალებულად მიჩნეულ გოგოს ალკოჰოლის დალევას უშლიდა და ამიტომაც უჩივლა პოლიციაში,“ – გვითხრა ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გ.ს.-ს 12-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს შესთავაზა საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, მაგრამ ბრალდებულმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: