მოქალაქეს, რომელიც პაპუაშვილს ბინას ედავებოდა, სახელმწიფო 399 ათასი ლარის ქონებას გადასცემს 

უზენაესმა სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბინაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. საქმის განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო როლანდ ბლადაძეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინას [263 კვ.მ]  სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცემს. ამ ბინის ღირებულება 399 ათასი ლარია. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას 2004 წელს ჩამოართვეს საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, როგორც დაუსაბუთებელი ქონება. ეს ბინა 2007 წელს გიორგი პაპუაშვილს გადასცეს – საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელ თავმჯდომარეს.

„უზენაესმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმებულია წინა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სახელმწიფომ აღიარა წარსულში როლანდ ბლადაძის მიმართ დაშვებული სისტემური დანაშაული,“ – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში როლანდ ბლადაძის ინტერესებს იცავდა.

იურისტის განმარტებით, როლანდ ბლადაძე ერთ თვეში მიიღებს ბინას თბილისში. ამის შემდეგ კი, როლანდ ბლადაძე უშუალოდ გიორგი პაპუაშვილთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.

„როლანდ ბლადაძე გიორგი პაპაუაშვილთან იწყებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ეხება მიღებული ალტერნატიული ფართობის გადაცემის სანაცვლოდ ბათუმში ჩამორთმეული სახლის დაბრუნების პროცესს. ჩვენ გვაქვს სრული მოლოდინი და ურთიერთგაგება იმის თაობაზე, რომ ყოფილი მოსამართლე, ბატონი გიორგი პაპუაშვილი, მოცემული შედეგების გათვალისწინებით, როლანდ ბლადაძესთან მიაღწევს მნიშვნელოვან შეთანხმებას,“ – აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.

მორიგების მიხედვით, როლანდ ბლადაძეს ასევე რჩება უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ხელახლა მიმართოს საერთო სასამართლოებს.


გიორგი პაპუაშვილთან ერთად, 2007 წელს, საცხოვრებელი ბინები ბათუმში სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებსაც გადაეცათ. სხვა ბინებიც ასევე აბაშიძის ოჯახის წევრებს და მაღალჩინოსნებს ეკუთვნოდათ. სადავო გიორგი პაპუაშვილის ქონება აღმოჩნდა. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა პაპუაშვილმა წერილით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა და გამოხატა მზადყოფნა, დაეთმო სადავო ბინა, თუკი სახელმწიფო მას ალტერნატიული საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფდა.

2013 წელს საქართველოს პროკურატურამ დადგენილება გამოსცა, სადაც ეწერა, რომ როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ 2004 წელს დაწყებული გამოძიება შეწყდა.

2015 წლის 17 მარტს გიორგი პაპუაშვილმა სადავო ბინა თავისი ცოლის დის, ეკა ხოფერიას ყოფილ ქმარს, გიორგი ლევიძეს მიყიდა 195 ათას დოლარად. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რადგან ამ დროისთვის როლანდ ბლადაძის სარჩელს უკვე განიხილავდა სასამართლო. გიორგი პაპუაშვილმა მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დავის მონაწილე თვითონ არ არის და საჯარო რეესტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2006-2016 წლებში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი