მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკა დაიხურა – მკერავები აქციის გამართვას აპირებენ

12.06.2018 • 5422
ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკა დაიხურა – მკერავები აქციის გამართვას აპირებენ

ხელვაჩაურში, ახალსოფლის დასახლებაში, სამკერვალო ფაბრიკამ მუშაობა შეაჩერა. ფაბრიკის რამდენიმე თანამშრომლის თქმით, მათ ბოლო სამი თვის ხელფასი არ აუღიათ. სამკერვალოში სულ 35 ადამიანი მუშაობდა.

„ბოლო სამი თვე გვატყუებდნენ, მალე იქნება ხელფასიო. საწარმოს „ინსეთ ეშენ ტექსტილი“ ჰქვია და მისი დამფუძნებელი ეროვნებით თურქია, იასინი ჰქვია, გვარი არ ვიცით. გარანტი მე ვარ, რომ აიღებთ ხელფასსო, ასე გვითხრა, მაგრამ აღარ გამოჩენილა. საბოლოო დაპირება იყო ის, რომ 11 ივნისს მივიღებდით ხელფასს, მაგრამ წინა კვირის პარასკევს უკვე საწარმო დაკეტილი დაგვხვდა. სამკერვალოს იჯარით აქვს აღებული შენობა ახალსოფელში და იჯარის თანხაც არ ჰქონია გადახდილი. საწარმო ქონების მესაკუთრემ გადაკეტა. ამ ეტაპზე მხოლოდ საწარმოს დირექტორთან გვაქვს კონტაქტი, რომელიც გვეუბნება, რომ ისიც დაქირავებულია და მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ამბობს, რომ საწარმო გაკოტრდა,“ – გვითხრა სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელმა. მან გვთხოვა, მისი ვინაობა არ გავამჟღავნოთ.

სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ხვალ ახალსოფელში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი ხელშეკრულებით აღებული პირობის შესრულებას ითხოვენ.

ხელშეკრულების მიხედვით, მკერავები ერთი წლის ვადით არიან დაქირავებული. ფაბრიკის თანამშრომლების თქმით, ამ ეტაპზე დავალიანება დაახლოებით 40 ათასი ლარია. ეს საწარმო ახალსოფელში დაახლოებით 7 თვის წინ გაიხსნა.

„ბათუმელები“ ამ ეტაპზე ვერ დაუკავშირდა სამკერვალო ფაბრიკის დირექციას. დირექტორს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: