ქობულეთის მერი მიმდინარე მშენებლობებზე: სიმაღლე უბედურება არ არის

ქობულეთში სამშენებლო პროცესი ისევე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ბათუმში, მძიმე ტექნიკის ხმაური განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში ისმის. მათ წინააღდეგ კი, ვინც მიიჩნევს, რომ ზღვის სანაპირო მაღლივმა მშენებლობებმა არ უნდა ჩაკეტოს, მთავრობას ყოველთვის ერთი არგუმენტი აქვს: „ინვესტიცია მნიშვნელოვანია“.

ინვესტიცია მნიშვნელოვნად ითხოვს სამშენებლო პროექტების სიმაღლის გაზრდას, რაც საკურორტო ქალაქის იერსახეს თანდათან ცვლის.

რა გეგმები აქვს ქობულეთის მერს და როგორ ხედავს ის საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურას მომავალში? – ამ და სხვა სამშენებლო საკითხებზე მირიან ქათამაძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო მირიან, თქვენ როგორც მუნიციპალიტეტის მერი, როგორ აფასებთ იმ სამშენებლო პროცესს, რომელიც დაგხვდათ ქობულეთში, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში, აპირებთ ასეთივე ტენდენციით გააგრძელოთ?

შესაძლებელია, ვიფიქროთ იმაზე, რომ ძალიან მაღლივი კორპუსები არ  იქნება მისაღები, თუმცა ნურავის დაგვავიწყდება, რომ ქობულეთს გააჩნია განაშენიანების გეგმა. ამ გეგმაში მითითებულია, თუ სად როგორი შენობები შეიძლება განთავსდეს. სანამ ქობულეთის მერი გავხდებოდი, ამ საკითხებთან მქონდა სამსახურებრივი შეხება, ვიყავი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრი და მაშინაც მქონდა მოსაზრება, რომ ძეგლების არეალში არ უნდა მოხვედრილიყო ისეთი ტიპის ნაგებობები, რომლებიც ძეგლის აღქმადობას შეუშლიდა ხელს.

აპრიორი იმის თქმა, რომ მაღლივი კორპუსი ზღვის სანაპიროზე არ შეიძლება, ამის დაშვება არ არის მისაღები: ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში უნდა იყოს განხილული კონკრეტული პროექტი და ისე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ქობულეთის სანაპირო საკმაოდ დიდია – ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩა გადის ამ ქალაქში, შესაბამისად, 12 კილომეტრია ქალაქის ტერიტორიაზე. თუ  გავითვალისწინებთ იგივე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ ჩაქვის სანაპიროსაც – 24 კილომეტრამდე გრძელდება.

ეს სანაპირო ზოლი არის მზად იმისათვის, რომ სწრაფი ტემპით განვითარდეს ტურისტული ინფრატრუქტურა. ეს გულისხმობს მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული ტურისტული ქალაქისთვის. არანაკლები პოტენციალი გააჩნია ტურისტული თვალსაზრისით სანაპირო ქალაქებს შორის ქობულეთს და წლების განმავლობაში ამ უბნის განვითარება ვერ მოხერხდა. არ უნდა გვეშინოდეს თამამი გადაწყვეტილებების, თუნდაც სანაპირო ზოლის სწორი საინვესტიციო პირობებით გასხვისების.

რას გულისხმობთ სწორ საინვესტიციო პირობებში?

ვგულისხმობ იმას, რომ ინვესტიცია არ უნდა განხორციელდეს ლანდშაფტური სივრცის მნიშვნელოვანი დარღვევის ხარჯზე და აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას სანაპირო ზოლში, რომელიც გაუძლებს კონკურენციას სასტუმროებთან ბათუმში. ეს  იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ტურისტმა, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი შვებულება ზღვაზე გაატაროს აირჩიოს ქობულეთი, მან უნდა მიიღოს ხარისხიანი სერვისი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ მიდგომის აპრიორი წინააღმდეგი ვართ, რომ სანაპირო ზოლში, ვაიმე დედა, როგორ შეიძლება მრავალსართულიანი და მაღლივი კორპუსების მშენებლობა.  თუმცა არის ადგილები, სადაც განაშენიანების გეგმის მიხედვით, ასევე, ზოგადად, მოსაზრებისა და შეფასების შედეგად შესაძლებელია მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ აქ უნდა იყოს დაბალი განაშენიანება.

შენობის სიმაღლე უბედურება არ არის. ნურავინ ნუ იტყვის იმას, რომ მაინცადამაინც სიმაღლეშია ხარვეზი. არსებობს ადგილები, სადაც მოუხდება მაღლივი შენობები და ადგილები, სადაც არ მოუხდება თვისობრივად.

ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ასევე, პარკინგის თემას, ქობულეთისთვის ეს არა მხოლოდ ტურისტულ სეზონზე, სხვა დროსაც იქცა უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად. ტრანსპორტის მოძრაობის სქემა უნდა დარეგულირდეს, რომ ეს დისკომფორტი იქნას აცილებული.

ქობულეთში დაწყებულია პროცესი, მიმდინარეობს რამდენიმე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქალაქისათვის და ნუ ჩამითვლით არატრადიციულ მიდგომად თუ ვიტყვი, რომ მე, პირადად, ამ ინვესტიციებს ჩემი ქალაქისათვის გადამწყვეტ მომენტად მივიჩნევ.

ამბობთ, რომ წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს ეფუძნება სამშენებლო პროცესი ქობულეთში, როგორი სიმაღლეები იქნება სანაპირო ზოლში უახლოეს პერიოდში, ან თქვენი უფლებამოსილების მიწურულს? გარდა ამისა, რას იტყვით არქიტექტორების მოსაზრებაზე, რომ  მშენებლობები უნდა იყოს მწყობრი და არა ისეთი, როგორიც არის?

რაც ქობულეთის მერი ვარ, რამდენიმე ათეულ მიმართვაზე მაქვს ხელი მოწერილი. ძირითადად იყო ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობა, რომელიც უკავშირდებოდა რეკონსტრუქიცას. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროექტის ვიზუალური კონტექსტიდან გამომდინარე უარის თქმას, ჩვენ ბევრი პროექტი დავიწუნეთ სწორედ იმიტომ, რომ არქიტექტურული ნაწილი ამოვარდნილი იყო ირგვლივ არსებულ შენობებთან მიმართებაში, მაქსიმალურად ვცდილობთ შენარჩუნებული იყოს სიმწყობრე. გულწრფელად გეტყვით, როგორც მუნიციპალიტეტის მერი, რომ თავის დროზე ეს მოთხოვნები მაქსიმალურად არ იქნა მიღებული მხედველობაში, შესაძლებელი იყო ცოტა სხვანაირი ყოფილიყო დღეს აღმაშენებლის ქუჩა.

სახლები არ უნდა გვქონოდა ძალიან ახლოს ტროტუართან, რაღაც ნაწილი სახლებისა აღმაშენებლის ქუჩაზე შიგნითაა შეწეული და ლამაზია. არის სახლები, რომლებიც აგრესიული არქიტექტურის შთაბეჭდილებას ტოვებს და გამოდის ტროტუარზე – ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ერთგული დავრჩეთ იმის, რაც გულისხმობს ქალაქის არქიტექტურულად ლამაზ იერსახეს, რამდენად გამოგვდის ეს, რა თქმა უნდა, დამკვირვებლის შესაფასებელია.

როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა დამრღვევების მიმართ კანონის გამკაცრება?

ერთ-ერთი ჩემი პრიოროტეტია, რომ მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა საქმიანობა და მათ შორის, სამშენებლო საქმიანობა, კანონის ჩარჩოში უნდა იყოს. მე თვითონ რამდენჯერმე შევეფეთე უკანონო მშენებლობას. ერთია, როდესაც გაცემულია ნებართვა გარკვეული პარამეტრებით და ხდება ამ პარამეტრებიდან გადახვევა და ამ  შემთხვევაში რეაგირება ყოველთვის დროულია, თუმცა აღკვეთა საკმაოდ ძნელია ხშირ შემთხვევაში.

არის ასევე ფარული დარღვევებიც, რასაც საფუძვლიანი კვლევა სჭირდება, ეს კი ისეთ ქალაქში, სადაც შეიძლება ასზე მეტი მშენებლობა მიმდინარეობდეს ერთდროულად, პრობლემატურია. ამ კუთხით მაქსიმალურად მუშაობს ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. ვფიქრობ, შესაძლებელია ამ სამსახურის კიდევ გადახალისება. როცა სამშენებლო საქიანობაზე ნებართვა საერთოდ არ არის გაცემული და თვითნებურ მოქმედებას აქვს ადგილი, ასეთ დროს უფრო მკაცრია კანონმდებლობა, მაგრამ ადნისტრაციული ჯარიმების ოდენობის გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ. არის კიდევ ერთი რამ – კანონდარღვევით აშენებული არც ერთი კვადრატი ექსპლუატაციაში არ მიიღება.

ასეთი პრაქტიკა არსებობდა – ჯერ აშენებდნენ, შემდეგ ხაზავდნენ პროექტს და იკანონებდნენ. გინდათ თქვათ, რომ ასე აღარ იქნება?

ეს ლეგალური პროცედურაა, ესეც კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, მაგრამ იქ, სადაც ყველა კონტექსტიდანაა ამოვარდნილი მშენებლობა, მე პირადად მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ მერიამ მიიღოს ასეთი ობიექტი ექსპლუატაციაში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა დარღვევაზე დროული რეაგირებაა ამის წამალი.

პლაჟზე ან პლაჟთან ახლოს მძიმე კონსტრუქციის მშენებლობები დასაშვებია?

სანაპირო ზოლს რაც შეეხება, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არავითარი მძიმე კონსტრუქციები არ იქნება. სიტყვა სეზონური იმისთვის არსებობს, რომ ეს კაფეები იმუშავებს  მხოლოდ სეზონურად და ოქტომბრიდან პლაჟი უნდა გათავისუფლდეს ამ კონსტრუქციებისგან. თუმცა რა იქნება მომავალში, ახლა კონკრეტულად რომ გითხრათ, არ ვიქნები მართალი.

რატომ, თქვენ ხომ ამბობთ, რომ მიღებული გაქვთ პრინციპული გადაწყვეტილება პლაჟზე მძიმე კონსტრუციებთან დაკავშირებით, უკანდასახევ გზას იტოვებთ?

ეს არის დღეს და დღეს ჩვენ გვაქვს ეს პოზიცია. თუმცა სანაპირო ზოლისა და პლაჟის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ გრანდიოზულ პროექტს ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ, რაც ითვალისწინებს სანაპირო ჯებირის რეაბილიტაციასა და ქობულეთის ბულვარის მოწყობას მდინარე აჭყვის შესართავიდან სასტუმრო „ჯორჯია პალასამდე“. ამ კონცეფციაში ვერანაირი ჯებირზე გადამდგარი კაფე ვერ ჩაჯდება.

და „ჯორჯია პალასის“ პირსის მსგავს კაფეს რას უზამთ, მოაშლევინებთ?

ეს არის ძალიან კარგად და ხარისხიანდ გაკეთებული, ეს ტერიტორია 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული მას, ხვალ რა გადაწყვეტილებები იქნება პლაჟზე, ამას წინასწარ ვერ ვიტყვი. თუმცა დღეს გვაქვს პრინციპული პოზიცია, რომ დღეს პლაჟზე მშენებლობის ნებართვები არ გაიცემა, მიუხდავად იმისა, რომ იყო საკმაოდ კარგი საინვესტიციო წინადადებები. აქ არის სხვა პრობლემებიც, მაგალითად ის, რომ არის უსახური ჯიხურები, არაცივილური ვაჭრობა, არის გასახდელებისა და საშხაპეების პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ახლა ვცდილობთ.

უფრო დიდი ტერიტორია გაასხვისეთ სარეკრეაციო ზონაში პარკის მიმდებარედ, ვიდრე ქობულეთის პარკია. ბათუმში ასეთი მშენებლობების გამო ხალხი მთავრობას აკრიტიკებს, დღემდე საუბრობენ, მაგალითად, ამ მიმართულებით კ2-ის გაზრდაზე და არჩილ ხაბაძის რეკომენდაციებზე. არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მომავალში თქვენკენაც გამოიშვირონ ხელი?

ამ ქალაქის წარმატების გასაღები არის სანაპირო ზოლში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობები, ეს არის ქალაქის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი