მთავარი,სიახლეები

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 443 ათასი ლარის მუსიკალურ ინსტრუმენტებს ყიდულობს

12.06.2018 • 4348
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 443 ათასი ლარის მუსიკალურ ინსტრუმენტებს ყიდულობს

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ელექტრონული ტენდერით მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც 443 305 ლარი აქვს გათვალისწინებული. უნივერსიტეტი 8 როიალს, 4 ფორტეპიანოს და კიდევ 11 სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტს შეიძენს.

ტენდერში გამარჯვებულმა ინსტრუმენტები უნივერსიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს, სასწავლებლის ახალ კორპუსში, ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში. მან საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მუსიკალური ინსტრუმენტების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება და უნივერსიტეტის მიერ მითითებულ სართულზე დაწყობა. ინსტრუმენტების საგარანტიო ვადა ერთი წელია.

ხელოვნების უნივერსიტეტი ახალ შენობაში, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, 2018 წლის სექტემბრიდან უნდა განთავსდეს.

„გვინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალ შენობაში დავაანონსოთ, თუ სარემონტო სამუშაოები დროულად დასრულდება. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ხელისშემშლელი ფაქტორები ალბათ არ იქნება“ – გვითხრა უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ.

ბათუმის ყოფილი N1 საავადმყოფოს შენობა, სადაც ახლა უნივერსიტეტია განთავსებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. იყო საუბარი, რომ ამ შენობაში აჭარის მთავრობის აპარატი უნდა გადასულიყო, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის საკითხი, თუ როგორ განკარგავენ შენობას, არ არის გადაწყვეტილი.

ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მთავარი ფოტო: ყოფილი კოლეჯის შენობა, სადაც ხელოვნების უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: