მთავარი,სიახლეები

ექიმების შავი სია – ახალი ბრძანება

11.06.2018 • 4953
ექიმების შავი სია – ახალი ბრძანება

„ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტებს ერთი და იგივე მედიკამენტი აქვთ ხოლმე გამოწერილი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით,“ – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი.

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტის შემოწმებას და ზოგიერთ შემთხვევაში მათ „დასჯას“ აპირებს.  პირველი ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მექანიზმი ამოქმედდება. ექიმი, რომელმაც შეუსაბამოდ ბევრი წამალი გამოგიწერათ, „შავ სიაში“ მოხვდება.

პოლიფარმაციის შესახებ ბრძანებისთვის ხელის მოწერას ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, უახლოეს დღეებში აპირებს. ბრძანება პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი ივლისიდან ნებისმიერ პაციენტს შეეძლება ექიმთან ვიზიტის შემდეგ ე.წ. დანიშნულების გადამოწმება სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან.

„პაციენტი თუკი ელექტრონული რეცეპტით სარგებლობს, მას თავად შეუძლია მონიშნოს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. თუკი რეცეპტი მატერიალური ფორმით აქვს, შეუძლია შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს, სადაც რეცეპტის ელექტრონულ ვერსიას ბაზაში ატვირთავენ. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ პასუხს პაციენტი სამ დღეში მიიღებს,“ – გვითხრა ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა, ნათია ნოღაიდელმა.

რა უნდა გააკეთოს პაციენტმა სამ დღეში, ვიდრე სამუშაო ჯგუფისგან პასუხს მიიღებს? – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პაციენტმა დანიშნული მედიკამენტების მიღება უნდა დაიწყოს. თუკი დადგინდება, რომ დანიშნულება გადამოწმებას საჭიროებს, ის ხელახლა მივა ექიმთან. ექიმმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არ სჭირდება შეცვლა მის მიერ ხელმოწერილ დანიშნულებას.

თუ ექიმის „დასაბუთება“ პაციენტს დამაჯერებლად არ მოეჩვენება, მას შეუძლია ხელახლა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ამ შემთხვევაში პოლიფარმაციის ჯგუფი დარგობრივ ექსპერტებს მოიწვევს, ასევე პროფესიული ასოციაციების ხელმძღვანელ პირებს. კომისიის წევრებს ჯანდაცვის მინისტრი შეარჩევს.

„ექიმმა უკვე ამ ჯგუფს უნდა წარმოუდგინოს საფუძვლიანი არგუმენტაცია, რატომ არ შეუცვალა ექიმს დანიშნულება. პირველ ეტაპზე მხოლოდ ფარმაკოლოგები არკვევენ, სწორად არის მედიკამენტები დანიშნული თუ არა კონკრეტული დაავადებიდან გამომდინარე. ხომ არ არის ეს მედიკამენტები ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის, ან ხომ არ არის მედიკამენტებს შორის შეუთავსებლობა, ან ხომ არ არის დანიშნული ორზე მეტი ანტიბიოტიკი?“ – განმარტავს ნათია ნოღაიდელი.

რა ხდება შემდეგ, თუკი ექიმი არც ამ ჯგუფის დასკვნას არ გაითვალისწინებს? – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ექიმის სახელს და გვარს სამინისტროს ელექტრონულ გვერდზე არსებულ რეესტრში ჩაწერენ.

ნათია ნოღაიდელი: „ეს არის ე.წ. სანქცია ამ ექიმის მიმართ, რომელიც არ მოიქცა სწორად. სამინისტროს გვერდზე ყველას შეუძლია ნახოს ამ ექიმების ჩამონათვალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაციაა ექიმებისთვის, რომ არ მოხვდნენ ე.წ. შავ სიაში. თუ რამდენჯერმე იქნება კორექტირების საჭიროება ამ სიაში ერთი და იმავე ექიმის გვარი ხშირად მოხვდება, ან იქნება, ასე ვთქვათ, ფატალური დანიშნულება, ამ შემთხვევას პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს.“

რის გამო გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მექანიზმის ამოქმედება – ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი გვიყვება, რომ პოლიფარმაცია, ანუ ჭარბი მედიკამენტების გამოყენება არის პრობლემა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისივე თქმით, სტაციონარში ადამიანების მოთავსების მნიშვნელოვანი წილი სწორედ პოლიფარმაციაზე მოდის.

„ყოველი 20 რეცეპტიდან ერთი შეიცავს შეცდომას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული იყოს პაციენტი. ჩვენ გვაქვს პაციენტებისგან აქტიურობის მოლოდინი,“ – გვითხრა ნათია ნოღაიდელმა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: