კმდს ბათუმში 1907 წელს აშენებული სახლის რეაბილიტაციას გეგმავს

შეულესავი წითელი აგურით ნაშენი ორსართულიანი, აივნებიანი სახლი ბათუმში, რომელსაც ფარნავაზ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას, ასევე გორგასლის ქუჩის ნაწილი უკავია და კვარტალური განაშენიანება აქვს, მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1907 წელს  აუშენებიათ, სახლს ძეგლის სტატუსი აქვს.

კომპანია „გეოგრაფიკის“ დახასიათებით, „ამ სახლის ფასადები ორივე ქუჩაზე თანაბარხარისხიანია. მცირე გაბარიტის მიუხედავად, კუთხის მდებარეობის გამო მოცემული შენობა არსებულ გარემოში არქიტექტურულად კარგად იკითხება, იგი დომინანტის მხარდამჭერის, მასთან ერთად [კ. გამსახურდიას ქ. 36] „მოპასუხის“ ფუნქციას ასრულებს. დატვირთვის თვალსაზრისით, შენობის მდებარეობა მოხერხებულია.“

კომპანიის ინფორმაციით, სახლის პირველი სართული, სადაც ახლა კომერციული ფართობებია, მოგვიანებით გალესილი და გადაფერილია სხვადასხვა ტონით.  ამ ფართობებს თავიდანვე კომერციული დანიშნულება ჰქონია. გარდა ამისა, ზოგან სხვა მასალით შეუცვლიათ და ზოგან ამოუშენებიათ ხის აივნები.

ბათუმი. გამსახურდიას # 36 ფოტო: ცაგო კახაბერიძე

კომპანია „გეოგრაფიკის“ შეფასებით, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ძეგლები აღწერა, შენობის შიდა კედლებზე საშუალო ზომის ბზარებია, ხოლო ფრონტონებს არა აქვს სარტყელი. ჩარევის სასურველ ფორმად კომპანიამ რესტავრაცია-რეაბილიტაცია მიუთითა.

ამ სახლის რესტავრაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო [კმდს] მიმდინარე წელს არ გეგმავდა და, შესაბამისად, არც ბიუჯეტში იყო თანხა გათვალისწინებული.

„ეს სახლი მნიშვნელოვანია როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, როგორც ძეგლი, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სახლში ცხოვრობდა პოეტი ზურაბ გორგილაძე. შესაბამისად, მოვინდომეთ და ამ საქმეში აჭარის განათლების სამინისტროც დაგვეხმარა. გამოვყოფდი ასევე კონსტრუქტორ ბეგლარ კახიძის წვლილს, რომელიც უანგაროდ დაეხმარა სააგენტოს“,  – განაცხადა სააგენტოს დირეტორის მოავალეობის შემსრულებელმა მირზა ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“.

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე ორსართულიან სახლში პოეტი ზურაბ გორგილაძე 1977- 2006 წლებში ცხოვრობდა. უფრო ადრე,  1930-1950 წლებში კი, ამ სახლში  ექიმ ვალერიან მაქაცარიას უცხოვრია,  სხვადასხვა დროს ამ სახლში ცხოვრობდნენ ასევე ცნობილ პედაგოგი ფლორა ჯორბენაძე და ხელოვან  ნიკოლოზ კუხალეიშვილი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის, გოჩა კახიძის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ სააგენტოს ამ სახლის რესტავრირებისთვის თანხა გათვალისწინებული არ ჰქონდა, რესტავრირების პროექტი სააგენტოს არქიტექტორის ჩართულობით და კონსტრუქტორ ბეგლარ კახიძის დახმარებით მოამზადეს.

„მას შემდეგ კი, რაც უკვე გვექნება ხარჯთაღრიცხვა, სააგენტო გამოაცხადებს ტენდერს კომპანიის შესარჩევად, რომელიც სახლის უფრო მეტად დაზიანებული ნაწილის რესტავრაციაზე იმუშავებს. ამ სამუშაოებს სააგენტო თავისი ბიუჯეტიდან, მცირე რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხიდან დაფინანსდება,“  – განმარტა გოჩა კახიძემ.

„გეოგრაფიკის“ ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ათეული ძეგლია, რომლებსაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სასწრაფოდ სჭირდება.

გორგასლის ქუჩა #32

კმდს-ს ინფორმაციით, სახლის იმ ნაწილის რეაბილიტაციის თხოვნით სააგენტოს სახლის მესაკუთრეებმა მიმართეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი