მთავარი,სიახლეები

სახაჭაპურეები, სკოლის ბუფეტები და სუპერმარკეტები – ბათუმში 38 მეწარმე დააჯარიმეს

11.06.2018 • 5812
სახაჭაპურეები, სკოლის ბუფეტები და სუპერმარკეტები – ბათუმში 38 მეწარმე დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის პირველ კვარტალში ბათუმში  38 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა – ინფორმაცია  არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდზეა – momxmarebeli.ge- გამოქვეყნებული. ორგანიზაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოდან კონტროლის შედეგები გამოითხოვა და გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად, სურსათის უვნებლობის სააგენტომ აჭარაში იანვარ-მარტში 55 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, მათგან 38 ბათუმში, 7 – ხელვაჩაურში, 4- ხულოში და 6 – ქობულეთში.

ბათუმში დაჯარიმებულ ბიზნესოპერატორებს შორის არის სკოლის ბუფეტებიც. მაგალითად, სააგენტომ ვადაგასული სურსათის საკვების რეალიზაციისთვის 200 ლარით დააჯარიმა ხელვაჩაურში, სალიბაურის #2 საჯარო სკოლაში არსებული ბუფეტი. ვადაგასული საკვების გაყიდვისთვის დაჯარიმდა ბათუმის #28 სკოლის ბუფეტიც. სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა კერძო სკოლა „ნერგების“ ბუფეტი, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის კი სკოლა „ნიკეს“ ბუფეტი.

ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაციის გამო 500 ლარით დააჯარიმეს  ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე  შპს „ველიქოი“, რომელიც, როგორც მონაცემებშია აღნიშნული, ხორცპროდუქტებით ვაჭრობს. ასევე, ვადაგასული სურსათის რეალიზაციისთვის დააჯარიმეს ბათუმში, ლეონიძის #27 მდებარე სასურსათო მაღაზია და დაბა ჩაქვში მდებარე სასადილო – შპს „ლამპარი 2008“.

ბიზნესოპერატორების დაჯარიმების მიზეზებში ყველაზე ხშირია ეტიკეტირების წესის დარღვევა, ასევე, დაჯარიმების მიზეზებს შორის გვხვდება საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, მაგალითად, ამ მიზეზით ხულოს საჯარო ბაგა-ბაღის ბუფეტი 500 ლარით დააჯარიმეს.

სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ბათუმში 200 ლარით დააჯარიმეს რამდენიმე სახაჭაპურე და სუპერმარკეტი.

დაჯარიმებულებს შორის არის ბათუმში მდებარე აგრარული ბაზრებიც, სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო.

_____________

მთავარი ფოტო სურსათის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქგვერდიდან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: