ხულოში მოქალაქეებს მიწას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ – ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა

ხულოში, მერაბ აბულაძის, იური, ნათია და ნანა შერვაშიძეების, ასევე  შოთა თავართქილაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს:

„ამ პროექტის ფარგლებში პირველ ლოტს წარმოადგენს საგზაო მონაკვეთი რომელიც იწყება საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან და მთავრდება ამავე გზის 110-ე კილომეტრზე, გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე. მოცემული მონაკვეთი, რომლის სრული სიგრძე დაახლოებით 30 კმ-ს შეადგენს, დაახლოებით 25-30 წლისაა და არასაკმარისი მოვლა-შენახვის შედეგად დაზიანებულია. მონაკვეთის უდიდესი ნაწილი არასათანადო მდგომარეობაშია, რაც ძალზედ ართულებს ავტოტრანსპორტის მოძრაობას“.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მესაკუთრეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ვინაიდან გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება მოქალაქეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.“

მიწის ნაკვეთები, რომლებსაც მესაკუთრეებს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ, მდებარეობს დაბა ხულოში – დ. მამულაძის ქუჩაზე, სოფლებში: დეკანაშვილებსა და განახლებაში. ექსპროპრიაციას ჯამში 1062 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება დაექვემდებარა.

მინისტრის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალურიეწესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ბრძანება 2018 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა.

8 ივნისს ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი ის კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის, თუმცა არ უხდიან.

ამ თემაზე:

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა

გზა გოდერძიმდე – როდის შეკეთდება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი [ფოტო, ვიდეო]

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com