მთავარი,სიახლეები

„არჩევანი, არადანი“ – გამოფენა ბათუმში გენდერულ თემაზე

09.06.2018 • 1975
„არჩევანი, არადანი“ – გამოფენა ბათუმში გენდერულ თემაზე

დღეს, 9 ივნისს, 18:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში Project ArtBeat-ის ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, სახელწოდებით „არჩევანი, არადანი“. გამოფენა გენდერული თანასწორობის თემას ეძღვნება. „არჩევანი, არადანი“ 14 თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენაა, რომლებიც განგებ ორ გუნდად არიან დაყოფილი.

გამოფენის კურატორი ნათია ბუკია წერს:

„ქალის და კაცის უთანასწორობის თემა, რაც თავი მახსოვს, ჩემთვის სულ ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 5 წელია, რაც შვილები გავაჩინე, ხშირად მიწევს მათი დაბადების დღეებზე ტარება. თბილისში ბავშვთა გასართობი ცენტრები ძირითადად ერთნაირია. პროგრამაში არის შეჯიბრებები. სიმარტივისთვის ხშირად ბავშვებს პირდაპირ გოგოების და ბიჭების გუნდებად ყოფენ, სადაც არც მონაწილეთა რაოდენობაა დაცული და არც ასაკობრივი ზღვარი. ჩემთვის ეს „შეჯიბრი“ სწორედ იმ აბსურდული დაპირისპირების მაგალითია, რასაც ნამდვილ ცხოვრებაში კაცის და ქალის „შეჯიბრი“ ჰქვია“.

შესაბამისად, ეს გამოფენა გამიზნულად არის მიმსგავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრების შეჯიბრს, სადაც გუნდებად დაყოფის დროს მონაწილეთა ასაკი, რაოდენობა და შესაძლებლობები გათვალისწინებული არ არის. თუმცა ეს ხდება სრულიად საპირისპირო მიზნით. იმისთვის, რომ ხაზი გაესვას მთავარ შეცდომას:

„გამოფენაში „არჩევანი, არადანი“ ყველას თანაბარი შესაძლებლობა და თავისუფლება მიეცა და აქ „გუნდების“ განსხვავებულობის ჩვენებასთან ერთად, მათი მსგავსებების ჩვენებაა მნიშვნელოვანი.“

გამოფენის კოორდინატორის ინფორმაციით, ნამუშევრების არჩევის დროს მთავარი ყურადღება მხატვრების ინდივიდუალიზმის და თანამედროვე ქართული ხელოვნების მრავალფეროვნების წარმოჩენას მიექცა. თუმცა, გამოფენის თემიდან გამომდინარე საინტერესო გახდა ისეთი ნამუშევრების ჩვენებაც, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ან ძალიან ხაზს უსვამს ან და პირიქით, – ანგრევს:

„ეს გამოფენა არ არის ღრმა ანალიზი იმ პრობლემისა, რასაც ქალის და კაცის უთანასწორობა ჰქვია. ეს გამოფენა ხაზს უსვამს იმას, რომ არსებული შეჯიბრი უბრალოდ აბსურდულია, რადგან, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში, არც აქ მოგებული ჯილდოს არ იღებს.
ეს გამოფენა ეძღვნება ჩემს შვილებს, მაქსიმეს, ნინას და პეტრეს იმისთვის, რომ თავისუფლად შეძლონ იყვნენ განსხვავებულები, მაგრამ ამავდროულად – თანასწორები. რომ, როგორც ახლა, განაგრძონ ერთ გუნდში თამაში.“

გამოფენაში მონაწილეობენ: თეა გვეტაძე, ქეთი კაპანაძე, Tamara K.E., ლადო ლომიტაშვილი, ავთო მესხი, ემა ლალაევა-ედიბერიძე, მაია ნავერიანი, გიო სუმბაძე, ბესო უზნაძე, ნიკა ქუთათელაძე, მამუკა ჯაფარიძე, გვანცა ჯიშკარიანი, ანა ჩადუნელი, თამარ ჩადუნელი და სხვები.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: