აჭარის მთავრობამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

აჭარის მთავრობამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების წარდგენა 16 ივნისს უნდა დასრულდეს, თანამდებობრივი სარგო 2600 ლარია. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი, სასურველია სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით და მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება, სასურველია ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილებაც.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ 2017 წლის მაისში შექმნა.

ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა მთავრობაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

დებულების მიხედვით, ამ სამსახურმა სამთავრობო უწყებებში ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა უნდა შექმნას და უზრუნველყოს მისი განვითარება. ახალ სსიპ-ს საბიუჯეტო სახსრების მიღების გარდა, დამოუკიდებელი შემოსავლების მიღების უფლებაც ექნება. მაგალითად, სამსახურს შეეძლება ინტერნეტგვერდის დამზადება რომელიმე სამშენებლო კომპანიას შესთავაზოს, მასთან ხელშეკრულება გააფორმოს, გასამრჯელო აიღოს და შემდეგ პრემია-დანამატებში დახარჯოს, რაც საჯარო სტრუქტურის მხრიდან კონკურენტულ გარემოში ჩარევად“ შეაფასეს იურისტებმა.

„ეს არის კონკურენციაში ჩარევა, ეს არის პრობლემა,“ – მიიჩნევს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო კომერციული საქმიანობით შემოსავლის მიღება საჯარო უფლებამოსილების განხორციელება არ არის.

საჯარო სამართლის იურიდიული პირია იუსტიციის სახლიც, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში ანაზღაურებას იღებს მოქალაქეებისგან – სულხან სალაძე განმარტავს, რომ ეს სულ სხვა შემთხვევაა, რადგან „იუსტიციის სახლი ანაზღაურებას იღებს იმ საქმიანობაში, რასაც სხვა არავინ აკეთებს ქვეყანაში. მაგალითად, სხვადასხვა კომპანიას პასპორტების დამზადების უფლება რომ ჰქონდეთ და იმავეს აკეთებდეს იუსტიციის სახლიც, ეს უკვე დარღვევა იქნება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

დებულების მიხედვით, სამსახურის უფროსს აჭარის მთავრობა ნიშნავს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თუმცა „მთავრობას მიზანშეწონილობის მოტივით შეუძლია ნებისმიერ დროს მისი გათავისუფლება“, – აღნიშნულია ახალი სამსახურის დებულებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილეს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დანიშნავს.

ახალმა სამსახურმა სამინისტროებისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის უნდა უზრუნველყოს „ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსოლიდირებული და ინტეგრირებული ინფორმაციული-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა“.

გარდა ამისა, ამ სამსახურმა სამთავრობო უწყებების ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, ასევე ინფორმაციული სისტემების და ახალი სერვისების დანერგვა-განვითარებაზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა ახალი პროგრამული პროდუქტის ტესტირებაც უნდა მოახდინოს, დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

სამსახურის დაკომპლექტების შემდეგ, სამთავრობო უწყებების არსებული ინტერნეტსაიტების განახლებულ ვერსიებსაც უნდა ველოდოთ. დებულებაში წერია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა ვებსაიტების დიზაინის კორექტირებაზე უნდა იზრუნოს, ასევე საპრეზენტაციო მასალების რედაქტირებაზე, შესაბამისი თანამდებობის პირების მოწმობების და საშვების მომზადებაზე.

ახალ სამსახურში სამი განყოფილება იქნება:

  • ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნვლეყოფის
  • ტექნიკური მხარდაჭერის
  • ონლაინმარკეტინგის და სოციალური მედიის

დებულებაში დაკონკრეტებული არ არის, ჯამში რამდენი ახალი საშტატო ერთეული დასჭირდება ახალ სამსახურს.

რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური წერილობით ანგარიშებს წელიწადში ორჯერ – 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე ჩააბარეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მთავრობას – მოთხოვნისთანავე, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე.

ახალი სამსახურის საქმიანობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა მისი შემოსავლების წყარო შეიძლება ასევე იყოს ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

  • უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
  • სესხის აღება;
  • თავდებობა;
  • საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
  • სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი