7-წლიანი სასჯელი 4 ლარის გამოძალვისთვის

30 წლის გიგი ნოზაძე ( სახელი და გვარი შეცვლილია) ყოფილი პატიმარი და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის დახმარებით ბევრს ეცადნენ გიგის რეაბილიტაციისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ახლა ევროპის ერთ-ერთ საავადმყოფოშია და ოპერაციის დანიშვნის დღეს ელოდება.

ყველაფერი კი ციხიდან დაიწყო, სადაც გიგიმ ხუთწელიწად-ნახევარი გაატარა.

„მთვრალი არ წაიყვანა ტაქსისტმა დანიშნულების ადგილამდე და იჩხუბა, 4 ლარი წაართვა. არ არის კარგი საქციელი, მაგრამ 4 ლარის გამო ყაჩაღობის მუხლით 7 წლის მისჯა? ეს როგორი კანონებია… დანაშაული ჩაიდინა, არავინ დავობს, მაგრამ  მილიონი გაიტაცა? ადამიანი მოკლა?“ – ამბობს ყოფილი პატიმრის დედა.

საპატიმროში გიგი 2-თვიანი ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა. პანკრეასი გაუსკდა და როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, 7 საათის განმავლობაში არ უკეთებდნენ ოპერაციას, რეაგირება დაგვიანებული აღმოჩნდა და ოპერაციის შემდეგ გიგის კიდევ არაერთი ოპერაცია დასჭირდა ციხეშივე. გარკვეული პერიოდი მართვით სუნთქვაზე იყო. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო 6 თვით ადრე,  2016 წლის მარტში გაათავისუფლეს. ციხის ექიმები ამბობდნენ, რომ გიგის გადარჩენა რთული იქნებოდა, მაგრამ გადარჩა.

გიგის დედა იხსენებს, რომ მხოლოდ 16%-ით მუშაობდა პანკრეასი, ყველას, ვინც კი მისი შვილის „ფორმა 100“-ს დახედავდა, უკვირდა თუ როგორ გადარჩა. ოჯახს ჯანმრთელობაშერყეული ყოფილი პატიმრის წამლებისთვის ყოველდღიურად 70 ლარი სჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში. გაყიდეს თითქმის ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, გარდა საცხოვრებელი სახლისა. ერთადერთი დახმარება, რაც სახელმწიფოსგან ყოფილი პატიმრის ოჯახმა მიიღო 200-ლარიანი ერთჯერადი შემწეობა იყო ოზურგეთის გამგეობისგან.

გიგი გათავისუფლების შემდეგ შედარებით გამოჯანმრთელდა, დაოჯახდა და ოზურგეთის პროფესიულ სასწავლებელშიც ჩააბარა, ბუღალტრის პროფესია შეისწავლა. გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა გიგის საბუღალტრო კურსები დააფინანსა ერთ-ერთ კერძო კომპანიაში.

“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” დემოკრატიის ინსტიტუტი ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში. პროგრამის მიზანი ზემოთჩამოთვლილი ჯგუფების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, დასაქმების ხელშეწყობა და სამედიცინო მხარდაჭერაა.

ცოტა ხნის წინ გიგისთან ჯანმრთელობის პრობლემებმა ისევ იჩინა თავი და ყოფილი პატიმარი ახლა ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის საავადმყოფოში ელოდება ოპერაციის დანიშვნის დღეს. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასწორად გაკეთებული ოპერაციების შედეგია ის, რაც გიგის დაემართა. გზისა და უცხოეთში ცხოვრების ფულისთვის  გიგის და-ძმამ და დედამ სახლიდან ნივთები გაყიდეს, ბანკიდან კრედიტი გამოიტანეს. მართალია ოპერაცია, რომელიც მას სჭირდება ევროპაში უფასოდ კეთდება, თუმცა მაინც სოლიდური თანხა დასჭირდა წასასვლელად.

ბექას დედა იხსენებს იმასაც, როგორ უკრძალავდა შვილი ციხეში მომხდარ დაუდევრობებზე საუბარს და გაპროტესტებას. გიგი მტკიცედ იყო დარწმუნებული, ვერავისთან ვერაფერს გახდებოდნენ და პროტესტი ცდადაც არ ღირდა.

ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრები ყველაფერს ცდილობენ, რომ გიგი ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. თუმცა, ამას ახლა მამის გარეშე აკეთებენ – ის სასამართლოზე, განაჩენის გამოტანის შემდეგ გარდაიცვალა.

„ვერ გავუძლებ როგორ აიგდეს ჩემი შვილი და 4 ლარის გამო უსჯიან 7 წელსო – ამბობდა გარდაცვალებამდე“, – იხსენებენ ოჯახის წევრები და ახალ ამბებს ელიან გიგისგან, რომელიც ჯერ ისევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, თუმცა 30 წლის ასაკში უკვე ბევრი სირთულე აქვს გადალახული.


ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ერთ წელზე მეტია ხორციელდება და მიზნად ისახავს როგორც ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების დასაქმების ხელშეწყობას, ასევე სამედიცინო მხარდაჭერას და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასაც.

დემოკრატიის ინსტიტუტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დაინტერესებულმა პირებმა რეგიონების მიხედვით უნდა მიმართონ შესაბამის ორგანიზაციებს:

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან