მთავარი,სიახლეები

„ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად“ წოდებულ შენობაში 1 კვ/მეტრი ბინა $2500-ად გაიყიდება

09.06.2018 • 5310
„ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად“ წოდებულ შენობაში 1 კვ/მეტრი ბინა $2500-ად გაიყიდება

შენობას, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯა, კერძო კომპანია ბინებად ყიდის.  ბულვარის შესასვლელთან მდებარე შენობა, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა, სახელმწიფომ სამი წლის წინ 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად გაყიდა. მთავარი პირობა შენობის სასტუმროდ გადაკეთება იყო, თუმცა მყიდველმა სასტუმროსთვის იქვე ახალი შენობა ააშენა, არსებულში კი 1 კვ/მეტრს ახლა 2500 დოლარად ყიდის.

ბულვარის ტერიტორიაზე წამოწყებულ მშენებლობას თავის დროზე ბათუმში საპროტესტო აქციებით აპროტესტებდნენ. ამ ჯგუფებს მაშინ ხელისუფლებამ შავბნელი ძალები უწოდა. თითქოსდა ისინი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.

დღეს ამ შენობის მფლობელ კომპანია „რედკოში“ განმარტავენ, რომ „ბათუმი თაუერი“ [ახლა უკვე ასე ჰქვია – ავტ] იქნება მულტიფუნქციური საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსი და ის, რომ მხოლოდ ბინები იყიდება, ასე არ არის“.

შენობაში, სადაც თავის დროზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა, კომპანია „რედკოს“ მარკეტინგის სამსახურის ინფორმაციით, სულ 79 საცხოვრებელი ბინა გაიყიდება. გვერდით აშენებულ შენობაში კი 110-ნომრიანი სასტუმრო განთავსდება.

ბულვარის შესასვლელში მდებარე ამ კომპლექსში არ არის ავტოპარკინგი. „ავტოპარკინგი აქ თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული, გარშემო არც შესაბამისი სივრცეა და არც შიგნით გაკეთებულა“, – გვითხრეს „რედკოში“. – „სასტუმროც იქნება, ელიტარული პრემიუმ კლასის ბინებიც, კაზინოც… შენობაში, სადაც პანორამული ბორბალია მაქ იქნება ღია კაფე, საზოგადოებრივი სივრცე  და ზემოთ ასვლა ყველას შეეძლება“.

ბათუმი თაუერი ბულვარის შესასვლელთან, რომელსაც არ აქვს პარკინგი

როდესაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტად წოდებული შენობა გაიყიდა, პირობებში ჩაიწერა, რომ შენობა მთლიანად სასტუმროდ გადაკეთდებოდა. თუმცა, დღეს „რედკოში“ აცხადებენ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტორების რეკომენდაციით „მაქ იქნება ერთიანი ფლიგელი პირველიდან მეხუთე სართულამდე – სასტუმროს ფოიე, სპა ცენტრები,  საკონფერენციო დარბაზები, აუზები, კაზინო პირველ სართულზე და ა.შ.“

რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, მარკეტინგის სამსახურში ამბობენ, რომ „აქ იქნება ძალიან მაღალი დონის საცხოვრებელი. ეს არ იქნება ისე, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა წავიდეს და იყიდოს ბინა, ასეთი სტანდარტული ბინები ბევრი შენდება ბათუმში, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვაქვს საუბარი, აქ იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროც და ასეთივე ბინებიც, ასე ვთქვათ. ხუთვარსკვლავიან ბინა ვისაც შეუძლია იყიდოს, ის იყიდის. ფასს რაც შეეხება, გააჩნია ბინას – სართული, ქალაქის ხედით, ზღვის ხედით და ა.შ. 1 კვ/მ-ის საშუალო ფასი 2500 აშშ დოლარი [ექვივალენტი ლარში] გამოდის“.

 

ბათუმი თაუერი – მაღალ შენობაში ბინები იყიდება, მეორე შენობაში კი სასტუმრო გაიხსნება

კომპლექსი 2019 წლის ზაფხულში უნდა გაიხსნას. „ასეა დაგეგმილი და მივდივართ გეგმით. კონკრეტული თვე ჯერ არ ვიცით“, – გვითხრეს კომპანიაში.

შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე, 2015 წლის მარტში გაყიდა. შპს „ბათუმი თაუერმა“ ქონება 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად  შეიძინა. ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2014 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“.

მყიდველს 36 თვის განმავლობაში, ანუ 2018 წლის მარტისთვის, სასტუმრო უნდა გაეხსნა და 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაც უნდა ჩაედო.

მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  „ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. 

„კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება – 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 1 051 999.5 აშშ დოლარის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრა 2018 წლის პირველი სექტემბერი“.

ბათუმი თაუერი

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბათუმი თაუერის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი დღესაც „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში 2011 წელს.

დეველოპერული კომპანია „რედკო“ [RED-Co – Real Estate Development Company], რომელმაც „ბათუმი თაუერი“ დააფუძნა, 2012 წლის მაისშია რეგისტრირებული. კომპანიის 80-პროცენტიანი წილის მფლობელი უკრაინელი ნატალია კოზიუკი, ხოლო 20 პროცენტის მფლობელი – კომპანიის გენერალური დირექტორი, მირიან ქათამაძე იყო.

რეესტრის ბოლო დოკუმენტების მიხედვით, კომპანია „რედ-კოს“ დირექტორი მირიან ქათამაძეა, კომპანიის 100% წილის მესაკუთრე კი არის „ფირსთ ინვესთმენთ ქომპანი“, რომელიც ესტონეთშია რეგისტრირებული.

კომპლექსის მესაკუთრეები დღეს „ბათუმი თაუერი“ და „რედ-კო“ არიან.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/business/39246/

 

 

 

გადაბეჭდვის წესი