მთავარი,სიახლეები

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა

08.06.2018 • 3640
მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა

ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის.

„აქ გადის ხულო-ადიგენის მაგისტრალი. 2016 წელს დაიწერა გასახლების გეგმა, სადაც წერია, ვის რამდენი უწევს კომპენსაცია. მე პირადად დაახლოებით 45 ათასი ლარი უნდა გადამიხადონ, მაგრამ არ მაძლევენ. გზების დეპარტამენტში მითხრეს, რომ ეს მიწები ტყის ფონდს ეკუთვნის, ტყის ფონდმა ხულოს მერიაში გადაგვამისამართა, მერიაში პასუხი ვერ გაგვცეს და ასე დავდივართ,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის მონაწილე ვარლამ ხოზრევანიძემ.

მოქალაქის თქმით, კომპენსაციის მიღების საკითხი სოფელ ბოძაურში მცხოვრებ 30-მდე ოჯახს ეხება.

„ძირითადად, ეს არის კოორდინაციის პრობლემა: სატყეო სააგენტო, ხულოს მერია და გზების დეპარტამენტი ვერ არკვევს საკითხს და მოქალაქეები ერთი უწყებიდან მეორეში გადადიან. თუ ხელისუფლება 10 დღეში ამ ადამიანებს ყურადღებას არ მიაქცევს, საპროტესტო აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან გაიმართება,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

„უნდა დასტურდებოდეს, რომ ისინი სარგებლობდნენ ამ მიწის ნაკვეთებით და ნარგავებით. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მიხეილ უჯმაჯურიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამმართველოს ხელმძღვანელმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ასევე არ არის გამორიცხული, მიწის ის ნაკვეთები, რაზეც მოსახლეობა დავობს, დეპარტამენტს მაგისტრალის გასაყვანად საერთოდ აღარ დასჭირდეს.

„წინასაპროექტო გეგმით მაგისტრალისთვის საჭირო იყო, მაგრამ შესაძლებელია ამ გეგმის დაკორექტირება. ამ ეტაპზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით,“ – აღნიშნა მიხეილ უჯმაჯურიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: