რატომ გაძვირდა პარკში ატრაქციონები

ბათუმის ცენტრალურ პარკში იმ ატრაქციონების ფასი, რომელთა ბილეთიც 50 თეთრი ღირდა – გაორმაგდა, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ სულ ახლახან, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე მიწის ნაკვეთები და საბაშვო ატრაქციონები 10-წლიანი იჯარით გასცა კერძო პირზე. როგორც ატრაქციონების ახალი მოიჯარე ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, ფასის ზრდის მიზეზი ის გადასახადები და ვალდებულებები გახდა, რომლებიც აქამდე, ა(ა)იპი  “ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს” პრეროგატივა იყო. ეს ა(ა)იპი ამჟამად მერის გადაწყვეტილებით ლიკვიდირებულია.

“მოგეხსენებათ, აქამდე ეს ატრაქციონები იყო ქალაქის მართვაში. ქალაქი გადასახადებსა თუ ოპერატორების ხარჯებს შემოსავლიდან იხდიდა თავად. ჩვენ გამოცხადებული აუქციონის შედეგადაც ავიღეთ არენდით ფართობები, სადაც ეს ატრაქციონები დგას. შესაბამისად, ახლა ჩვენ აუქციონის გარდა გადასახდელი გვაქვს ქონების გადასახადი, მოგების გადასახადი, არენდის გადასახადი, ხელფასები, ვიხდი საშემოსავლოს… აქედან გამომდინარე, ეს ხარჯები კერძო პირისთვის იზრდება. სწორედ ამ გადასახადების გამო გადაწყდა გაგვეზარდა, ჩემი აზრით, მინიმალური თანხით იმ სამი ატრაქციონის ბილეთის ფასი, რაც აქამდე ღირდა 50 თეთრი”, – განმარტავს ეკატერინე ნიკოლაიშვილი.

იჯარით  გაიცა ატრაქციონები “რიო-ბრაო  მატარებელი”,  MX-961 (ძაღლუკა) და  “ფინჯნები” (თავისი  სამართავი  ჯიხურებით) მასზე  მიმაგრებული მიწის ნაკვეთით.

 

 აუქციონის პირობების თანახმად, ატრაქციონების ახალი მოიჯარე ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში გაარემონტოს სამი ატრაქციონი: რიო-ბრაო მატარებლის,  MX-961-ის (ძაღლუკა) და  ფინჯნები. ასევე უზრუნველყოს მიმდებარე ტერიტორიის  კეთილმოწყობა   და  შეინარჩუნოს ატრაქციონები  იმ  მდგომარეობაში,  რომელშიც  მიიღო  იგი (ცვეთა მხედველობაში არ მიიღება). აუქციონის პირობების თანახმად, ეკატერინე ნიკოლაიშვილი ვალდებულია, ზემოთ ხსენებულ სამ ატრაქციონზე მომსახურების (ბილეთის  ფასი) ღირებულება არ გაზარდოს ერთ ლარზე მეტად.

ატრაქციონები: “ცისპლანერი” და “ძაღლუკა”

ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ამ სამი ატრაქციონის გარდა გვერდით არსებული სხვა ატრაქციონებიდან ორი ამორტიზებული იყო, ამიტომაც ახალმა ხელმძღვანელმა ატრაქციონებს -„მეკობრეებსა“  და „ცისპლანერს” დემონტაჟი ჩაუტარა. აქ ახალი ატრაქციონები დაიდგმება.

ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას ამ საქმეში გამოცდილება აქვს. ატრაქციონები პარკის ტერიტორიაზე მას აქამდეც ჰქონდა განთავსებული, იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთებზე. მისივე თქმით, ატრაქციონები სხვა ლოკაციებზეც აქვს განთავსებული.

ზემოთ ჩამოთვლილი სამი ატრაქციონის გარდა სხვა ატრაქციონების ბილეთის ფასის დადგენაში მოიჯარე თავისუფალია:

“საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანეთ ახალი ატრაქციონი, რაც, ცხადია, ხარჯებს უკავშირდება, ვიხდით მიწის იჯარის თანხას და ა.შ. ამიტომ დანარჩენ ატრაქციონებს იმავე თანხაში ვერ ვამუშავებთ, როგორც ძველებს, თუმცა გარკვეული შეღავათები გვაქვს. ჯერ ახალი ატრაქციონი გამართული არ არის, ამიტომ ბილეთის ღირებულებას ვერ გეტყვით. სხვა ატრაქციონებზე მაქსიმალური ფასი 3 ლარია (ორი ადამიანის სარგებლობისას ვრცელდება ფასდაკლება – 2,5 ლარია).

ერთ-ერთი ახალი ატრაქციონი უკვე შემოტანილია პარკის ტერიტორიაზე, თუმცა სრულად დამონტაჟებული არ არის. იგი წყლის თემატიკის ატრაქციონია და ეკატერინე ნიკოლაიშვილის თქმით, ტრიალის გარდა ბავშვის ინტერაქციასაც მოიცავს.

კიდევ ერთ ახალ ატრაქციონს დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოიტანენ.

ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, ეკატერინე ნიკოლაიშვილის გარდა კიდევ ორ კერძო პირს აქვს იჯარით აღებული ნაკვეთი საბავშვო ატრაქციონებისთვის [გასაბერი ატრაქციონი პარკის შესასვლელში და სათამაშო აუზი თევზაობისთვის].

აუქციონის პირობების თანახმად, საბავშვო ატრაქციონები, მათ შორის იჯარის  უფლების  მქონე პირის მიერ დამონტაჟებული ახალი ატრაქცინები, ბავშვთა  დაცვის  დღეს,  პირველ ივნისს, კვლავ უსასყიდლოდ მოემსახურება მსურველებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან