ქობულეთის გარდასახვა – მაღლივი კორპუსები სანაპიროზე ორსართულიანი სახლების ნაცვლად

ქობულეთში თამარის  სანაპიროს ქუჩა, რომელიც ზღვას მიუყვება, იერსახეს იცვლის. დაბალი, ორსართულიანი სახლები, რომლების ფანჯრებიდანაც ზღვა მოსჩანდა, ამ ქუჩიდან თანდათან ქრება, მათ ანგრევენ და მაღლივი კორპუსებით ანაცვლებენ. უკვე აშენებულმა სახლებმა გარემოპირობები შეუცვალა პარალელურ ქუჩებზე მდებარე სახლებს, რომელთა აივნებიდანაც ზღვა მოსჩანდა, ახლა კი მაღლივი შენობის კედელი მოსჩანს, „და არც ჰაერი მოდის ისე, როგორც ადრე“ – ამბობენ ქობულეთში ისინი, ვინც ჯერ კიდევ ორსართულიან სახლში ცხოვრობს და  წინადადება ინვესტორისგან ჯერ არ მიუღია.

თამარ მეფის სანაპიროს ქუჩაზე  რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, რამდენიმე კი ახლა იწყება.

მაღლივი სახლები პირდაპირ მანქანის სავალ გზაზეა მიდგმული და როგორც ჩანს, ამ სახლებს არც ეზო ექნებათ და არც პარკინგის ადგილი.

მშენებლობებზე გამოკრული საინფორმაციო მონაცემების მიხედვით, ნებართვების უმეტესობა 2016 წელსაა გაცემული. ბევრ მშენებლობაზე არც ბანერია განთავსებული და არც მერიის ზედამხედველობის მიერ გამოკრული დადგენილება იმაზე, კანონიერად დაიწყო თუ არა მშენებლობა.

ამ მრავალბინიან სახლს ქობულეთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ შპს „ინვესტი“ აშენებს

მშენებლობა თამარ მეფის სანაპიროს ქუჩის #19 -ში, ქობულეთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, სამი წლის წინ წამოუწყიათ და მას შემდეგ ასეა მიტოვებული. ადგილობრივებმა არ იციან, აქ ვინ და რას აშენებს, ან რამდენხანს დარჩება ტურისტულ ქალაქში მზეზე მოელვარე თუნუქით შემოღობილი სამშენებლო მოედანი.

აქ არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული და არც მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება დაჯარიმების თაობაზე, ამიტომაც გაურკვეველია, მშენებლობა წლების წინ ნებართვით დაიწყეს და მიატოვეს, თუ უნებართვოდ.

ამ სახლს თამარის სანაპიროს #66-ში შპს „ლუნა ბილდინგი“ აშენებს

ეს ესკიზი თამარის სანაპიროს ქუჩის #92/92 ა-შია გამოკრული. საინფორმაციო დაფაზე მითითებული ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვა 2018 წელსაა გაცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მიიღო. შენობაში სასტუმროს განთავსებას გეგმავენ.

ეს დაუსრულებელი შენობაც ქობულეთში სანაპიროს ქუჩაზეა. მასზე საინფორმაციო დაფა არ არის გამოკრული, ადგილზე არც მშენებლები იმყოფებოდნენ, ამიტომ ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, ვინ ააშენა ის და რა მიზნით.

ამ კორპუსს კი თამარის სანაპიროს ქუჩის # 48-ში „ოლიმპი ჯგუფი“ აშენებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი