116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია

ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, „კრისტალ ბილდინგი“ 116,80 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებას გეგმავს. ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მისი აშენების შემდეგ ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა საკურორტო ქალაქში. ნებართვა მშენებლობაზე უკვე გაცემულია.

„კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე ყოფილ სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 71 523 კვადრატული მეტრი, დაირეგისტრირა.

ინვესტორის მიერ შეძენილი ფართობი 24 678 კვადრატული მეტრით მეტია თავად ქობულეთის ცენტრალური პარკის ფართობზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარკი 46 845 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ინვესტორი ფინჭვნარში დამატებით ითხოვს პლაჟის ტერიტორიას. ამასთან დაკავშირებით ჯერ მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია.

ინვესტორი, რომელმაც პირობიანი აუქციონის წესით ქობულეთის ფიჭვნარში , ზღვასთან ახლოს, პარკის მიმდებარედ პარკზე დიდი ტერიტორია შეისყიდა და 116,80 მეტრი სიგრძის შენობის მშენებლობის უფლებაც მიიღო, ამჯერად პლაჟს ითხოვს.

პარკის გაგრძელებაზე ტერიტორიის გასხვისებას ადგილობრივები აპროტესტებდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ დაგეგმილი მშენებლობა ზღვაზე გასასვლელს ჩაკეტავს, რაც ცუდად აისახება გასხვისებული ფართობის მოპირდაპირედ მცხოვრებლებისთვის, რომლებიც დამსვენებლებზე ოთახებს საკუთარ სახლებში აქირავებენ.

მთავრობამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ქობულეთის მერმა ეს საპროტესტო აქცია შეაფასა, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქულების დაწერის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ აქცია ადგილობრივებმა გამართეს.

„კრისტალ ბილდინგმა“ უკვე მოაწყო პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე პროექტის ესკიზი სპეციალურ ბანერზე იყო წარმოდგენილი.

ზურაბ პატარაძემ პროექტი შეაფასა, როგორც „უპრეცედენტო, დიდი და მნიშვნელოვანი“, იმ მოტივით, რომ ამ ინვესტიციამ ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ამ შეხვედრაზე აღნიშნა ისიც, რომ ხვდება მოსახლეობას  ქობულეთში და გულისტკივილს გამოხატავენ იმის გამო, რომ აქ მშენებლობა იმ ტემპით არ მიდის, რა ტემპითაც ბათუმში.

„ბევრი ქობულეთელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ, ძირითადად, აღმშენებლობითი პროცესი მიმდინარეობს ბათუმისკენ, დიდი სასტუმრო კომპლექსები, ძალიან დიდი  სხვადასხვა პროექტი ხორციელდება და ქობულეთში ინვესტიციები იმდენად უხვად არ არის, დიდი სასტუმრო კომპლექსები არ შენდება. იყო თხოვნა, იქნებ გაითვალისწინოთ და რეკომენდაციები მისცეთ ინვესტორებს, რომ ქობულეთშიც გაგრძელდეს და განხორციელდეს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ პრეზენტაციის შემდეგ.

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, გასხვისებულ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და დამხმარე [გასართობი] შენობები. სასტუმროს უნდა ჰქონდეს 220 ნომერი, არანაკლებ 300 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები.

კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. საერთო ჯამში კი კომპანიამ პროექტის ფარგლებში 200 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროექტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ამ სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.

მთავრობის ინფორმაციით, კომპანიამ გადაცემულ ტერიტორიაზე რამდენიმე სარეკრეაციო ნაგებობის განთავსების პირობაც აიღო, თუმცა არ არის ცნობილი რა ტიპის სარეკრეაციო ნაგებობებზეა საუბარი. დაზუსტებით იმის თქმა შეიძლება, რომ ინვესტორის მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე ბევრი მრავალწლოვანი ხეა, მათ შორისაა ნაძვები და ფიჭვებიც. მათგან რამდენი შეეწირება სამშენებლო პროცესს ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. 71 523 კვადრატულ მეტრზე ძველ შენობებს მხოლოდ 10 278 კვადრატული მეტრი ეკავა, დანარჩენი კი მწვანე ზონა იყო.

ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, რომელზეც კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს, „კრისტალ ბილდინგი“ სამშენებლოდ 7322 [კ1 – 0,3] კვადრატულ მეტრს აითვისებს. საუბარია მრავალფუნქციურ კოპლექსზე, რომლის სიმაღლეც 116, 80 კვადრატული მეტრი იქნება.

გარდა ამისა, აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა კიდევ რამდენიმე დამხმარე შენობა და საცურაო აუზი უნდა ააშენოს, რაც სამშენებლოდ გამოსაყენებელ ფართობს დამატებით გაზრდის.

აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთია იმ 21 ობიექტს შორის, რომელიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, მთავრობამ 2006 წელს გაასხვისა. 2016 წელს ქონების ნაწილი, მათ შორის ეს ტერიტორიაც ქობულეთში, აჭარის მთავრობამ ახალი შეთანხმებით დაიბრუნა და შემდეგ „კრისტალ ბილდინგზე“ გაასხვისა.

კიდევ ერთი დეტალი ამ ამბიდან

პროექტის პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ბანერზე ეწერა, რომ ინვესტორი 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ეს ციფრი რამდენჯერმე დაასახელეს როგორც ფინანსთა მინისტრმა, ასევე ზურაბ პატარაძემ. სხვა ციფრებია აუქციონით გათვალისწინებულ პირობებში, კერძოდ, აჭარის მთავრობამ უკვე „კრისტალ ბილდინგის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები სამ ნაწილად გაასხვისა – 29 322 კვადრატული მეტრი 1 468 000 ლარად [20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით], 37 502 კვადრატული მეტრი მასზე დამაგრებული რვა შენობით 2 მილიონ 550 000 ლარად [ესეც 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით], ხოლო 4 699 კვადრატული მეტრი „კრისტალ ბილდინგს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა. ქობულეთის მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ნაკვეთზე ინვესტორი მოაწყობს პარკინგს და გადასასვლელს, რაშიც მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

არის 41 მილიონი აშშ დოლარი 200 მილიონი ლარი? – ფინანსთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე ამბობს, რომ „ეს არის ინვესტორის განზრახვა“.

ვინ არის ინვესტორი

„კრისტალ ბილდინგი“ 2015 წელს აზერბაიჯანის ორმა მოქალაქემ დააფუძნა. დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორად 25 წლის ელვინ მამმადლი, აზერბაიჯანის მოქალაქე დანიშნეს, ამ დროისთვის კომპანიას ვანო ლომიძე ხელმძღვანელობს.

ვანო ლომიძე არის ასევე შპს „აგრარ გაზის“ ასი პროცენტის მფლობელი. რეესტრის მონაცემებით, 2013 წელს ის იყო შპს „ენერგო ინვესტის“ დირექტორი, რომლის ასივე პროცენტს რუსეთის მოქალაქე თენგიზ ძიძიგური ფლობდა. ვანო ლომიძე ფლობს ასევე შპს „ჯავას“ ორმოც პროცენტს. რეესტრის 2015 წლის მონაცემებით, ვანო ლომიძე შპს საქართველოს ელექტრონულ-ინდუსტრიული კომპანიის დირექტორად და თანამფლობელად ფიქსირდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი