მთავარი,სიახლეები

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა ბულვარის შესასვლელთან საცხოვრებელ ბინებად იყიდება

07.06.2018 • 40012
„ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა ბულვარის შესასვლელთან საცხოვრებელ ბინებად იყიდება

ბათუმის ბულვარში მდებარე შენობაში, რომელშიც თავის დროზე ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა, ფართობები საცხოვრებელ ბინებად გაიყიდება. შენობა სამი წლის წინ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ სასტუმროს გახსნის პირობით გაასხვისა შპს „ბათუმი თაუერზე“. მოგვიანებით შენობის გვერდით ახალი მშენებლობა წამოიწყეს.

„ბათუმი თაუერში“ აცხადებენ, რომ ახალ შენობაში სასტუმრო და კაზინო იმუშავებს, მაღლივი კორპუსი კი მთლიანად საცხოვრებელ ბინებად გაიყიდება. კომპანიაში გვითხრეს ასევე, რომ გაყიდვები უკვე დაწყებულია, თუმცა საცხოვრებელი რეზიდენცია, სასტუმრო და კაზინო, 2019 წლის ზაფხულში გაიხსნება.

ოფიციალურ დოკუმენტებში „ბათუმი თაუერად“ რეგისტრირებული და თავის დროზე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად გამოცხადებული შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე, 2015 წლის მარტში გაყიდა. შპს „ბათუმი თაუერმა“ ქონება 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად  შეიძინა. ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2014 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“.

„სახელწიფოს აქვს კონკრეტულად გაწერილი ის პირობები, რითაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ამ შენობის სასტუმროდ გადაქცევა – ეს არის ეკონომიკის სამინისტროს პირობა, რაც აუქციონზე იყო გამოტანილი და პლუს, ამ მიზნით უნდა იყოს დახარჯული 15 მილიონის ინვესტიცია, 36 თვის განმავლობაში“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მაშინ კომპანიაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმდინარე წლის თებერვალში, „ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. 

„კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება – 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 1 051 999.5 აშშ დოლარის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრა 2018 წლის პირველი სექტემბერი“, – განაცხადეს მაშინ სამინისტროში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: