მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს განმარტება სახელფასო ფონდის გაზრდაზე

06.06.2018 • 2422
უმაღლესი საბჭოს განმარტება სახელფასო ფონდის გაზრდაზე

„აჭარის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დავამტკიცეთ მანამ, ვიდრე აჭარის 2018 წლის ბიუჯეტში მოხდებოდა გასული წლის ეკონომიის ასახვა. ამას დაემთხვა ასევე გაზრდა სახელფასო ფონდის, რაც საჯარო მოხელის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის საჭირო თანხის „კატასტროფული მატება“ ამის შედეგი იყო. ახლა რომ შევადაროთ, რეალურად ეს ასე არ არის“, – ამბობს გია რომანაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

„უმაღლესი საბჭო ხელფასებისთვის საჭირო თანხას 105 900 ლარით ზრდის“, – ამის შესახებ „ბათუმელებმა“ მიმდინარე წლის 21 მაისს დაწერა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ კი ბიუჯეტში ცვლილებები, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ცხრა დღის შემდეგ, 30 მაისს დაამტკიცა. 

„შარშან რამდენიმე ადგილი იყო ვაკანტური, მათ შორის რამდენიმე თვე ჩემი თანაშემწის ადგილიც. აქედან გამომდინარე წარმოიშვა ეკონომია 70 ათას ლარამდე, რაც ხელფასებში უნდა გაცემულიყო. ამ ეკონომიის ხარჯზე კონდეცირება-გაგრილების სისტემები მოწესრიგდა, მაგრამ რეალურად ეს თანხა ჩვენ 2018 წელში გვჭირდებოდა ხელფასებში – ჩატარდა კონკურსები და ვაკანტური ადგილები აღარ დარჩა. მეც ავიყვანე თანაშემწე, დაინიშნენ სხვა თანამდებობებზეც… ამას დაემატა ახალი კანონი საჯარო მოხელის შესახებ [რანგირებები, კვალიფიკაციები] რის გამოც, სადღაც 30 ათასი ლარის ფარგლებში გაიზარდა სახელფასო ფონდი უმაღლეს საბჭოში. ის ეკონომია, ეს 30 ათასი ლარი და საერთო ჯამში სადღაც 107 ათას ლარამდე გამოვიდა სხვაობა. ეს გამოიწვია იმან, რომ შედარება გაკეთდა 2017 წლის ფაქტიურ დანახარჯებსა და 2018 წლის დაგეგმილ თანხებს შორის. ეს იყო მიზეზი“, – განმარტავს გიორგი რომანაძე.

მისივე განცხადებით, ახალი კანონის თანახმად, გასული წლის საკასო [ფაქტობრივი] დანახარჯები რაც იქნებოდა, იქედან გამომდინარე უნდა დაგეგმილიყო 2018 წლის ბიუჯეტი, მაგრამ „ ვინაიდან შარშან ჩვენ ნაკლები გვქონდა დახარჯული და 2018 წელში ეს 70 ათასი ლარი საჭირო იყო, ამიტომ მოხდა ბიუჯეტის გაზრდა. თორემ, რომ გადავხედოთ სახელფასო ფონდს წლების განმავლობაში, იგი არ იცვლება, ერთადერთი, საჯარო მოხელის შესახებ კანონმა გამოიწვია სახელფასო ფონდის ცვლილება და რაც არის ასე დარჩება 2019-შიც, 20-შიც და ასე გაგრძელდება.“

„ბათუმელები“ შეეცადა ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ არსებული ციფრებით შეედარებინა უმაღლესი საბჭოს 2017, 2018 და მომავალი 2019 წლის [პროექტი] სახელფასო თანხები. ეს, მიუხედავად უმაღლესი საბჭოს ჩართულობისა, ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ის, რომ ავიღოთ 2-3 ციფრი და შევადაროთ ერთმანეთს, ეს რეალურ სურათს, ფიანსურად არ ქმნის. ხელფასების გაცემის კუთხით, ერთ-ერთი რთული წელი იყო 2017, ვინაიდან ამ წლის პირველი ივნისიდან გარკვეული თანამშრომლები შტატიდან გადავიდნენ შტატგარეშედ, შესაბამისად, ბიუჯეტშიც შეიცვალა შრომის ანაზღაურების მუხლი და შტატგარეშეებისთვის გადატანილი იქნა თანხა სხვა მუხლში, მათზე ხელფასები რომ გაცემულიყო. ამასთან, ივნისამდეც მუშაობდნენ სხვები შტატგარეშედ და ისინი ცალკე მუხლიდან იღებდენენ ხელფასს, ამათთგანაც ზოგი გადავიდა შტატში, იყო ვაკანტური ადგილები, ეკონომია სახელფასო ფონდში და ა.შ. დეტალების დასაზუსტებლად უმჯობესია მოგვწეროთ და წერილობით გაგცემთ პასუხს“, – გვითხრა უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა.

აჭარის ბიუჯეტში 30 მაისს შესული ცვლილებების შედეგად, უმაღლეს საბჭოში, წელს, ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 3 428 200 ლარი იმ 117 პირისთვის, ვინც შტატშია [მათ შორის დეპუტატებიც].

გარდა ამისა, როგორც უმაღლეს საბჭოში გვითხრეს, ჰყავთ შტატგარეშე თანამშრომლებიც, რომელთა რაოდენობა ცვალებადია და ამ წლის პირველი ივნისისთვის მათი რაოდენობა იყო 90 [აქედან 55 კაცი ფრაქციებში, 35 კი მძღოლები, დამლაგებლები და სხვა ტექნიკური პერსონალი].

შტატგარეშე თანამშრომლებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში ხელფასებისთვის ცალკე 878 290 ლარია გათვალისწინებული. ეს მუხლი აჭარის ბიუჯეტში ცალკე არ ჩანს.

თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ დღეს უმაღლეს საბჭოში საშუალოდ 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული [საბჭოში ამბობენ, რომ ეს რიცხვი თვეების მიხედვით ცვალებადია] და მათი ხელფასებისთვის ჯამში წელს, 4 306 490 ლარია გაწერილი. ანუ, უმაღლესი საბჭოს მთლიანი ბიუჯეტის 85%-ზე მეტი, ხელფასებს მოხმარდება.

2019 წლისთვის კი, საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტით, შტატში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 3 433 200 ლარია გათვალისწინებული, ანუ, 5 000 ლარით მეტი, ვიდრე დღესაა გაწერილი ბიუჯეტში. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ლარი გამოიყოფა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასისთვის, როგორც უმაღლეს საბჭოში გვითხრეს, ეს მაშინ დაზუსტდება, როცა აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ.

უმაღლეს საბჭოში გვითხრეს, რომ გასულ წელს სახელფასო ფონდი იანვრის დასაწყისში იყო 3 464 000 ლარი, თუმცა ცალკე იყო თანხა გაწერილი შტატგარეშე თანამშრომლებისთვისაც. შტატით დასაქმებულებზე გასულ წელს ხელფასებად გაიცა ჯამში 3 262 200 ლარი, დანარჩენი თანხა კი, როგორც საბჭოში განმარტეს, გადავიდა სხვა მუხლში შტატგარეშეების ხელფასისთვის და იყო ეკონომიაც. შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გასულ წელს 842 550 ლარამდე დაიხარჯა.

და ბოლოს, ჩვენი და უმაღლესი საბჭოს „ზეპირი დაანგარიშებით“, 2017 წელს უმაღლეს საბჭოში [შტატიანი და უშტატო თანამშრომლების] ხელფასებში რეალურად დაიხარჯა 4 104 750 ლარი; მიმდინარე 2018 წლისთვის კი გაწერილია 4 306 490 ლარი [ანუ, 201 740 ლარით მეტი, ვიდრე შარშან ფაქტობრივად დაიხარჯა]. საბჭოში აცხადებენ, რომ ეს თანხა სრულად არც წელს დაიხარჯება და ექნებათ ეკონომია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: