ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, დღევანდელი გათვლებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ევროა. შესაბამის ტენდერში შერჩეული 4 კომპანიიდან გამარჯვებულს 25 ივნისის შემდეგ შეარჩევენ. მანამდე კომპანიებმა დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინონ. გამარჯვებისთვის ორი თურქული, ერთი პოლონური და ერთი ბერძნული კომპანია იბრძვის.

„ამჯერად ვინც ხარისხიან და დაბალფასიან პროექტს წარმოადგენს, ის გაიმარჯვებს. პროექტის დიზაინი შვედური კომპანიის მიერ იყო მომზადებული და ამის გათვალისწინებით მომზადდება მშენებლობის პროექტი. გამარჯვებულს ექნება ერთი-ორი თვე სამუშაოების დაგეგმისთვის და სექტემბრიდან, ჩვენი გათვლებით, დაიწყება ნაგავსაყრელის მშენებლობა. ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიას აქვს ნაგავსაყრელის მშენებლობის გამოცდილება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გია ხალვაშმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანია „ჰიგიენა 2009“-ს დირექტორმა.

ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას ეს კომპანია კურირებს.

„ჰიგიენა 2009“-ს დირექტორის განცხადებით, ნაგავსაყრელის მშენებლობა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში [±2 თვე] უნდა დასრულდეს.

7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრელის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი. უშუალოდ ნარჩენების განთავსების პოლიგონის [უჯრედების] აშენებისთვის კი, რაზეც ამჯერად ტენდერია გამოცხადებული, საერთო თანხიდან 4 მილიონამდე ევროა გათვალისწინებული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპენსაციების გაცემა დასრულებულია, დანარჩენი თანხა კი ბათუმისა და ქობულეთის არსებული ნაგავსაყრელების დახურვას მოხმარდება, რაზეც ცალკე გამოცხადდება ტენდერი.

„როცა ახალი ნაგავსაყრელი აშენდება და დაიწყებს ნარჩენების მიღებას, პარალელურად დავიწყებთ ბათუმისა და ქობულეთის ნაგავსაყრელების დახურვას. ბათუმის ნაგავსაყრელი 1965 წლიდან ფუნქციონირებს და სპეციალისტების მიერ შესასწავლია, თუ რა სახიფათო ნივთიერებებია იქ. სპეციალისტები მოგვცემენ რეკომენდაციას, თუ როგორ დავხუროთ არსებული პოლიგონი. ალბათ 1-1,5 მეტრი სიმაღლის მიწა დაიყრება, უნდა მოხდეს რეკულტივაცია-გამწვანება, შემოღობვა, შესვლა აკრძალული იქნება რამდენიმე წელიწადს მაინც, ვიდრე რეკულტივაციის პროცესი არ დასრულდება.“ – ამბობს გია ხალვაში.

ამავე თემაზე:

„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com