მთავარი,სიახლეები

საქართველოს რკინიგზამ სასამართლოში საქმის წაგების მიუხედავად აუდიტს დოკუმენტები არ მიაწოდა

06.06.2018 • 2299
საქართველოს რკინიგზამ სასამართლოში საქმის წაგების მიუხედავად აუდიტს დოკუმენტები არ მიაწოდა

„საქართველოს რკინიგზამ“, რომელიც სახელმწიფო საწარმოა, აუდიტის სამსახურს შემოწმებაზე უარი უთხრა. აუდიტმა სასამართლოს მიმართა და საქართველოს რკინიგზა 1000 ლარით დააჯარიმეს. რკინიგზამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ორივე ინსტანცია მოიგეს და „საქართველოს რკინიგზის“ შემოწმებისთვის საჭირო პროცედურებს აგრძელებენ.

„საქართველოს რკინიგზამ“ ჩვენთან სასამართლო პროცესი ორჯერ წააგო, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციოში“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში. – „2015 წელს ჩავატარეთ რკინიგზის დეპარტამენტის შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რკინიგზამ შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მიუთითა, რომ აუდიტს არ ჰქონდა მათი შემოწმების უფლება, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ  სახელმწიფოსგან პირდაპირ დაფინანსებულ უწყებას. პირველმა ინსტანციამ უთხრა, რომ შემოწმებას ექვემდებარებიან, გაასაჩივრეს სააპელაციოში. სააპელაციომაც დაუდასტურა, რომ აუდიტის სამსახურს რკინიგზა უნდა შეემოწმებინა. გავიდა ერთი წელი და აუდიტმა გადაწყვიტა სხვა მიმართულებით შეემოწმებინა რკინიგზა – გამოითხოვა გარკვეული ინფორმაცია. რკინიგზამ განაცხადა, რომ აუდიტს არ ჰქონდა შემოწმების უფლება. აუდიტის პასუხი იყო, რომ ორი ინსტანციის სასამართლოში ჰქონდათ საქმე მოგებული, მაგრამ რკინიგზამ დოკუმენტები არ გასცა. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში – რომ არ გვაძლევს დოკუმენტებს, რაც საჭიროა წინამოკვლევის სამუშაოსთვის. მოვიგეთ, თუმცა რკინიგზამ გაასაჩივრა სააპელაციოში. რამდენიმე დღის წინ სააპელაციოც მოვიგეთ“.

აუდიტის სამსახურში განაცხადეს, რომ შესაბამისი პროცედურების დაცვით აგრძელებენ მუშაობას: „ვიცით, რომ მოვიგეთ და ჩვენი გეგმით მივდივართ“.

სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზამ“ კი, 5 ივნისს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აუდიტთან დაკავშირებით აღნიშნულია:

„რაც შეეხება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით 1000 ლარიან ჯარიმის დაკისრებას, განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ 2018 წლის 26 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხსენებული „დადგენილება“, რამდენადაც „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის“ დანაწესიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ არ წარმოადგენს აუდიტის ობიექტს. უმთავრესად კი უნდა ითქვას, რომ „დადგენილების“ გასაჩივრების მთავარი მიზანია, საქართველოს სასამართლოს მიერ დადგინდეს პრაქტიკა და განისაზღვროს, თუ რამდენად ვრცელდება ზემოთხსენებული კანონი „საქართველოს რკინიგზასა“ და მის მსგავს სამართლებრივი სტატუსის მქონე იურიდიულ პირებზე. ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული „დადგენილების“ თაობაზე არ ჩაგვბარებია. ვიმედოვნებთ, სასამართლოს მიერ დადგინდება პრაქტიკა და განიმარტება კანონის სადავო ნორმა“.

ამ განცხადებით „საქართველოს რკინიგზა“ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა Hub Georgia-ს მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება:

„გვსურს გამოვეხმაუროთ Hub Georgia-ს მიერ მედიაში გაკეთებულ ცილისმწამებლურ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებს… მოვუწოდებთ, Hub Georgia-ს შეწყვიტოს რკინიგზის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას გავატაროთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, – აცხადებს „საქართველოს რკინიგზა“.

HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Business Media Georgia-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, მისი აზრით, „საქართველოს რკინიგზამ“ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის შემოწმებას თავი აარიდა და  განაცხადა, რომ „არსებობს არაერთი საქმე, რომელიც რკინიგზის ხელმძღვანელების დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს და დიდი ოდენობით თანხების მითვისებას და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას უკავშირდება“. ერთ-ერთ ასეთ საქმედ კი დაასახელა რკინიგზის შესვლა ბათუმის ნავთობტერმინალის მართვაში.

სს „საქართველოს რკინიგზა“, რომელსაც რამდენიმე შვილობილი კომპანიაც გააჩნია, 100%-ით წარმოდგენილია „საპარტნიორო ფონდში“, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. ეს არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე.

„საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს“, – აღნიშნულია ფონდის ვებგვერდზე.

საიას ბათუმის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, კომპანიას, რომლის 50%-ზე მეტ წილს სახელმწიფო ფლობს, უფლება არ აქვს უარი უთხრას სახელმწიფო აუდიტს შემოწმებაზე. მეტიც, მას აქვს ვალდებულება ხელი არ შეუშალოს აუდიტის სამსახურს საქმიანობაში.

აუდიტის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ არ არის პირველი, რომელმაც საწარმოში სახელმწიფო აუდიტის შესვლაზე უარი განაცხადა:

„დაახლოებით ოთხი წლის წინაც იყო შემთხვევა, შპს „მექანიზატორს“ პრეტენზია ჰქონდა, რომ „რახან ვართ ა[ა]იპ-ის დაფუძნებული, ამიტომ არ გვეკუთვნის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეგვამოწმოს“… ამ შემთხვევაშიც სასამართლოში იყო საქმე და ეს კომპანიაც დაჯარიმდა 1000 ლარით. სასამართლომ დაავალდებულა „მექანიზატორი“ საწარმოში დაეშვა აუდიტი“.

შპს „მექანიზატორიც“ სახელმწიფო საწარმოა, რომლის 100% წილს ა[ა]იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ფლობს. აღნიშნული ა(ა)იპ-ი [ყოფილი ფონდი] კი, როგორც სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, 2013 წლის იანვარში დაფუძნდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: