მთავარი,სიახლეები

ქუთაისის ქუჩის კაფეები ტროტუარზე

05.06.2018 • 3665
ქუთაისის ქუჩის კაფეები ტროტუარზე

ბათუმში,  ხულოსა და ქუთაისის ქუჩების გადაკვეთაში მდებარე რამდენიმე კაფეს, სკამები და მაგიდები ისე აქვს განლაგებული ტროტუარზე, რომ შეუძლებელია ეტლით მოსარგებლემ გაიაროს. მზიან ამინდში, როცა ტროტუარზე განლაგებული კაფეები ხალხით ივსება, ამ მონაკვეთში ფეხით გავლაც შეუძლებელია.

ხულოს ქუჩა

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისისა და ხულოს ქუჩებზე რამდენიმე ოქმია დაწერილი, თუმცა კაფეების მეპატრონეებს არსებული სიტუაცია არ გამოუსწორებიათ.

„განმეორებით გვყავს დაჯარიმებული ქუთაისის ქუჩის კაფეები. 2017-2018 წლებში რამდენჯერმე დავაჯარიმეთ,“ – ამბობს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, თენგიზ მესხიძე.

მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური კვირის მანძილზე მინიმუმ ხუთ ოქმს მაინც წერს, ბათუმში, ტროტუარზე უკანონოდ განთავსებული სკამებისა და მაგიდების გამო.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150¹ მუხლის მესამე ნაწილით კაფეებისა და ბარების წინ სკამების, მაგიდებისა და საჩრდილობლების უნებართვოდ განთავსება 500 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს ფიზიკურ პირზე, იურიდიულ პირზე კი ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია. განმეორების შემთხვევაში – 1500 ლარი.

ჩვენ ვწერთ ოქმს, მივდივართ სასამართლოში. სასამართლო უმეტეს შემთხვევაში ცნობს სამართალდარღვევად, მაგრამ დამრღვევს არ აჯარიმებს, ადმინისტრაციულ ფულად სახდელს არ ადებს. მერე ჩვენ ისევ მივდივართ, ვაჯარიმებთ და ა.შ. ამასობაში ზაფხულიც გადის. ზამთარში კიდევ აღარ დებს არავინ სკამებს და მაგიდებს. კანონი რომ ცოტა გამკაცრდეს, უფრო მეტი ჯარიმა რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა,“ – ამბობს თენგიზ მესხიძე.

ტროტუარი ქუთაისის ქუჩაზე

ტროტუარი ქუთაისის ქუჩაზე

ქუთაისის ქუჩა

ქუთაისის ქუჩა

ხულოს ქუჩა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: