პროკურატურა: ქმარმა ავტომანქანაში ცოლს მუცელში ფეხი ჩაარტყა

„ბრალად გედებათ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია,“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ბრალდებულს, როცა იგი ბრალდების არსს კითხულობდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობის მორიგ შემთხვევაზე არსებითი განხილვა დაიწყო. ამ საქმეში დაზარალებული დედასთან ერთად შვილებიც არიან – 12 და 13 წლის გოგონები, რომლებმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვეს, რომ კონფლიქტის დროს, დედის დაცვის გამო, მამამ მათაც სცემა.

პროკურატურის ვერსიით, გაგა ხ. 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე ძალადობდა ცოლზე. მოსამართლემ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი წაიკითხა. ყველა ეპიზოდში აღნიშნულია, რომ ბრალდებული „ეჭვიანობის ნიადაგზე“ სცემდა ცოლს. ერთ-ერთ ეპიზოდში კი, ბრალდებულმა ცოლს ავტომანქანაში ფეხი ჩაარტყა.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ,“ – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს. იგი მეორე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულის ადვოკატმა, ლევან ცეცხლაძემ კი თქვა, რომ საქმეში მხოლოდ ცრუ ჩვენებებია. „იმედი გვაქვს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება,“ – დასძინა ადვოკატმა.

ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა და მისი მტკიცებულებად დაშვება მოითხოვა. დასკვნის მიხედვით ფიზიკური დაზიანება ჰქონდა ბრალდებულსაც. მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნია მოსამართლემ.

„დაპირისპირების დროს ცოლმა დაარტყა დანა ზურგში ქმარს, ამით ეს მტკიცდება,“ – გვითხრა ადვოკატმა ლევან ცეცხლაძემ.

მოსამართლის დარბაზში შემოსვლამდე ბრალდებულის ახლობლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კონფლიქტს საფუძველი ჰქონდა“ და „ჟურნალისტებმა ამას უნდა მიაქციონ ყურადღება.“ მათი თქმით, ცოლი სისტემატურად ღალატობდა ქმარს.

„ერთ ღამეს მივიდა გაგა ცოლის ძმის ბინაში, სადაც ბოლო დროს ეს ქალი რჩებოდა და იქედან კაცის ლაპარაკის ხმა გაიგონა,“ – გვიყვება ბრალდებულის ოჯახის წევრი, – „კარი არ გაუღეს… მერე შევიდა ბინაში, იქ აღარ იყო ვინმე. ეტყობა, გადაძვრა ის კაცი აივნიდან ან დამალა ქალმა… განქორწინება უნდოდათ, მაგრამ ეს ქალი ქონებას ითხოვდა, შვილების წილი მომეცითო. ახლა შვილებიც წაიყვანა და წავიდა.“

სასამართლოს მორიგ სხდომაზე ჩვენებას მისცემენ დაზარალებული ქალი და არასრულწლოვანი გოგონები. დღევანდელ პროცესზე არავინ დაუკითხავთ, რადგან პროკურორ პაატა ცეცხლაძეს მოწმე წარმოდგენილი არ ჰყავდა.

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას ელოდება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე, შინაპატიმრობა ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

„უნდა მოეკლა ადგილზე, ეს იქნებოდა უკეთესი…“ – ჩაილაპარაკა ბრალდებულის ახლობელმა, როცა იგი მოსამართლის გასვლის დროს პატივისცემის ნიშნად ფეხზე წამოდგა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი