მთავარი,სიახლეები

შვიდი კონცერტი, რომელიც წელს არ უნდა გამოტოვოთ

07.06.2018 • 3262
შვიდი კონცერტი, რომელიც წელს არ უნდა გამოტოვოთ

ქართველი მსმენელი უკვე შეეჩვია იმას, რომ ტურისტულ სეზონზე საქართველოში მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსები ჩამოდიან, გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია. გთავაზობთ იმ კონცერტების ჩამონათვალს, რომელთაგან ყველას თუ არა, რამდენიმეს მაინც ღირს დაესწროთ.

RÓISÍN MURPHY

 თბილისში ირლანდიელი მომღერალი, მუსიკოსი და პროდიუსერი, 90-იანებში ელექტრონული პოპ კოლექტივის Moloko-ს ვოკალისტი RÓISÍN MURPHY გამოვა. იგი საქართველოში ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ის ფარგლებში ჩამოდის, რომელიც 22-24 ივნისს იმართება. ფესტივალზე დასასწრები სრული დღის ბილეთის ფასი – 70 ლარია, 3-დღიანი აბონემენტისა კი – 170.

ტომ ოდელი 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუსიკოსი, რომელიც 24 ივნისს, ასევე TBILISI OPEN AIR-ის ფარგლებში ეწვევა დედაქალაქს, ბრიტანელი მომღერალი ტომ ოდელია, რომლის კომპოზიციაც Another Love  წლებია არ კარგავს პოპულარობას მსოფლიოს მასშტაბით. ტომ ოდელის მუსიკალური შემოქმედების შეფასებისას, „ტელეგრაფის“ მუსიკალური კრიტიკოსი წერს,  რომ შესრულების მანერით, ვოკალითა და მკვეთრი ტონებით, ოდელი შესაძლოა სწორედ ის ელემენტი იყოს, რომელიც აქამდე  70-იანი წლების ელტონ ჯონის ექსტრავაგანტულობასა და „ქოლდფლეის“ ეპიკურ ემოციონალიზმს შორის აკლდა.

ელტონ ჯონი

30 ივნისსა და პირველ ივლისს „შავი ზღვის არენაზე“ სწორედ ზემოთ ხსენებული ელტონ ჯონი ჩაატარებს კონცერტს.  ინგლისელი პოპვარსკვლავი, პიანისტი და კომპოზიტორი ტურნეს ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა. მისი კონცერტი შეკვეთილში შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო, რადგან მომღერლის ბენდის წევრმა ოპერაცია გაიკეთა.  ელტონ ჯონმა წელს გამოსამშვიდობებელი ტურნე დააანონსა. ტურნე – Farewell Yellow Brick Road-ი 2018 წლის 8 სექტემბერს აშშ-ში დაიწყება და მის ფარგლებში ხუთ კონტინენტზე 300 შოუ გაიმართება. ტურნე 2021 წელს დასრულდება, ამიტომ თუ სერ ელტონ ჯონის გულშემატკივარი ხართ, უმჯობესია მისი მოსმენა სწორედ შეკვეთილში მოასწროთ, თუ არა და 2021 წლამდე ჯერ კიდევ გაქვთ დრო. შეკვეთილში ელტონ ჯონის კონცერტზე ბილეთები კვლავ ხელმისაწვდომია, ბილეთების ფასი 120 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს, ადგილის მიხედვით.

რობერტ პლანტი 

19 ივლისს  Black Sea Arena-ზე, შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში ინგლისელი მუსიკოსი,  Led Zeppelin-ის ვოკალისტი რობერტ პლანტი ამოვა. ამ კონცერტზე ბილეთები აპრილიდან იყიდება და tkt.ge-ს მონაცემებით ამჟამად ბილეთის ფასი 250-დან 400 ლარამდეა. რაც შეეხება უფრო იაფფასიან ბილეთებს, ვებგვერდის მონაცემებით, ყველა ასეთი ბილეთი უკვე გაყიდულია.

Cigarettes After Sex 

27 ივლისს, თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, Summer Set-ის ფარგლებში ცნობილი ამერიკული მუსიკალური ჯგუფი Cigarettes After Sexიმღერებს. Summer Set-ი თბილისის ზღვაზე ჩატარდება. Cigarettes After Sex ამერიკული ჯგუფია ტეხასიდან, Ambient Pop-ის განხრით. მათ ჟანრში შედის, ასევე: Dream pop და Slowcore. ჯგუფი 2008 წელს დაარსდა და ის ოთხი მუსიკოსისგან შედგება. ბენდის დამფუძნებელი და ლიდერია ვოკალისტი გრეგ გონზალესი. მასვე აბარია ელექტროგიტარა, აკუსტიკური გიტარა და ბასი.

WhoMadeWho 

27 ივლისს, თბილისში, ამავე კონცერტზე გამოვა დანიური ჯგუფი კოპენჰაგენიდან – WhoMadeWho. ჯგუფის მუსიკა Indie Rock-ს და Dance Punk-ის ჟანრს მიეკუთვნება. ჯგუფი 2003 წელს ჩამოყალიბდა და და ის სამი მუსიკოსისგან შედგება. Summer Set-ზე დარჩენილია 50-60 ლარიანი ბილეთები. 

The Chemical Brothers

პირველ სექტემბერს, რუსთავის ავტოდრომზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, ელექტრონული მუსიკის ბრიტანული დუეტის The Chemical Brothersის კონცერტი იგეგმება. ჯგუფი 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ისტორიაში საკმაოდ გავლენიან მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა.  ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება და 360 ლარს აღწევს. ჯგუფი საქართველოში “ისთერნ ფრომოუშენსს” ჩამოჰყავს.

გარდა ამ ჩამონათვალისა, წელს საქართველოში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯგუფი/მუსიკოსი ჩამოდის. მათ შესახებ “ბათუმელები” ინფორმაციას პერიოდულად შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: