ავარიული ხიდი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე და 2 მილიონი ლარი დროებითი სამუშაოებისთვის

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულთან მდებარე ხიდი კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია. ე.წ. საფრის ხიდი, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად 15 მაისს წვიმამ დააზიანა: „მისასვლელი ბურჯის ტანი გადატეხილია შუა ნაწილში და გადაყირავებულია ბათუმიდან მისასვლელი გზის მხარეს დაახლოებით 30-40 სმ-ით. ასევე, გამორეცხილია სარეგულაციო ფრთები, მდინარის გასასვლელში. შეიმჩნევა მეწყრული პროცესების გააქტიურება“.

ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

„დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით და აღნიშნული გზით სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მრავალი ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებელი. ასევე, აღნიშნული მიმართულებით მდებარეობს საზაფხულო საძოვრები, რომლითაც მრავალი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამასთან ერთად, აღნიშნულ საკურორტო ზონაში ინტენსიურად მიმდინარეობს დასვენებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარება.

აქვე გასათვალისწინებელია მოახლოებული საკურორტო სეზონი და გაზრდილი ტურისტული ნაკადი, რომლებიც გადაადგილდებიან კურორტ ბეშუმისკენ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უმოკლეს ვადებში აღდგენა წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესს,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც ხიდის და მიმდებარე მონაკვეთების დროებით აღდგენა-გამაგრებისთვის უკვე გააფორმა ხელშეკრულება შპს  „ჯორჯიან ენერჯისთან“.

აღნიშნულმა კომპანიამ შესაბამისი პრევენციული სამუშაოები 2 000 000 ლარად, 31 აგვისტომდე უნდა შეასრულოს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:  „ხიდი სერიოზული საფრთხის წინაშეა და საჭიროებს საჩქაროდ გეოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარებასაც“.

ხულო, დაზიანებული „საფრის ხიდი“ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე / გზების დეპარტამენტის ფოტო

ხულო, დაზიანებული „საფრის ხიდი“ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე / გზების დეპარტამენტის ფოტო

ხულო, დაზიანებული „საფრის ხიდი“ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე / გზების დეპარტამენტის ფოტო

ამავე თემაზე:

პრობლემური საფრის ხიდი ხულო-გოდერძის გზაზე – როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com