„თუ სისტემამ მასწავლებელს აგრძნობინა, რომ მოტივაცია არაფერს ნიშნავს, ეს დიდი საფრთხეა“

დღეს, 4 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პედაგოგებს PIRLS-ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევის მიხედვით, საქართველოში მეოთხეკლასელ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ. გამოკითხვაში ხუთი ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორმა ნინო რევიშვილმა და კვლევის კოორდინატორმა ნათია ანდღულაძემ გამართეს. „ბათუმელები“ ნინო რევიშვილს ესაუბრა.

ქალბატონო ნინო, რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ბავშვები ვერ აღწევენ სასურველ შედეგს მეოთხე კლასშიც კი. ეს არის განათლების სისტემის პრობლემა, თუ სხვა მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ?

განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა მე-4 კლასში აფასებ მოსწავლეების წიგნიერებას და ხედავ, რომ გაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები. ბუნებრივია, ამ ეტაპზე ბავშვთან მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რთული, სწორი მეთოდების გამოყენებაა საჭირო, რადგან ამ ეტაპზე მოსწავლის მოტივაცია, წესით, გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე, ვთქვათ, მეცხრე კლასში.

პირველი პრობლემა, რაც ამ შედეგებს განაპირობებს, არის ის, რომ  ძალიან დიდი სხვაობაა საჯარო და კერძო, სოფლისა და ქალაქის სკოლების რესურსებში. ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ადამიანურ რესურსებსაც ვგულისხმობ. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა ეთნიკური უმცირესობების სკოლებში და ეს კიდევ ცალკე თემაა.

როცა რესურსებზე ვსაუბრობ, ბუნებრივია, ვგულისხმობთ სკოლის ეფექტურ ადმინისტრაციასაც, სასწავლო პროცესებში ჩართული მშობელიც რესურსია.

ძალიან დიდი ეფექტი აქვს სასკოლო კლიმატს. თუ რა დამოკიდებულება არსებობს კოლეგებს შორის, ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. თუ მოსწავლეს სკოლისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა აქვს, ის თურმე გაცილებით მოტივირებულია და ეს მოტივაცია განაპირობებს შედეგებსაც.

თუ ბავშვს სკოლა არ უყვარს, ის არ ისწავლის. სკოლამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომ პედაგოგსაც და მოსწავლესაც სკოლაში მისვლა უხაროდეს.

ანუ დაბალი შედეგები იმის ბრალია, რომ სიხარულის განცდა არ აქვთ სკოლებში?

რატომ არ უხარიათ, ამას ცალსახად ვერ განვაზოგადებთ, რადგან ამის მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს. მოსწავლეებში ეს შეიძლება იყოს ბულინგის თემა, ან ის, რომ მოსწავლე, რომელიც ვერ მიიწევს აკადემიურად წინ, მუდმივად აქვს დაბალი თვითშეფასების პრობლემა. სკოლებს, რომლებსაც სწამთ, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, ხელს უწყობს და ეხმარება ამ წარმატების მიღწევაში, საკმაოდ ცოტაა.

შემდეგი პრობლემა ეს არის მშობლის როლი. ვერ ვიტყვით, რომ ქართველი მშობელი ინდიფერენტულია შვილის განათლების მიმართ, მაგრამ მისი ჩართულობა ხშირად არაადეკვატურია.

კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახებს, სადაც წინასასკოლო მზაობას დიდი როლი აქვს, იქ ბავშვები ბევრად მეტ წარმატებას აღწევენ და ეს ეფექტი დაახლოებით მე-9 კლასამდე უნარჩუნდებათ. ძალიან დიდი ეფექტი აქვს მშობლის ჩართულობას.

შეიძლება ზოგიერთ ოჯახში მშობლის წინასასკოლო ჩართულობა დაბალია, მაგრამ ამისთვის ხომ არსებობს საბავშვო ბაღები. განათლების სამინისტროს ხომ აქვს სასწავლო პროგრამები ბაღებისთვის, რატომ ვერ ახერხებენ ისინი ბავშვის წინასასკოლო მომზადებას?

საბავშვო ბაღებს იმაზე შეზღუდული რესურსი აქვთ, ვიდრე სკოლებს. ეს არ არის საბავშვო ბაღების სისტემის ბრალი, უკიდურესად შეზღუდული რესურსების ბრალია. ძალიან ცოტა საბავშვო ბაღია, ზოგადად, ქვეყანაში, სოფლებში მით უმეტეს არ აქვთ წვდომა ამ სერვისებზე ოჯახებს, არც აღმზრდელ-მასწავლებლების რაოდენობაა საკმარისი ბაღებში.

ბუნებრივია, ჩვენი საერთო რეკომენდაციაა სახელმწიფოსთვის, რომ საბავშვო ბაღების მხარდაჭერა მოხდეს, რადგან სწორედ ბაღში და სკოლაში უნდა მოხდეს იმის კომპენსირება, რის მიღებასაც ბავშვი ოჯახში ვერ ახერხებს, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახები, სადაც მაღალია მშობლების ჩართულობა, იქ შედეგები მაინც მაღალია.

თქვენ ადრეც საუბრობდით იმაზე, რომ სახელმწიფომ სწორა უნდა შეძლოს რესურსების მართვა, მაგრამ ფაქტია, რომ წლები გადის და სახელმწიფო ვერ აღწევს შედეგს. რატომ?

სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, მაგრამ სახელმწიფო ცდილობს დააინტერესოს პედაგოგები, რომ მთის სკოლებში წავიდნენ სამუშაოდ. ეს პროგრამა ადგილობრივი თემების გაძლიერებას უწყობს ხელს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ პედაგოგებს შორის გვაქვს დიდი კონკურენცია.

TIMSS (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო) კვლევების მიხედვით, მარტო კერძო სკოლის მიღწევა რომ ავიღოთ, ჩვენ ვართ ნორვეგიასთან ახლოს და მარტო საჯარო სკოლები რომ ავიღოთ, ვართ იმაზე დაბლა, ვიდრე ამ ბოლო კვლევის მიხედვით.  იმას არ ვამბობ, რომ კერძო სკოლებში იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ უკეთესია. სამწუხაროდ უფსკრული კერძოსა და საჯაროს, ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის იზრდება და არ მცირდება.

როგორ ფიქრობთ, თუკი სახელმწიფო მნიშვნელოვნად გაზრდის მასწავლებლის ხელფასს მისი კვალიფიკაციის მიხედვით და ნაკლებ რესურსს დახარჯავს გადამზადება-ტრენინგებზე, რითაც ხშირად თვითონ პედაგოგებიც არ არიან კმაყოფილნი, ეს შეცვლის სწავლა-სწავლების დონეს? იქნებ სჯობდეს, მასწავლებელმა თვითონ იზრუნოს პროფესიულ ზრდაზე, მაგრამ მიიღოს მაღალი ხელფასი. ეს გაზრდიდა მასწავლებლებს შორის კონკურენციასაც.

მასწავლებლის შრომა უკიდეგანოა და ვფიქრობ, განსაკუთრებულ მასწავლებელს სახელმწიფომ განსაკუთრებული პირობები უნდა შეუქმნას, მას უნდა ჰქონდეს მეტი მოტივაცია და არა მარტო მონეტარულად.

თუ სისტემამ მასწავლებელს აგრძნობინა, რომ მისი მოტივაცია არაფერია, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. ამიტომ მოტივაციაზე და სახელმწიფოს მხრიდან კარგი მასწავლებლის მხარდაჭერაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

ბათუმში პედაგოგებს PIRLS -ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გააცნეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com