მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 57 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 15 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 47, გურიაში – 4, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 30, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 49, მცხეთა-მთიანეთში – 16, შიდა ქართლში – 45, ქვემო ქართლის მასშტაბით – 16, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 50, თბილისის მასშტაბით 4 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 461 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი და ამოღებულია 27 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.


მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან