გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაახლოებით 25 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა გვატემალაში  ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად. ვუკლანი გვატემალას დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გავარვარებული ლავა და ფერფლი ვულკანთან ახლო მდებარე დასახლებულ პუნქტებს მისწვდა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ვერ ხერხდება ყველა რაიონამდე მისვლა. დაიკეტა დედაქალაქის მთავარი აეროპორტი.

გვატემალას ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ევაკუირებულია 3000-მდე ადამიანი, თუმცა საფრთხისშემცველი, ვულკანთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეების რიცხვი 1,7 მილიონს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, გაერიდონ მდინარეების ახლომახლო ადგილებს, რადგან სწორედ მდინარის კალაპოტებში მოედინება ცეცხლოვანი ლავა.

უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, ლავის ნაკადმა მიმართულება შეიცვალა და დაფარა ელ-როდეო – 14 ათასი ადამიანით დასახლებული ქალაქი, ასევე სან-მარკოს დეპარტამენტის სოფელი – ლა ლიბერტადი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი საკუთარ სახლშივე დაიხოცა.

გვატემალას პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, უნდა ვივარაუდოთ, რომ კატასტროფის მსხვერპლად იქცა ყველაზე მცირე სამი რაიონი. ექსპერტების თქმით, ეს ვულკანის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევაა 1974 წლის შემდეგ.

ვიდეოკადრებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილებიდან ვრცელდება, ჩანს ლავის ნაკადს გაყოლილი ადამიანების, მათ შორის მაშველების ცხედრები. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ვულკანი ფუეგო გვატემალას დროით კვირას, დილის 11 საათზე ამოიფრქვა პირველად, მეორედ კი – საღამოს რვა საათზე.

ადგილობრივი სეისმოლოგიური ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამოფრქვევის შედეგად 20 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებები დაზარალდა.

მთავრობა მოსახლეობას ფერფლისგან დამცავი ნიღბების ტარებას ურჩევს. სამაშველო სამუშაოებში  ჩართულია გვატემალას არმია. სამხედროები ეხმარებიან მაშველებს და აწყობენ დროებით თავშესაფრებს გადარჩენილი დაზარალებულებისთვის, რომლებსაც სახლების დატოვება მოუხდათ. იწმინდება ვულკანური ფერფლით დაფარული გვატემალას მთავარი აეროპორტი.


წყარო:

BBC   

Gardian

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან