ვის შეუძლია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა,  საქართველოს რამდენი მოქალაქე მიმართავს ყოველწლიურად საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით. ასოციაციის – „ქართველები საფრანგეთში“ ფეისბუქჯგუფში, საშუალოდ დღეში ერთი ადამიანი მაინც სვამს კითხვას, თუ როგორ უნდა ჩაბარდეს საფრანგეთში ლტოლვილად და რა პროცედურების გავლა მოუწევს მას თავშესაფარში მოსახვედრად.

მიზეზი, რის გამოც ქართველებს საფრანგეთში სურთ თავშესაფრის მიღება, ბევრია. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და მძიმე დაავადება, რომლის მკურნალობა საქართველოში ძვირი ჯდება – ამ მიზეზებს შორის ყველაზე პოპულარულია.

ლტოლვილის სტატუსი, შენაცვლებითი (სუბსიდიალური) მფარველობა და მოქალაქეობის არმქონე პირის (აპატრიდის) სტატუსი – ეს არის ის სტატუსები, რომლებიც შეიძლება თავშესაფრის მაძიებელმა მიიღოს.

ლტოლვილის სტატუსის მიღება მაშინ შეუძლია ადამიანს, თუ ის არის დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო.

სტატუსის მიღება ასევე შეუძლია პირს, რომელიც თავისუფლებისთვის საქმიანობის საფუძველზე გახდა დევნის მსხვერპლი.

საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსს და შენაცვლებით მფარველობის მისაღებად საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მფარველობის ოფისს (OFPRA) უნდა მიმართოთ ან ლტოლვილთა ეროვნულ სასამართლოს (CNDA).

„ყველას, ნებისმიერ ადამიანს, აქვს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. სპეციალური დაწესებულებებია, სადაც მიდიხართ, აბარებთ საბუთებს და შემდეგ ელოდებით ინტერვიუს. ვადებია, რა დროშიც გიბარებენ ინტერვიუზე. ამ ინტერვიუს დროს თქვენ უნდა უპასუხოთ კითხვებს, თუ რატომ ვერ ბრუნდებით საქართველოში, რატომ გინდათ საფრანგეთში ცხოვრება და რა საფრთხე გემუქრებათ. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ თქვენს სიცოცხლეს ნამდვილად ემუქრება საფრთხე.

აუცილებელია  დოკუმენტაცია.

მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა წარმოადგინა კონკრეტული დოკუმენტაცია, თუ როგორ სცემეს. დოკუმენტაციაში ითვლება – მუქარის წერილებიც. საფრანგეთს იმის უფლებამოსილებაც კი აქვს, რომ მოიძიოს დეტალურად, რამდენად მართალია ინფორმაცია, რომელსაც თავშესაფრის მაძიებელი აწვდის. საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ აძლევენ უკვე თავშესაფარს,“ – ამბობს სალომე საძაგლიშვილი. ის სამი წელია, რაც საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის დეპარტამენტის OFII -ის თანამშრომელია.

სალომე საძაგლიშვილი, საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის დეპარტამენტის OFII -ის თანამშრომელი

სალომე ამბობს, რომ ნებისმიერი მიგრანტი, რომელიც დადებით პასუხს მიიღებს ლტოლვილის სტატუსზე, ვალდებულია გაიაროს ტრენინგკურსი, სადაც მას აცნობენ ინფორმაციას მათი უფლებების და ვალდებულებების შესახებ საფრანგეთში.

სალომე იმ მიგრანტებს ხვდება, ვისაც თავშესაფრის მინიჭებაზე საფრანგეთმა დადებითი პასუხი მისცა და მათ საფრანგეთის კონსტიტუციას, ღირებულებებს და მთავარ პრინციპებს აცნობს.

„ნებისმიერი მიგრანტი, რომელსაც საფრანგეთი თავშესაფარს აძლევს, აწერს კონტრაქტს ხელს საფრანგეთთან, რომ იღებს ვალდებულებას პატივი სცეს საფრანგეთის ყველა ღირებულებას და ყველა კანონს. ჩვენ ვუხსნით მათ ამ კანონს. ტრენინგის შემდეგ უტარდებათ გამოცდა, შემდეგ იღებენ  სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატის საფუძველზე მათ აქვთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება. ყოველ წელს დაახლოებით 200 ათას მიგრანტს აძლევს საფრანგეთი ცხოვრების უფლებას“.

სალომეს თქმით, იმ სამი წლის მანძილზე, რაც ის OFII-ის თანამშრომელია, დაახლოებით 40 ათას მიგრანტს შეხვდა. მათ შორის იყვნენ ქართველებიც. მისი თქმით, ქართველებს ძალიან უჭირთ საბუთის აღება.

სალომეს თქმით, ვიზალიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ძალიან გაიზარდა საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი. საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ტურისტად ჩადიან, შემდეგ ბარდებიან და ითხოვენ თავშესაფარს. იმის გამო, რომ საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა, თითოეული საქმეს დაჩქარებული წესით სწავლობენ.

„ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნაზე, ფაქტობრივად, არ არის დადებითი პასუხი. ჯერ ერთი ძალიან სწრაფად ხდება განხილვა, შესაბამისად ნაკლებად იკვლევენ, მალევე არის უარყოფითი პასუხი და მალევე გთხოვენ ქვეყნის დატოვებას. თუ ეწინააღმდეგები, შემდეგ მალევეა დეპორტი. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყოველთვის არის, მაგრამ ძალიან იშვიათი,“ – ამბობს სალომე.

ცალკეული შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა საფრანგეთში თავშესაფარი მიიღეს, სექსუალურ უმცირესობებს უკავშირდება.

„საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით არ განიხილება, როგორც ლგბტ თემის მიმართ განსაკუთრებით აგრესიული ქვეყანა. ის აგრესიული ფაქტები, რომელიც შეიძლება ხდებოდეს საქართველოს რომელიმე ქალაქში ან სოფელში, ჩვენ რომ გვგონია, რომ არ გადის ქვეყნებს გარეთ, ასე არ არის. რეალურად გადის და ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს რეპუტაციაზე. ამ ფაქტების შემდეგ ცნობილია, რომ  რეალური საფრთხე არსებობს, შესაბამისად, ჩემი აზრით, და გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო მარტივია სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თავშესაფრის მიღება, პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე მარტივი. ყველაზე ნაკლებად შევხვედრივარ პოლიტიკური ნიშნით საბუთაღებულ ადამიანს, უფრო ხშირად არის, რომ ავადმყოფობის მხრივ აძლევს საფრანგეთი საბუთს. თუმცა ესეც გართულებულია. ადამიანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი დაავადების მკურნალობა გამორიცხულია მის ქვეყანაში და მხოლოდ ამის შემდეგ  მიიღებს თავშესაფარს,“ – ამბობს სალომე საძაგლიშვილი.

აეროპორტიდან თავშესაფრამდე

საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის დეპარტამენტის OFII -ის თანამშრომელი სალომე საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ საფრანგეთში საქართველოს საელჩო უფრო აქტიურად უნდა ერთვებოდეს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეხება. პირველ რიგში, რაც მოქალაქეებს აკლიათ, არის სწორი, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ელით მათ, როდესაც საფრანგეთში ჩავლენ. სწორედ ამ მიზნით შექმნეს ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“, მოგვიანებით კი გახსნეს ამავე სახელწოდების ფეისბუქჯგუფი, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის ფუნქციაც შეითავსა.

„ამ ჯგუფის წყალობით არაერთმა ადამიანმა გადაიფიქრა საფრანგეთში ჩამოსვლა. რეალური ისტორიების მოსმენით მიხვდნენ, რომ მოუწევდათ საშინელი გზის გავლა ამ ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად. როდესაც ჩამოდიხარ, თუ არ გყავს არავინ, რომ შეგიფაროს, რჩები ქუჩაში. და არაერთი ქართველი ოჯახი ვიცი, რომელსაც ქუჩაში სძინავს. ქუჩაში ნიშნავს ხიდზე ცხოვრებას, ან ხიდქვეშ ცხოვრებას, ან ნიშნავს მანქანაში ცხოვრებას. მანქანაში სძინავთ ოჯახებს, დედას, მამას და მათ ოთხ შვილს.

როდესაც ჩამოდიხარ, სანამ პასუხი გექნება საფრანგეთის მხრიდან, იქამდე შენით უნდა მიხედო თავს. მაგალითად პარიზში, ყველაზე იაფ უბანში, ერთი ღამე რომ გაათიო, მინიმუმ უნდა გაითვალისწინო 30 ევრო. 30 ევრო არის 90 ლარი. ადამიანს იმის საშუალება თუ აქვს, რომ თვეობით 90 ლარი იხადოს ერთ ღამეში, საფრანგეთში ჩამოსვლაც არ მოუნდება. ფული რადგან არ აქვთ, ეს ხალხი რჩება ქუჩაში. მე, პირადად, წამომიყვანია ჩემთან სახლში ქალი, რომელიც ქუჩაში რჩებოდა.

ხშირად ხდება ისე, ქართველი აქ ჩამოდის, წლების განმავლობაში ბოლოს როგორც იქნება ამოისუნთქავს. მერე ეუბნებიან ნათესავებს: „ჩამოდი აქ ძალიან მაგარია, ჩამოდი, ჩამოდი… რეალურად ისე ხდება, რომ შემდეგ ეს ხალხი ქუჩაში რჩება. იყო ასეთი შემთხვევებიც – „ჩამოდი, ჩამოდი ბიჭო, მე მოგხედავ და შემდგომ ტელეფონიც აღარ აიღო“.

მე მესმის საქართველოში საშინელი ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ უნდა დაფიქრდნენ, სანამ წამოვლენ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ხშირ შემთხვევაში, მათი აქ ჩამოსვლა მთავრდება უარყოფითი პასუხით – „დატოვე ქვეყანა“, – ამბობს სალომე საძაგლიშვილი.

თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ საფრანგეთში წასვლა და თავშესაფრის მოთხოვნას, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი უფლებები.

როგორ  უნდა მიმართოთ OFPRA-

არ აქვს მნიშვნელობა, ლეგალურად იმყოფებით თუ არალეგალურად საფრანგეთის ტერიტორიაზე, თავშესაფრის მოთხოვნა ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ.

სანამ ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მფარველობის ოფისში (OFPRA-ში) მოთხოვნას გააგზავნით, აუცილებელია დარეგისტრირდეთ ერთიან მიმღებ პუნქტში. საფრანგეთის ტერიტორიაზე სულ 34  ერთიანი მიმღები პუნქტია. იმისთვის, რომ მიმღებ პუნქტში სრულყოფილი ანკეტა შეავსოთ, საჭიროა მიმართოთ რომელიმე დამაკვალიანებელ ასოციაციას, სწორედ მათ ევალებათ თავშესაფრის მაძიებლებს ადმინისტრაციულ საქმეებში დაეხმარონ. ამგვარი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას ერთიან მიმღებ პუნქტში მოგაწვდიან.

დამხმარე ორგანიზაცია შეგავსებინებთ ელექტრონულ ანკეტას ფრანგულ ენაზე და დაგინიშნავთ ერთიან მიმღებ პუნქტში შეხვედრის თარიღს. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე არ დააგვიანოთ, ამ შემთხვევაში  შეხვედრა გაუქმდება.

გასაუბრება იმ ენაზე წარიმართება, რა ენაც მიუთითეთ ანკეტაში. მაგალითად, თუ აირჩევთ ქართულს, გასაუბრება ქართულ ენაზე ჩაგიტარდებათ.

მიმღებ პუნქტში დარეგისტრირების შემდეგ, პირველ ეტაპზე, აგიღებენ ანაბეჭდებს, დაადგენენ პასუხისმგებელ ქვეყანას და თქვენს საქმეს OFPRA დაჩქარებული წესით, 15 დღეში განიხილავს. დაჩქარებული წესით განაცხადების განხილვა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ხდება, რადგან საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

სწორედ იმის გამო, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, საქართველოს მოქალაქეები, უმრავლეს შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ვერ გადადიან. ანკეტის დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, OFPRA უარს ეუბნება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, მათ უწერენ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულ ვადაში უნდა დატოვონ საფრანგეთი (დაახლოებით ერთ თვეში).

თუ ისე მოხდა, რომ ლტოლვილის სტატუსის მიღების კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, აგენტი იწყებს თქვენ შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას და გადამოწმებას, იკვლევს იმ მიზეზებს, რამაც საქართველოს დატოვება გაიძულათ. ასევე ეძებს თავშესაფარს თქვენთვის. მეორე ეტაპზე გადასულ თავშესაფრის მაძიებლებს ენიშნებათ ფულადი დახმარება. ფულადი დახმარება მას შემდეგ გენიშნებათ, რაც OFPRA თქვენს თავშესაფრის მოთხოვნას მიიღებს, ანუ რეგისტრაციიდან 21 დღის შემდეგ.

თუ OFPRA-მ უარი გითხრათ თავშესაფრის მოცემაზე, შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილება ლტოლვილთა ეროვნულ სასამართლოში – CNDA გაასაჩივროთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი