ლიფტში ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებით განსაკუთრებული სისასტიკით – ამ დანაშაულის ჩადენას ედავება გამოძიება 26 წლის გ.ჩ.-ს.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 4 ივნისს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა.  მან არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა ბრალდებულის 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. სამართალდამცველებმა გ.ჩ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ადვოკატი ნუგზარ გრძელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დადგენილი ამ ეტაპზე არაფერია, მაგრამ იგი ბრალდებულისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებას აპირებს. მისი თქმით, გ.ჩ. წარსულში ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.

რაც შეეხება სასჯელს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში გ.ჩ-ს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის. ადვოკატი ნუგზარ გრძელიძე უვადო პატიმრობის შეფარდებას ნაკლებად ელის, რადგან ბრალდებულს მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი