რაზე შეთანხმდნენ სარალიძე/მაჩალიკაშვილი და პარტიები

რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში ზაზა სარალიძესა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩაერთვებიან პარტიები. შეხვედრას სარალიძესთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა.

პარტიების ლიდერების განცხადებით, ისინი ხვალ, 3 ივნისს, დღის განმავლობაში შეიმუშავებენ ხელისუფლების შეცვლის სამოქმედო გეგმას და მას საზოგადოებას 18:00 საათზე გააცნობენ. ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ ის განცხადებები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებმა მისი დასრულების შემდეგ გააკეთეს:

ზაზა სარალიძე

მე უკვე გადავწყვიტე, რომ მომეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის… არამარტო [მათთვის], მთელი საქართველოსთვის. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ, რომ ეს სისტემა დაინგრეს. ამ სისტემის მფარველი მთავრობა უნდა ჩამომხობილიყო. აუცილებლად უნდა დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს – გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა, მოძალადე და მკვლელი მთავრობა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

ამ ხელისუფლებაში უკვე შეუძლებელია ჩვენი სიმართლის დამტკიცება.  ყველა ერთად ვართ და ვიბრძვით ერთად: პარტიები, ხალხი, სტუდენტები, მოსწავლეები, გლეხი… ყველა ერთად ვიქნებით და ყველა ერთად დავამხბოთ ამ ხელისუფლებას”.

გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო

ყველა ვერთვებით ამ პროცესში. ხვალ 18:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო მიტინგი, გვექნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღის მანძილზე შევიმუშავებთ. ყველა ოპოზიციური პარტიისთვის კარი ღიაა, [სარალიძემ] მან განაცხადა ეს და ვიმეორებ ამ განცხადებას. ჩვენ დავამთავრებთ ქართულ ოცნებას, მთავრობა უნდა გადადგეს, უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ქვეყანაში  ჯანსაღი ხელისუფლებამოვიდეს. საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა უნდა მივცეთ ამ ქვეყანას.

მოთხოვნა არის ერთი, რაც ზაზა სარალიძემ დააყენა – მთავრობის გადადგომა და ამის შემდეგ თავისთავად რიგგარეშე არჩევნები. ამის კონკრეტულ მექანიზმს გავწერთ როგორ უნდ ამოხდეს ეს ყველაფერი. ვინც არ ჩაყვება ქართულ ოცნებას, კარი მათთვისაც  ღიაა, მათ შორის დეპუტატებს მივმართავ ნუ ჩაყვებით ქართულ ოცნების ამ დანაშაულს. ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება.

ხალხი დაიღალა გაჭივრებით და უსამართლობით.

მშვიდობიანად გავისტუმრებთ ხელისუფლებას. ხალხის რაოდენობას ჩვენ გაჩვენებთ. ამის გარანტიას გაძლევთ. გადაიჭედება მთელი თბილისი და რუსთაველი… ყველა ქალაქი. ამის გარანტიას ვაძლევ “ქართულ ოცნებას.

ზაალ უდუმაშვილი

თითქმის სრულიად ოპოზიციური სპექტრი დადგება აქ ბატონი ზაზას და ბატონი მალხაზის გვერდით. თუ ჩვენ დღემდე ამ პროცესების პასიური წევრები ვიყავით და მხოლოდ აქციებიდან ვადევნებდით თვალს მოვლენების განვითარებას, ხვალიდან უკვე აქტიურად ჩავერთვებით, სწორედ იმიტომ, რომ ეს პროვოკაციები ავირიდოთ თავიდან, ამას სწორედ პოლიტიკოსები უზრუნველყოფენ. მთავარი პოლიტიკოსები არ არიან ამ ყველაფერში, ჩვენ ვიქნებით რიგითი ჯარისკაცები მთლიანად საზოგადოებასთან ერთად. ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ იდგნენ გულანთებულები ამ დღეების განმავლობაში, ის მოსწავლეები, ის საზოგადოება, რომელიც აქ იკრიბებოდა ყოველდღე იმისთვის, რომ ბატონი ზაზასთვის და ბატონი მალხაზისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ, გაათმაგებული ძალებით დადგებიან აქ და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე. მთავარი მოთხოვნა უკვე გაჟღერებულია, რაც ბატონმა ზაზამ უკვე მკაფიოდ თქვა, რომ ამ ადამიანმა ვერ მიაღწია სიმართლეს იმიტომ, რომ წინ დაეჯახა მახინჯი სახელმწიფო მანქანა, ეს სისტემა უნდა ჩამოიშალოს, რადგან ამას საზოგადოება მოითხოვს.

ნიკა მელია

ამ დღეების განმავლობაში თქვენ დაინახეთ როგორი ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მთელი სისტემა. ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, გაგრძელებული პოლიტიკური ხელმძღვანელებით. აქ ჩვენს გვერდით ორი ვერაგულად და სასტიკად მოკლული, შვილმკვდარი მამა დგას, რომელთაც ნაცვლად იმისა რომ მიეღო ახსნა-განმარტება ხელოსუფლების მხრიდან, დასცინეს, შავი პიარი, პროპაგანდის წარმოუდგენელი მანქანა აუმუშავეს. ცილი დასწამეს იმაში, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად ანგაჟირებული არიან, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სუსში, კანცელარიაში და ა.შ. და შენს ღირსებას ლახავს, შენი ტრაგიკული ოჯახის ღირსებას ლახავს  ფეხქვეშ – ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად დაცინვა ამ ადამიანების?

ოთო კახიძე

“ევროპული საქართველო” აქ მოვედით ბატონ ზაზა სარალიძის მოწოდების შემდგომ, რომ პოლიტიკური პარტიები მივსულიყავით მასთან, მოგვესმინა და გამოგვეცხადებინა თანადგომა. ჩვენ აქციის პირველი დღიდან მოყოლებული ვართ ბატონი ზაზას გვერდით და მისი მოთხოვნები რაც არის, დამნაშავეები დასჯა, ასევე იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც ხელს აფარებდა მკვლელებს და დღესაც განაგრძობს ამას. ამისთვის ჩვენ კონკრეტული მექანიზმები შევთავაზეთ საზოგადოებას, როგორიცაა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენი უმრავლესობით, როგორიც არის საზოგადოებისთვის მისაღები მთავარი პროკურორის დანიშვნა, ვინაიდან ივანიშვილის მარიონეტი პროკურორები როგორც იძიებენ საქმეს ყველამ დავინახეთ” – თქვა კახიძემ “TV პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ევროპული საქართველოს” წევრის თქმით, ისინი აქციებში მონაწილეობის მიღება გააგრძელებენ, თუმცა ეს რა ფორმით მოხდება ამ საკითხზე როგორც აქციის ორგანიზატორებთან, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და საკუთრ პარტიაშიც, კონსულტაციები უნდა გამართონ:

“რაც შეეხება მთავრობის გადადგომას, ამ მოთხოვნასაც ჩვენ დაყენების დღიდან მოყოლებული რგორც ბატონმა ზაზამ ეს გააჟღერა, ჩვენ ვეთანხმებით. მაგრამ, ამ აქციის ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ. ჩვენ დღესაც ამ აქციაზე ვდგავართ, ხვალაც ამ აქციაზე ვიდგებით და ბატონ ზაზას თანადგომას გამოვუცხადებთ, მაგრამ ამ აქციის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით გაგრძელდება თანამშრომლობა აქციის ორგანიზატორებთან, ამ თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება. ასე კარავში 5 წუთში მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ჩვენ პარტიაშიც გავმართავთ კონსულტაციებს, სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გავმართავთ კონსულტაციებს და რა თქმა უნდა აქციის ორგანიზატორებთანაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს”, – უთხრა ოთარ კახიძემ “TV პირველს”.


ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს პროცესში ჩართვისა და დახმარებისაკენ დღეს მოუწოდა.

ამავე თემაზე გირჩევთ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com