შავგულიძე: ამ სიტუაციაში ახალი პროკურორი ერთ თუ რამდენიმე საქმეზე შეძლებს გამოძიების ჩატარებას

დღეს, „ევროპულმა საქართველომ“ მთავარი პროკურატურის პოსტზე მმართველ პარტიას შალვა შავგულიძის კანდიდატურა შესთავაზა. შალვა შავგულიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის მზად არის გახდეს მთავარი პროკურორი, თუკი მმართველი გუნდი მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. შალვა შავგულიძეს ვკითხეთ, იმ ფონზე, როცა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გამოძიებამ განზრახ გაანადგურა ყველა მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა ვინ მოკლა მისი შვილი, რა შეუძლია ახალ მთავარ პროკურორს გააკეთოს?

შალვა შავგულიძის აზრით, „თუ აღმოჩნდება, რომ მტკიცებულებები სრულად არის განადგურებული და იმდენად არის განადგურებული და დაზიანებული, რომ არავითარი შესაძლებლობა არ არის ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად, მაშინ წესიერი და კვალიფიციური პროკურორი დაწერ დასკვნას, რომ მტკიცებულებები ნამდვილად არის განადგურებული.

გარდა ამისა, დაიდება დასკვნა, თუ სად და ვის მიერ განადგურდა მტკიცებულებები. ამით დააყენებ იმ ადამიანების, იმ თანამდებობის პირების, იმ სამართალწარმოების თუ ექსპერტის და ა.შ. პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც გაანადგურა მტკიცებულებები და ამ მდგომარეობამდე მიიყვანა სიტუაცია“.

რაც შეეხება სისტემის შეცვლას, შალვა შავგულიძის აზრით, ამას მხოლოდ პროკურატურა ვერ შეცვლის: „ეს უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ. სისტემის სიცუდე კი იმაში მდგომარეობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ეძლევა აბსოლუტური გავლენა პროკურატურის სისტემაზე, ეს გავლენა იმაში მდგომარეობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ხელშია მთავარი პროკურორის დანიშვნის და მისი გათავისუფლების საკითხიც.

მთავარი პროკურორი კი ნიშნავს ქვეყანაში სხვა პროკურორებს, გამომძიებლებს, სტაჟიორებს და ათავისუფლებს მათ.

ინსტიტუციურად, პროკურატურის სისტემა მთლიანად დაქვემდებარებულია მმართველ პოლიტიკურ ძალაზე. თუმცა, ერთ კონკრეტულ საქმეზე, როცა არის საზოგადოების ამხელა ზეწოლა, როდესაც ხელისუფლება იძულებულია პროკურორი გადააყენოს, როცა იძულებულია საგამოძიებო კომისია შექმნას და იქ უმცირესობას შესთავაზოს უმრავლესობა, ამ სიტუაციაში ახალი პროკურორი, დროის გარკვეულ მონაკვეთში, კონკრეტულად ერთ თუ რამდენიმე საქმეზე, რა თქმა უნდა, შეძლებს სამართლიანი გამოძიების ჩატარებას.  რა თქმა უნდა, ეს პროკურორი დიდხანს ვერ დარჩება თანამდებობაზე, რადგან ეს ძალა გაუშვებს“.

შალვა შავგულიძის თქმით, დღევანდელ სიტუაციაში პასუხისმგებლობის აღება ძალიან რთულია, „მაგრამ როცა ასე მწვავედ დგას საკითხი და როცა საზოგადოების ნაწილი მოგმართავს და სჯერა, რომ შენ ხარ ის კანდიდატი, ის იურისტი, რომელიც ხარ იმ კვალიფიკაციის და იმ პრინციპულობის, რომ ამ სიტუაციაში სამართლიანობის აღდგენისთვის შეგიძლია დადებითი ფუნქცია შეასრულო, როგორ უნდა გაექცე ამ პასუხისმგებლობას და რატომ უნდა თქვა უარი?

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ დაადგა „ნაციონალური მოძრაობის“ გზას და გადაწყვიტა, რომ მართვადი პროკურატურა, მართვადი სასამართლო კარგია. სწორედ ამიტომ დავტოვე უმრავლესობა და ამიტომ ვოპონირებდი, მაგრამ დღეს იმიტომ დავთანხმდები მთავარ პროკურორობაზე შემოთავაზებას, რომ ასეთი ცუდი მდგომარეობაა პროკურატურაში“.

შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com