მთავარი,სიახლეები

ბათუმში აქცია რამდენიმე ორგანიზატორმა პროტესტის ნიშნად დატოვა

01.06.2018 • 13183
ბათუმში აქცია რამდენიმე ორგანიზატორმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ბათუმში საპროტესტო აქცია “ნუმომკლავ” ორმა აქტივისტმა დატოვა, ვინც ამ დრომდე აქციაზე სიტყვით პერიოდულად მიმართავდა შეკრებილებს.

ანი დიასამიძემ ტრიბუნაზე განაცხადა, რომ ის საპროტესტო აქციას ტოვებს, რადგან არ უნდა, რომ პოლიტიკური სპეკულაციის მსხვერპლი გახდეს.

“როცა ვემზადებოდით აქციისთვის, ვიცოდი, რომ აქ ვინც გამოვიდოდა სიტყვით, არ იქნებოდა პოლიტიკურად ანგაჟირებული. აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. გამოდის, რომ ამ ტრიბუნას იყენებენ ადამიანები პოლიტიკური მიზნებისთვის. ზაზა სარალიძის თემას ისინი იყენებენ პოლიტიკურად,”- განაცხადა ანი დიასამიძემ.

“კონკრეტულად ვის გამოსვლას მოჰყვა აქტივისტის  პროტესტი?”- ანი დიასამიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ კონკრეტულ სახელებს და გვარებს დღეს ვერ დაასახელებს და განმარტებებს ხვალ ანრი ბიბილეიშვილთან ერთად გააკეთებს.

მსახიობმა ანრი ბიბილეიშვილმა დღეს, საღამოს 7 საათზე საპროტესტო აქცია გახსნა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს და რომელიმე პოლტიკურ ძალასთან ასოცირებულ პირებს ტრიბუნას არ დაუთმობს.

ანრი ბიბილეიშვილმა აქცია განცხადების გარეშე დატოვა. მან “აჭარის ტელევიზიის” ეთერში თქვა, რომ იგი პოლიტიკურ სპეკულაციებს გაემიჯნა.

ამ შემთხვევამდე აქციაზე საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა: გია ხალვაშმა და ლაშა ადამიამ მიმართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, აქციის ორგანიზატორებთან სუს-ის თანამშრომლებმა იმუშავეს. ამას ანი დიასამიძე უარყოფს.

საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე გრძელდება. დღევანდელ აქციაზე ქუჩაში მსვლელობაც დააანონსეს, თუმცა იგი ამ დრომდე არ დაწყებულა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: