ბათუმში 16 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე მიწის 16 ნაკვეთი პირობიან და უპირობო აუქციონებზე გაიყიდება. გასაყიდი ნაკვეთების საერთო ფართობი 4 302კვ.მ-ია, საწყისი საპრივატიზებო საფასური კი ჯამში – 1 მილიონ 9 ათას 850 ლარი. აუქციონზე გასატანი ნაკვეთებიდან 1741 კვ.მ პირობების გარეშე გაიყიდება.

ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილის ქუჩის N43-ის მიმდებარედ 653 კვ.მ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 210 ათასი ლარია, ანუ 1კვ.მ 321,5 ლარი. ეს ნაკვეთი საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ მოხუცთა თავშესაფრის გვერდით მდებარეობს. მერიის პირობების მიხედვით, მომავალ მყიდველს აქ უფლება ექნება ააშენოს საცხოვრებელი კორპუსი.

აღნიშნულ ნაკვეთთან ახლოს, ოღონდ ინასარიძის ქუჩაზე, 1025 კვ.მ ნაკვეთის საწყისი ფასი 310 ათასი ლარია, ანუ 1 კვ.მ 302,4 ლარი. აქ მომავალი მყიდველი ვალდებული იქნება არანაკლებ 725 კვ.მ-ზე მოაწყოს სკვერი – დანიშნულების მუდმივად შენარჩუნებით და ამასთან უფლება ექნება მერიასთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით მშენებლობა 300 კვ.მ ფართობზე განახორციელოს.

ეს ნაკვეთი ორი მხრიდან ესაზღვრება ნაკვეთს [მე-14 სკოლასა და ჟილინის არხს შორის], რომელიც კომპანია „როიალ ბილდინგის“ საკუთრებაშია. ნაკვეთების განლაგებას თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა გასაყიდი ნაკვეთით თავად ეს კომპანია იყოს დაინტერესებული.

9 ნაკვეთის პრივატიზება იგეგმება დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე. ამ ნაკვეთებიდან ანგისის დასახლებაში ერთ-ერთის კონფიგურაცია ისეთია, მას ალბათ მხოლოდ იქვე მდებარე ქონების მესაკუთრე თუ შეიძენს. გასაყიდი ნაკვეთი რთული მოხაზულობისაა და ის ანზორ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს ესაზღვრება, მათ შორის ერთს ოთხივე მხრიდან:

მწვანე ფერით მონიშნულია მიწის ნაკვეთი რომელსაც მერია აუქციონზე გაიტანს

დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე იყიდება ნაკვეთი ლერმონტოვის ქუჩაზე N105-ში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მოპირდაპირე მხარეს. აქ 205 კვ.მ შეფასებულია 34 800 ლარად და ეს ნაკვეთი შპს „ბესტოილის“ საკუთრებაში არსებულ ქონებას ორი მხრიდან ესაზღვრება.

დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე გაიყიდება მიწის ნაკვეთები ბათუმში შემდეგ მისამართებზე: თამარის დასახლება N23-ის, ფრიდონ ხალვაშის N280-ის, სოხუმის N3-ის მიმდებარედ, ასევე გორგილაძის #49-ში [2 ნაკვეთი], ლერმონტოვის N66-ში და აღმაშენებლის ქუჩა N13ა-ში [ეს ნაკვეთი ვიწრო ზოლია, რომელიც სამი მხრიდან ესაზღვრება ეთერ შავაძის საკუთრებას].

მერიაში განმარტავენ, რომ დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე გაყიდულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გაყიდული ნაკვეთი მომიჯნავე ნაკვეთთან გაერთიანდება. შესაბამისად, ასეთი კონკრეტული ქონების შეძენით დაინტერესებული, ბუნებრივია, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეები არიან.

მიწის ნაკვეთი გორგილაძის ქუჩის მიღმა N49-ში, რომელსაც მერია აუქციონზე გაყიდის / ბათუმი, 1.06.2018 / ცაგო კახაბერიძის ფოტო

ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩა N74ბ-ში მდებარე 2015კვ.მ ნაკვეთი, რომელიც აქვე შპს „ჩაქვის ავტოგასამართი სადგურის“ საკუთრებაში არსებულ ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედაა, 24 700 ლარადაა შეფასებული. ეს ნაკვეთი ყოველგვარი პირობის გარეშე გაიყიდება.

უპირობოდ გაიყიდება 350 კვ.მ ნაკვეთი ბათუმის პორტთან – სარკინიგზო ხიდის ასასვლელთან, რომლის საწყისი ღირებულება 163 600 ლარი იქნება; 100კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი აუქციონზე 18 900 ლარი იქნება. ეს ნაკვეთი ლერმონტოვის N48-ის მიმდებარედაა.

853კვ.მ ნაკვეთის საწყისი ფასი აუქციონზე 109 000 ლარი იქნება. ეს ნაკვეთი გენ. ა. აბაშიძის ჩიხი N2-ში მდებარეობს [ჟიული შარტავას ქუჩის მიმდებარედ]. უპირობოდ გაიყიდება ქეთევან წამებულის მეორე ჩიხის N50-ის მიმდებარედ [ტაბიძის ქუჩასთან] მდებარე 233 კვ.მ ნაკვეთი, საწყისი ფასი იქნება 27 600 ლარი.

ბათუმის საკრებულომ მერიას მიწის ნაკვეთების გაყიდვაზე თანხმობა უკვე მისცა.

ამ ნაკვეთების საწყისი ფასი, ჯამში, 1 მილიონი ლარია.

მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულოს სხდომა / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com