მთავარი,სიახლეები

ბრალდებული მოწმეს: აჩეხვით თუ ვემუქრებოდი მელოტ კაცს, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ?

01.06.2018 • 4519
ბრალდებული მოწმეს: აჩეხვით თუ ვემუქრებოდი მელოტ კაცს, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ?

„ქალბატონი, მამაკაცი და კიდევ ბიჭი მელოტი კაცისკენ იწეოდნენ… მერე შეზლონგზე იჯდა ქალი, რომელიც მელოტ კაცს ემუქრებოდა, აგჩეხავო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა დღევანდელ პროცესზე „გონიოს პლაჟის ინციდენტი“  პროკურატურის მიერ დაბარებულმა მოწმემ – მირზა მიქელაძემ. იგი 2016 წლის აგვისტოში მაშველად მუშაობდა გონიოს პლაჟზე, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს და 13 წლის ბიჭს შორის დაპირისპირება მოხდა.

არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლემ სცემა. ამ საქმის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, როცა ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება განახლდა, თუმცა ამ შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ დაუდია. ბრალდებულები ახლა არასრულწლოვნის მშობლები – თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე არიან. მათ მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავება პროკურატურა. საქმის განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. ბრალდებულები დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. ისინი სკაიპის საშუალებით ერთვებიან სასამართლო პროცესებს.

„თუ მე აჩეხვით ვემუქრებოდი „მელოტ კაცს“, როგორც თქვენ ბრძანებთ, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ? არ აღიქვით საფრთხედ ჩემი მუქარა?“ – ჰკითხა მოწმეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ.

მოწმე: „არ ვიცი, რა იყო, დღეს აღარ მახსოვს არაფერი…“.

ამ დიალოგამდე მოწმემ თქვა, რომ ის მაშველი იყო და კონფლიქტის შემთხვევაში, მას ჰქონდა პოლიციის გამოძახების ვალდებულება.

მოწმე მირზა მიქელაძის თქმით, მან სამაშველო კოშკიდან შენიშნა დაპირისპირება პლაჟზე, თუმცა ვიდრე შემთხვევის ადგილას მივიდოდა, კონფლიქტი უკვე ამოიწურა:

„ხალხი ბევრი იყო მოყრილი… სანამ მე მივიდოდი, ადგილზე მყოფმა ტურისტებმა გააშველეს… ქალბატონი შეზლონგზე იჯდა, ილანძღებოდა და იგინებოდა… არ ვიცი, ვინ იყო მელოტი კაცი, ვისაც ემუქრებოდნენ,“ – აღნიშნა მოწმემ.

მოწმემ მოყოლა შეწყვიტა და ფრაზის – „აღარ მახოვს“ აქტიური გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, როცა მას კითხვები ადვოკატებმა და ბრალდებულმა დაუსვეს. ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძის მოთხოვნით, მოწმეს საქმეში არსებული გონიოს პლაჟის ამსახველი ვიდეოც აჩვენეს.

„მინდა, ნახოთ ვიდეო და მითხრათ, თქვენ რომ დაინახეთ, ის მელოტი კაცი ხომ არ აგინებს ბავშვს? ის მელოტი კაცი ხომ არ ურტყამს ბავშვს სახეში?“ – მიმართა მოწმეს თამარ ხაჭაპურიძემ.

„ბარემ, ხმაც მიბაძეთ და ეს იქნება,“ – გაბრაზდა მოსამართლე.

კადრების ჩვენების შემდეგ მოწმემ ფრაზა „აღარ მახსოვს“ კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ბრალდების მხარეს რამდენიმე მოწმე დარჩა დასაკითხი, მათ შორის 6 ტურისტი, რომლებიც ინციდენტის დროს გონიოს პლაჟზე იმყოფებოდნენ. დღეს პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ამ მოწმეების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებების გამოკვლევა მოითხოვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოწმეებს აღარ მოუსმენს სასამართლო და მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს წაიკითხავენ. მოწმეებს შორის სამი უცხოენოვანი ტურისტია. ამ შუამდგომლობის განხილვა გადაიდო, რადგან ადვოკატებმა პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვეს.

დასაკითხია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძეს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

მოწმის დაკითხვის დაწყებამდე დაცვის მხარემ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდებულების თქმით, მოსამართლე მხარეთა თანასწორობის პრინციპს არღვევს. მოსამართლის აცილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თამარ ხაჭაპურიძემ 22 მაისის სასამართლო სხდომა დაასახელა, სადაც მოსამართლემ მას პროკურორის გაკრიტიკების უფლება არ მისცა.

„მე ვარ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი,“ – მიუგო ბრალდებულებს მოსამართლემ. პროკურორის კრიტიკის დროს ბრალდებულის გაჩუმება ხვიჩა კიკილაშვილმა „წესრიგის დაცვით“ ახსნა. მან ასევე თქვა, რომ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა კანონის მიხედვით მხარემ დაუყონებლივ უნდა დააყენოს, ანუ ეს დაცვის მხარეს 22 მაისის სხდომაზე უნდა მოეთხოვა.

დაცვის მხარეს აღარ შეუხსენებია მოსამართლისთვის ის, რომ 2018 წლის 22 თებერვალს მისი უვადოდ გამწესება გიორგი მიქაუტაძეზეც იყო დამოკიდებული. იუსტიციის საბჭოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილთან გასაუბრება ისე შედგა, რომ აცილების საკითხი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაუსვამს და არც ხვიჩა კიკილაშვილს. საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი გიორგი მიქაუტაძემ გადაცემა „არჩევანში“ მას შემდეგ თქვა, როცა მას „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე შეახსენეს, რომ  სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.


ამ საქმესთან დაკავშირებული მნიშვცნელოვანი დეტალები: 

გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმის პარალელურად გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც მიმდინარეობს, თუმცა, აქამდე არ დაუკითხიათ ამ საქმის მთავარი პირი – თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის  არასრულწლოვანი შვილი. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოზარდის ცემის საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არაფერია ცნობილი.

მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმიდან გაუჩინარდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 13 წლის ბიჭი ნამდვილად ნაცემია. ირკვევა, რომ ეს დასკვნა საქმიდან პროკურორმა ამოიღო შემდეგი მოტივით: ექსპერტიზა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე კი არა, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე ჩატარდა.

თუმცა, ახლახან, ერთ-ერთ სასამართლოს პროცესზე, მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს ექსპერტიზა სწორედ გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩაუტარდა.

სასამართლოს წინა სხდომაზე პროკურორ დავით ხარძეიშვილს მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა დაავალა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: