მთავარი,სიახლეები

დაშავდა 58 552 და დაიღუპა 3 856 ადამიანი – ბოლო შვიდი წლის ავარიების სტატისტიკა

01.06.2018 • 2316
დაშავდა 58 552 და დაიღუპა 3 856 ადამიანი – ბოლო შვიდი წლის ავარიების სტატისტიკა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2011-2017 წლებში საქართველოში დაფიქსირდა 40 797 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაშავდა 58 552 და დაიღუპა 3 856 ადამიანი. ბოლო წლებში საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რაოდენობა კი 8000-ს აღემატება. ამასთან, 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, ამის პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა ავტოავარიების რაოდენობაც.

„საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შსს-ს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდი შეისწავლა, რომლის ფარგლებშიც მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა. მათ შორის:

არსებობს ტერიტორიული დაფარვის პრობლემა – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობა ვრცელდება ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და მთავარ ავტომაგისტრალებზე, რაც საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 45%-ს შეადგენს. ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე, კერძოდ ზოგიერთ ქალაქში, დაბებსა და სოფლებში, ასევე ნაკლებად დატვირთულ გზებზე – პატრულირება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს [სამხარეო პოლიციის დეპარტამენტებს] ევალებათ.

2015-2017 წლებში სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიაზე ქვეყანაში მომხდარი ავარიების 10-12%, ხოლო გარდაცვალების – 26-28% მოდის. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია შედარებით ნაკლებად კონტროლირებად გარემოს წარმოადგენს შემდეგ მიზეზთა გამო:

[crosslist]

  • ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიაზე საერთოდ არ ხორციელდება ვიდეო/ფოტო მეთვალყურეობა;
  • უბნის ინსპექტორების ერთი კონკრეტული საპატრულო ეკიპაჟის სამოქმედო ტერიტორია ყოველთვის გაცილებით უფრო ვრცელია, ვიდრე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის.
  • უბნის ინსპექტორები ტექნიკურად უფრო ნაკლებად არიან აღჭურვილები, ვიდრე პატრულ-ინსპექტორები. მაგალითად, მათ არ გააჩნიათ სამხრე ვიდეოკამერები, ელექტრონული ქვითრის ამობეჭდვის საშუალება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელით წერენ) და ა.შ.
  • აუდიტის პერიოდში უბნის ინსპექტორები კვირაში 80 საათზე მეტს მუშაობდნენ (ყოველ მე-2 დღეს მორიგეობდნენ), რაც მკვეთრად ამცირებდა მათი საქმიანობის პროდუქტიულობას. ამჟამად მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მათ ჯერ კიდევ 72 საათი უწევთ მუშაობა.

[/crosslist]

აუდიტის ინფორმაციით, „საპატრულო პოლიციის ოფიცერის სამუშაო განრიგი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია, თუმცა, ძირითადად, გამოიყენება ევროკავშირის სტანდარტები, რაც გულისხმობს სავალდებულო დასვენებას, ხოლო კვირაში სამუშაო დრო, დაახლოებით, 40 საათის ფარგლებშია. მაგალითად, ესპანეთში პოლიციის ოფიცერი კვირაში მუშაობს 40 საათს და ისვენებს 2 დღე“.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ

[crosslist]

  • ქვეყანაში საკმარისად ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა, რადგან რადარების რაოდენობა მცირეა და ხშირად მათი გამოყენება ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება.
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ნაწილი, რომელიც ავლენს საგზაო წესების სხვადასხვა სახის დარღვევას (სიჩქარის გადაჭარბების გარდა), არ არის ტექნიკურად გამართული.
  • უკონტაქტო პატრულირების არსებული მოდელი და მასშტაბები ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, რადგან შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მოქმედების ზონები, სამუშაო დრო, არ გააჩნიათ სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რის გამოც ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების დაფიქსირება, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა.
  • ვიდეოჯარიმებზე ქულების კლების სისტემა არ ვრცელდება, რაც ამცირებს ვიდეოჯარიმების ეფექტიანობას. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით კი, ნებისმიერი ტიპის ჯარიმა აისახება მძღოლის ქულებზე და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

[/crosslist]

ზოგიერთი პრობლემა და სტატისტიკა აუდიტის ანგარიშიდან

აუდიტის დასკვნით, ავტოსაგზაო წესების დამრღვევთა 25-30% თავს არიდებს დაკისრებული ჯარიმების გადახდას. „სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2015-2017 წლებში, საშუალოდ, 1,2 მლნ. ჯარიმაა გამოწერილი ყოველწლიურად, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში საშუალოდ 58,5 მილიონ ლარს შეადგენს. ამავე პერიოდში პერმანენტულად მცირდება ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი, ხოლო გაუქმებული და ადრესატისთვის არჩაბარებული ჯარიმების რაოდენობა იზრდება. შედეგად, დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 80.5%-დან და 69.4%-მდე შემცირდა“.

შს სამინისტროში არსებული პროგრამა ხასიათდება ხარვეზით. კერძოდ, საერთოდ ვერ ხერხდება კერძო კომპანიების მიერ გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იძულებით აღსრულების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია არც ფოსტის საშუალებით იგზავნება. შედეგად, იმ კერძო კომპანიებზე, რომლებიც არ იხდიან ჯარიმებს, არც იძულებით აღსრულების ღონისძიებები ხორციელდება. ჯამში ასეთი კატეგორიის და გადაუხდელის სტატუსის მქონე ვიდეოჯარიმების ღირებულებამ 2016 წლისათვის თითქმის 450 ათასი ლარი შეადგინა.

გარკვეული პრობლემებია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით უკვე დაფიქსირებულ დარღვევებზე სანქციების დაკისრების თვალსაზრისით, კერძოდ:

– ოპერატორების მიერ ჯარიმის გამოწერა არ ხდება იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთა საიდენტიფიკაციო კოდი პროგრამაში არ არის დაფიქსირებული;

– აუდიტის პერიოდში არ ხორციელდებოდა ვიდეოჯარიმების გამოწერა და სანქციების შეფარდება სატრანზიტო და უცხო ქვეყნის სანომრენიშნებიან ავტომანქანებზე;

– ჯარიმების გამოწერა ვერ ხორციელდება აგრეთვე მცირე პროგრამული, ტექნიკური ხარვეზით დაფიქსირებული დარღვევების შემთხვევაშიც, რაც ამცირებს გამოვლენილ დარღვევაზე გატარებული რეაგირების მაჩვენებელს.

აუდიტი აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციისადმი ნდობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოქალაქეების მიერ სხვადასხვა ყოფით პრობლემებთან დაკავშირებული გამოძახებები. კერძოდ, მარტო თბილისში 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 1100 გამოძახება ფიქსირდება, საიდანაც მხოლოდ 250 ეხება საგზაო მოძრაობის საკითხებს. ანუ, თითო ეკიპაჟს დღეში საშუალოდ 8-9 გამოძახებაზე უწევს რეაგირება, საიდანაც მხოლოდ 2-3 ეხება საგზაო უსაფრთხოებას. ასეთ პირობებში კი საგზაო მოძრაობის დარღვევების ფაქტებზე სრულყოფილი რეაგირება რთულია.

ვიდეოდაჯარიმების ახალ სისტემაში არსებობს რამდენიმე პრობლემა, მათ შორის:

› შსს-ს მონაცემთა ბაზაში რეგისტირებულია 1 256 000 ავტომანქანა, საიდანაც 376 300, ანუ თითქმის 30%-ის მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული, რის გამოც მათთვის sms შეტყობინებების გაგზავნა ვერ ხერხდება;

› ავტომფლობელთა მნიშვნელოვანი ნაწილის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც დაფიქსირებულია ზემოხსენებულ ბაზაში, უკვე მრავალჯერ არის შეცვლილი, რაც გამორიცხავს მათ მიერ sms შეტყობინების მიღებას;

› შსს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.police.ge გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად მიიჩნევა, მაშინ როდესაც შესაძლოა მძღოლების ნაწილს ინტერნეტთან წვდომის პრობლემაც ჰქონდეს. სამინისტროს კი არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება დამრღვევთათვის ვიდეოჯარიმების ჩაბარების თვალსაზრისით, ამიტომ პრობლემური ვიდეოჯარიმების ჩაბარების მიზნით, ქმედითი ღონისძიებები არ ხორციელდება. მაგალითად, პატრულ-პოლიციელებს არ ევალებათ თუნდაც იმ მძღოლების ინფორმირება მათზე გამოწერილი და ჩაუბარებელი ვიდეოჯარიმების შესახებ, რომლებსაც ახალი დარღვევისათვის უწერენ ჯარიმას.

2016-2017 წლებში დაფიქსირებულია 13 018 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლებზეც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეები და რომლის შედეგადაც 1 098 ადამიანი გარდაიცვალა, 18 412 კი დაშავდა. აღნიშნული 13 018 ავტოსაგზაო შემთხვევიდან, 1 180 შემთხვევაში (როცა 1 232 ადამიანი დაშავდა და 22 გარდაიცვალა), კონკრეტული პირის ბრალეულობა ვერ დადგინდა.

აუდიტის დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზს ხშირად წარმოადგენენ ქვეითად მოსიარულეები, მათ კი თითქმის არ აჯარიმებენ: „ქვეყნის მასშტაბით 2017 წელს, დღეში საშუალოდ 16 ქვეითად მოსიარულე ჯარიმდებოდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მაშინ როდესაც აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დაკვირვებით, მხოლოდ 4 ლოკაციაზე 15-15- წუთიან მონაკვეთებში 115 დარღვევა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ 115-მა ქვეითად მოსიარულემ დაარღვია მოძრაობის წესები და რამდენიმე შემთხვევაში საავარიო სიტუაციაც შექმნა, არც ერთი მათგანი არ დაჯარიმებულა“.

აუდიტის ანგარიში შსს-ს მისამართით მთელ რიგ რეკომენდაციებსაც მოიცავს.

მთავარი ფოტო: ავარია ბათუმში. ჯაბა ანანიძის ფოტო, „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: